ოკუპანტებთან ბრძოლაში უკრაინის მოქალაქე ეთნიკურად ქართველი ძმები დაიღუპნენ
უკრაინაში რუსი ოკუპანტების წინააღმდეგ ბრძოლისას წარმოშობით ქართველი, უკრაინის მოქალაქე ძმები, თემურ და ერნესტ მაჭარაშვილები დაიღუპნენ.
დაღუპული ძმების შესახებ ცნობა ქართულ მედიაში პირველად ამერიკის ხმამ, ომში დაღუპული ჯარისკაცების შესახებ შექმნილი უკრაინული პორტალის ინფორმაციაზე დაყრდნობით გაავრცელა.
ერნესტი 13 ოქტომბერს ხერსონის ოლქში დაიღუპა, მისი ძმა კი ზაპოროჟიის ოლქში, აპრილის თვეში.
მაჭარაშვილები წარმოშობით საჩხერის რაიონის სოფელ კორბოულიდან იყვნენ, სადაც დაიბადა მათი მამა ბონდო მაჭარაშვილი.
საბჭოთა პერიოდში, უკრაინაში სამხედრო სამსახურის გავლის დროს, 1977 წელს, ბონდო მაჭარაშვილმა უკრაინელზე იქორწინა და 12 შვილი შეეძინათ, ექვსი გოგონა და ექვსი ვაჟი.
ოჯახი ლუგანსკის ოლქის ქალაქ როვენკიში ცხოვრობდა, თუმცა 2014 დაწყებული ომისას, ისინი იძულებულნი გახდნენ საცხოვრებლად სხვადასხვა ქალაქში გადასულიყვნენ.
2022 წელს, მაშინ როდესაც ომი დაიწყო, ძმები საზღვარგარეთ იმყოფებოდნენ, თუმცა უკრაინაში დაბრუნდნენ.
ისინი უკრაინის შეიარაღებული ძალების სპეციალურ დანიშნულებათა რაზმში ირიცხებოდნენ და ფრონტის წინა ხაზზე იბრძოდნენ.
„როცა რივენკი გათავისუფლდება, ჩვენ იქ უკრაინულ ტანკებზე ამხედრებულნი „დიდება უკრაინას“ შეძახილებით შევალთ… ჩამოვაგდებთ ლენინის ძეგლს მთავარ მოედანზე და სიმბოლურად გავათრევთ მთელ ქუჩაზე, რომელსაც იგივე სამარცხვინო სახელი ჰქვია.
მის ადგილას კი ამ ომში ჩვენს დაცემულ გმირებს ავუგებთ ძეგლს. ლენინის ქუჩას ან გაგარინის კვარტალს ძმები მაჭარაშვილების სახელს დავარქმევთ“, – წერს დაღუპული ძმების და ილონა მაგაი-მაჭარაშვილი უკრაინულ პორტალზე.
უკრაინაში, გარდა საქართველოს მოქალაქეებისა, უკრაინის ეთნიკურად ქართველი მოქალაქეებიც იბრძვიან.
2022 წელს უკრაინაში საქართველოს 24 მოქალაქე დაიღუპა, ხოლო წარმოშობით ქართველი, თუმცა უკრაინის მოქალაქე დაღუპული მებრძოლების ზუსტი რიცხვი უცნობია.
ნეტგაზეთი
0 Comments
Recommended Comments
There are no comments to display.