რუსეთის მიერ კიევზე მიტანილი სარაკეტო დარტყმების შედეგად სულ მცირე ერთი ადამიანი დაიღუპა
რუსეთის მიერ კიევზე მიტანილი სარაკეტო დარტყმების შედეგად სულ მცირე ერთი ადამიანი დაიღუპა. ინფორმაციას ამის შესახებ უკრაინის დედაქალაქის მერი ვიტალი კლიჩკო ავრცელებს.
მისი თქმით, მაშველებმა დაღუპულის ცხედარი პეჩერსკის რაიონში მდებარე ერთ-ერთ სახლში იპოვეს, რომელსაც რუსული რაკეტა მოხვდა. ამჟამად გრძელდება სამაშველო ოპერაცია.
მანამდე, კლიჩკომ განაცხადა, რომ თავდასხმის შედეგად რაკეტა ორ საცხოვრებელ სახლს მოხვდა.
განახლებული ინფორმაციის მიხედვით, კიევის გარდა სარაკეტო დარტყმა განხორციელდა ჟიტომირის ოლქზე, ლვოვზე, როვნოზე, ვინიცის ოლქზე, ჩერკასკში, კრივოი როგზე, ოდესის ოლქზე, ვოლინის ოლქზე, ხმელნიცკის ოლქზე, ივანო-ფრანკოვსკზე, პოლტავის ოლქზე და ქალაქ ხარკოვზე, ასევე სუმის ოლქზე, ტერნოპოლზე, კრივოგრადის და ჩერნიგოვის ოლქებზე.
სარაკეტო დარტყმების ძირითადი სამიზნე ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის ობიექტები იყო.
თითქმის ყველა ოლქში ელექტროენერგიის მიწოდებაში შეფერხებებია. ქალაქ ლვოვის ნახევარს დენი არ მიეწოდა. ივანო-ფრანკოვსკში პრობლემებია წყალმომარაგებაშიც, ოდესა ნაწილობრივ ელექტროენერგიის გარეშეა დარჩენილი.
უკრაინის შეიარაღებულ ძალებში განაცხადეს, რომ რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 100 რაკეტა გაუშვა.
უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის მოადგილე კირილ ტიმოშენკო კი აცხადებს, რომ უკრაინაზე მიტანილი სარაკეტო იერიშის შედეგად ქვეყანაში ენერგომომარაგების კუთხით კრიტიკული სიტუაციაა შექმნილი.
„რუსმა ტერორისტებმა ისვე მიიტანეს დაგეგმილი დარტყმა ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურაზე. სიტუაცია კრიტიკულია. ყველაზე მეტი რაკეტა ჩამოვარდა ქვეყნის ცენტრალურ ნაწილში. დედაქალაქში სიტუაცია ძალიან მძიმეა, შემოვიღეთ სპეციალური გრაფიკი ავარიული გათიშვებისთვის, „უკრენერგო“ იძულებულია დაიწყოს, დენის საგანგებო გათიშვა, რათა ენერგოსისტემის დაბალანსება მოხდეს და თავიდან იყოს აცილებული აღჭურვილობის ავარიული გათიშვა“, – წერს ტიმოშნეკო ტელეგრამ არხზე.
უკრაინის ხელისუფლების ცნობით, სარაკეტო დარტყმის საფრთხე შენარჩუნებულია.
0 Comments
Recommended Comments
There are no comments to display.