Jump to content
Planeta.Ge

ევროკომისარი: ჩვენ არ ვარჩევთ, რომელია "კარგი" ოლიგარქი და რომელი - "ცუდი"


საქართველოში სამუშაო ვიზიტით მყოფი ევროკომისარი სამეზობლო და გაფართოების საკითხებში ოლივერ ვარჰეი ამბობს, რომ საქართველომ "დეოლიგარქიზაციის შესახებ" ისეთი კანონი უნდა მიიღოს, რომელიც ეფექტური იქნება ამ საკითხის გადასაჭრელად. ამის შესახებ ევროკომისარმა საქართველოს პრემიერ-მინისტრთან, ირაკლი ღარიბაშვილთან ერთად გამართულ ბრიფინგზე ისაუბრა.

"ევროკავშირი, ჩვენ, არ ვარჩევთ, რომელია "კარგი" ოლიგარქი და რომელი - "ცუდი". იდეა იმაშია, რომ ეს კრიტერიუმები მკაფიო იყოს, არავის ჰქონდეს არაჯანსაღი გავლენა პოლიტიკურ, სამართლებრივ, იურიდიულ გადაწყვეტილებებზე თავისი თავის სასიკეთოდ ან სხვების სასიკეთოდ, რომელიც, საბოლოოდ, მისი სასიკეთო იქნება. ჩვენი კრიტერიუმები ყოველთვის არის ზოგადი და არასდროს არ უკავშირდება რომელიმე ადამიანს.

როცა საუბარია დეოლიგარქიზაციის კანონზე, ჩვენ ვთხოვეთ ქვეყანას ისეთი საკანონმდებლო ჩარჩოს არსებობა, რომელიც ამ სისტემას დაარეგულირებს. სწორედ ამიტომ ვთავაზობთ მთავრობას, რომ ვენეციის კომისიაზე გაიტანოს შესაფასებლად ეს კანონპროექტი და ვნახოთ, რამდენად მიიყვანს ეს იურიდიული ინსტრუმენტი ქვეყანას იმ მიზნამდე, რომელიც გაწერილია პრიორიტეტებში", - თქვა ევროკომისარმა.

 

დეოლიგარქიზაცია ერთ-ერთია იმ 12 პუნქტიდან, რომლებიც საქართველომ ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მისაღებად უნდა შეასრულოს. საქართველოს პარლამენტმა უკვე მიიღო უკრაინაში დამტკიცებული კანონის ქართული ვერსია პირველი მოსმენით.

უმრავლესობის დეპუტატები ფიქრობენ, რომ კანონის მიღების შემდეგ, ოლიგარქების სიაში დავით კეზერაშვილი მოხვდება, რომელიც ქვეყნის ყოფილი თავდაცვის მინისტრია, ახლა კი ტელეკომპანია "ფორმულის" საკონტროლო პაკეტს ფლობს. ოპოზიციური პარტიების დიდი ნაწილი მიიჩნევს, რომ ქვეყანას მხოლოდ ერთი ოლიგარქი ჰყავს - ამ შემთხვევაში გულისხმობენ პარტია "ქართული ოცნების" დამფუძნებელს, ბიძინა ივანიშვილს.

რადიო თავისუფლება

 

0 Comments


Recommended Comments

There are no comments to display.

×
×
  • შექმენი...