Jump to content
Planeta.Ge

სამწლიანი პაუზის შემდეგ, პარლამენტი „იარაღის შესახებ“ კანონს დაუბრუნდა, რომლის საფუძველზეც ცივი იარაღის ტარებასთან დაკავშირებული ნორმები და პასუხისმგებლობა მკაცრდება


სამწლიანი პაუზის შემდეგ, პარლამენტი “იარაღის შესახებ“ კანონსა და სხვა საკანონმდებლო აქტებში დაგეგმილი ცვლილებების პროექტს დაუბრუნდა, რომლის საფუძველზეც ცივი იარაღის ტარებასთან დაკავშირებით არსებული ნორმები და პასუხისმგებლობა მკაცრდება.

საკანონმდებლო პაკეტი, რომელიც შს სამინისტროს ინიციატივით პარლამენტში ჯერ კიდევ 2019 წლის მაისში დაინიცირდა, დღეს პლენარულ სხდომაზე პირველი მოსმენით განიხილეს.

კანონპროექტი პრინციპების დონეზე დეპუტატებს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე ალექსანდრე დარახველიძემ გააცნო.

კანონპროექტის თანახმად, ცივი იარაღით ვაჭრობა, იმპორტი ლიცენზირებადი საქმიანობა ხდება.

დღეის მდგომარეობით, ცივი იარაღის ტარება დასჯადია როგორც ადმინისტრაციული ისე სისხლის სამართლის წესით - თუ პირი ცივ იარაღს ატარებს, პირველ ჯერზე გათვალისწინებულია 200-ლარიანი ჯარიმა, განმეორების შემთხვევაში 1 000 ლარიანი ჯარიმა ან 15 დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა და მხოლოდ მესამე ჯერზე არის გათვალისწინებული სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა.

საკანონმდებლო რეგულაციის გამკაცრების შედეგად, ჯარიმა 200 ლარიდან 500 ლარამდე გაიზრდება და არ იქნება მითითებული განმეორებადობა. ასევე ნორმას დაემატება ცივი იარაღის კონფისკაცია.

“არსებული ვითარების გაანალიზების შედეგად აღმოჩნდა, რომ სხვა ქვეყნებთან შედარებით ბევრად უფრო ლიბერალურია ჩვენი კანონმდებლობა. ევროპის ქვეყნებში ამ მიმართულებით კიდევ უფრო მკაცრი სანქციები გამოიყენება. სამწუხაროდ, ცივი იარაღით დანაშაულის ჩადენის შემთხვევები ძალიან გაიზარდა. ბოლო სტატისტიკით მკვლელობების 54% ჩადენილია ცივი იარაღით და ამ ცვლილების მთავარი მიზანი სწორედ არის პრევენცია იმ დანაშაულების, რომელთაც ვხედავთ ჩვენს რეალობაში“, - განაცხადა ალექსანდრე დარახველიძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე.
იპნ

0 Comments


Recommended Comments

There are no comments to display.

×
×
  • შექმენი...