მერიას იმ მოზაიკის აღდგენა სურს, რომლის გაჭრაზეც თანხმობა თავისივე სამსახურმა გასცა
თბილისის მერის მოადგილის, ირაკლი ხმალაძის განცხადებით, მერია მოლაპარაკებებს აწარმოებს ბელიაშვილის ქუჩაზე მდებარე შენობის მესაკუთრესთან, რომლის მოზაიკის ფასადზეც 4 ფანჯარა მერიის არქიტექტურის სამსახურის თანხმობით გაჭრეს.
„მისი ვიზუალიდან და საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე, მერია აწარმოებს მოლაპარაკებას მესაკუთრესთან იმ მიზნით, რომ მოხდეს ფასადის აღდგენა. შეხვედრა დანიშნულია ხვალ, პირადად მე შევხვდები და ინფორმაციას დამატებით შეგატყობინებთ“, – განაცხადა ხმალაძემ ჟურნალისტებთან.
მერის მოადგილე აღნიშნავს, რომ მოზაიკის ფასადს მინიჭებული არ ჰქონია ისტორიული ძეგლის სტატუსი და სწორედ ამიტომ მასზე მკაცრი რეგლამენტი არ გავრცელებულა.
„არ აქვს მინიჭებული ისტორიული ძეგლის სტატუსი, შესაბამისად, მასზე არ არის გავრცელებული ისტორიული ძეგლისთვის დადგენილი რეგლამენტი და ვრცელდება სტანდარტული სანებართვო რეჟიმი. ფასადზე ღიობის გამოჭრა არის პირველი კლასის მშენებლობა, რომელსაც არ სჭირდება მშენებლობის ნებართვა, არის შეტყობინებით შეთანხმება არქიტექტურის სამსახურთან, რომელიც მოხდა 2018 წელს. იმ შემთხვევაში, თუ ამ ფასადს ექნებოდა ისტორიული ძეგლის სტატუსი, მასზე გავრცელდებოდა, ცხადია, უფრო მკაცრი რეგლამენტი და უფრო მეტი ინსტანციისა და ეტაპის გავლა მოუწევდა ნებართვის მისაღებად“, – განაცხადა ხმალაძემ.
ყოფილი „მიონის“ შენობის მოზაიკაზე ფრანგული აივნები გაჭრის შესახებ ინფორმაცია 14 ნოემბერს გაავრცელა ქართული მოზაიკის განვითარებისა და მხარდაჭერის ფონდ „რიბირაბოს“ თანადამფუძნებელმა, ნატალია ამირეჯიბმა.
ფასადზე ფანჯრების ღიობებისა და ფრანგული აივნების მოწყობის შესაძლებლობა თბილისის მერიის არქიტექტურის სამსახურმა დაადასტურა როგორც 2018 წელს, ასევე მცირე კორექტირებით 2021 წელს. შენობის მფლობელი ამჟამად შპს „მონა ლიზაა“.
არქიტექტურის სამსახურში შეტანილ განაცხადს დართული ჰქონდა მოზაიკის ფოტოები და კორექტირებული ფოტომონტაჟი. პროექტის მიხედვით, ფანჯრების კარკასი ალუმინის იქნება, აივანი – შუშის.
პუბლიკა
0 Comments
Recommended Comments
There are no comments to display.