Jump to content
Planeta.Ge

თურქულ სახელმწიფოთა ორგანიზაციამ საქართველოზე გამავალი ტრანსკასპიური სატრასპორტო მარშრუტი პრიორიტეტად გამოაცხადა


ყაზახეთი სატრანსპორტო მარშრუტების დივერსიფიკაციისა და ლოგისტიკის განვითარებისთვის 2025 წლისთვის 20 მლრდ დოლარის ინვესტიციის მიზიდვას გეგმავს. ამის შესახებ ყაზახეთის პრეზიდენტ კასიმ-ჯომარტ ტოკაევმა სამარყანდში, თურქულ სახელმწიფოთა ორგანიზაციის სამიტზე განაცხადა, რასაც „ინტერფაქს-აზერბაიჯანი“ ავრცელებს.

ტოკაევს „თვალსაჩინო მაგალითისთვის“ ტრანსკასპიური საერთაშორისო სატრანსპორტო მარშრუტი (TITR) მოჰყავს და თურქულ სახელმწიფოებს მოუწოდებს, ტრანსპორტისა და ლოგისტიკის სექტორები პრიორიტეტულად განავითარონ.

„პრიორიტეტად მიგვაჩნია სატრანსპორტო და ლოგისტიკური ინდუსტრიის განვითარება, რისი თვალსაჩინო მაგალითიც ტრანსკასპიური საერთაშორისო სატრანსპორტო მარშრუტია,“ - აცხადებს პრეზიდენტი.

 

მისი თქმით, ბოლო 15 წლის განმავლობაში ყაზახეთმა ინდუსტრიის განვითარებისთვის 35 მლრდ დოლარი გამოყო.

ტოკაევის წინადადებას უზბეკეთის პრეზიდენტმა, შავქათ მირზიოევმაც დაუჭირა მხარი და განაცხადა, რომ სატრანსპორტო სექტორში თურქულ სახელმწიფოთა ორგანიზაციის წევრი ქვეყნების ურთიერთობა უფრო მეტად უნდა გაძლიერდეს. მირზოევის თქმით, უზბეკეთი თავისი საგარეო სავაჭრო ტვირთების 10%-ის ტრანსპორტირებას სწორედ ტრანსკასპიური საერთაშორისო სატრანსპორტო მარშრუტით ეწევა. მან ორგანიზაციის წევრ ქვეყნებს მოუწოდა, შეუერთდნენ ტრანსპორტის სფეროში ნებართვების ელექტრონული გაცვლის სისტემას, რომელიც ახლახან თურქეთსა და უზბეკეთს შორის დაინერგა.

თურქულ სახელმწიფოთა ორგანიზაცია 2009 წლის ოქტომბერში, აზერბაიჯანს, ყაზახეთს, ყირგიზეთსა და თურქეთს შორის გაფორმებული შეთანხმების საფუძველზე შეიქმნა. 2021 წლის ნოემბრამდე ორგანიზაციას „თურქულენოვანი სახელმწიფოების თანამშრომლობის საბჭო“ („თურქული საბჭო“) ეწოდებოდა. 2018 წელს ორგანიზაციაში უზბეკეთი გაწევრიანდა, ხოლო უნგრეთსა და თურქმენეთს დამკვირვებლის სტატუსი აქვთ მინიჭებული.

მოამზადა ლადო სულაბერიძემ

0 Comments


Recommended Comments

There are no comments to display.

×
×
  • შექმენი...