ოლივერ ვარჰეი - ვფიქრობ, საქართველოსთან მიმართებით ევროკავშირს საკმაოდ მსხვილი პროექტები აქვს, მაგრამ ბევრად მეტი მოდის საქართველოსკენ
ელექტროენერგიის შავი ზღვის სადენი მწვანე ელექტროენერგიას მოიტანს საქართველოდან ევროპაში. იმედი მაქვს, ეს მყისიერად გამოიწვევს განახლებადი ენერგიის წყაროებში ინვესტიციებს საქართველოში და საქართველო გახდება წმინდა ენერგიის ექსპორტიორი, – ამის შესახებ გაფართოებისა და სამეზობლო პოლიტიკის საკითხებში ევროკომისარმა ოლივერ ვარჰეიმ საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
ოლივერ ვარჰეიმ უპასუხა ჟურნალისტის კითხვას, „რა საინვესტიციო გეგმები აქვს ევროკავშირს საქართველოსთან მიმართებით“.
ოლივერ ვარჰეიმ რამდენიმე მსხვილ პროექტზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ „ბევრად მეტი მოდის საქართველოსკენ ევროკავშირიდან“.
„უკვე ჩამოვთვალე ის საკვანძო პროექტები, რომლებიც მიგვაჩნია, რომ ჩვენთვის ფლაგმანურია. მათგან ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანი არის ელექტროენერგიის შავი ზღვის სადენი, რომელიც მწვანე ელექტროენერგიას მოიტანს საქართველოდან ევროპაში. იმედი მაქვს, რომ ეს მყისიერად გამოიწვევს განახლებადი ენერგიის წყაროებში ინვესტიციებს საქართველოში, ჰიდრო, მზის და სხვა მიმართულებით და საქართველო გახდება წმინდა ენერგიის ექსპორტიორი.
მეორე პროექტი არის შავი ზღვის ინტერნეტკაბელი, რომელიც ჩახსნის საქართველოს ბოლო დამოკიდებულებას რუსეთზე და თავისუფლება დამყარდება ამ სფეროშიც, ინტერნეტკავშირის ნაწილშიც ევროპასთან, უშუალოდ და პირდაპირ, რადგან ეს არა მხოლოდ კერძო კავშირებია, არამედ ეკონომიკას სჭირდება ასეთი პირდაპირი კავშირი და გადაზრდა შემდგომ ეტაპზე. ასევე, არსებობს დაკავშირებადობა როგორც სატრანსპორტო მიმართულებით შავი ზღვის გავლით, ჩვენ საუბარი გვაქვს პორტების განვითარებაზე. როგორც ვახსენე, ასევე საზღვაო ტრანსპორტირების არსებულ მარშრუტებს აღვადგენთ და ეს ძალიან მნიშვნელოვანია, ამას ექნება აბსოლუტურად ახალი განზომილების მოცემის შესაძლებლობა. ვფიქრობ, საკმაოდ მსხვილი პროექტებია, მაგრამ ბევრად მეტი მოდის საქართველოსკენ ევროკავშირიდან, კარგად ვაკვირდები სტრატეგიას და შემდგომ ეტაპზეც გაგაცნობთ“, – განაცხადა ოლივერ ვარჰეიმ.
0 Comments
Recommended Comments
There are no comments to display.