Jump to content
Planeta.Ge

„სიბიესი“ - ნევადას შტატიდან სენატში დემოკრატების კანდიდატი შევა, ამ გამარჯვებით პარტია 50 ხმას აგროვებს


„სიბიესის“ პროგნოზის მიხედვით, ნევადას შტატიდან სენატში დემოკრატიული პარტიის კანდიდატი შევა. წინასწარი მონაცემებით, კეტრინ კორტეს მასტო რესპუბლიკელ ადამ ლაქსალტს მცირე სხვაობით ამარცხებს.

როგორც ტელეკომპანია წერს, ამ გამარჯვებით დემოკრატები სენატში 50 ხმას აგროვებენ და ფაქტობრივად ინარჩუნებენ უმრავლესობას, რადგან კიდევ ერთი გადამწყვეტი ხმა აქვს ვიცე-პრეზიდენტ კამალა ჰარისს, რომელიც კონსტიტუციით სენატის თავმჯდომარის ადგილს იკავებს.

„ბიბისის“ ცნობით, დემოკრატიული პარტიის კანდიდატმა კეტრინ კორტეს მასტომ ნევადას შტატის 17 ოლქიდან 16-ში წააგო, თუმცა გაიმარჯვა კლარკის ოლქში, სადაც ნევადას შტატის მოსახლეობის 70%-ი ცხოვრობს. მასტომი აბორტების ლეგალიზაციის და იარაღის კონტროლის მომხრეა. მან მხარი დაუჭირა დონალდ ტრამპის იმპიჩმენტს, 2021 წელს კაპიტოლიუმის შტურმის საქმესთან დაკავშირებით.

„ბიბისის“ ცნობით, აშშ-ის მოქმედმა პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა დემოკრატების მიერ სენატში უმრავლესობის შენარჩუნებას მნიშვნელოვანი მიღწევა უწოდა. ყოფილმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა კი დემოკრატები ნევადისა და არიზონას შტატში არჩევნების შედეგების გაყალბებაში დაადანაშაულა.

დღევანდელი მონაცემებით, სენატში 50 ადგილი დემოკრატებს და 49 რესპუბლიკელებს ექნებათ. ერთადერთი შტატი არის ჯორჯია, სადაც ჯერ შუალედური არჩევნების შედეგი უცნობია. ამ შტატში მეორე ტური 6 დეკემბერს გაიმართება. თუმცა იმ შემთხვევაშიც კი, თუ ჯორჯიაში რესპუბლიკელმა კანდიდატმა გაიმარჯვა, სენატში ორ პარტიას 50-50 ხმა, ხოლო გადამწყვეტი ხმა დემოკრატების ვიცე-პრეზიდენტ კამალა ჰარისს ექნება.

რაც შეეხება, კონგრესის ქვედა პალატას, „სიბიესის“ წინასწარი პროგნოზით, რესპუბლიკელები 214 ადგილს დაიკავებენ, ხოლო დემოკრატები 210-ს. ბევრ შტატში რესპუბლიკელი კანდიდატები ლიდერობენ, რაც ნიშნავს, რომ ისინი დიდი ალბათობით წარმომადგენელთა პალატაში უმრავლესობის მოსაპოვებლად საჭირო 218 ადგილის მიიღებენ.

1ტვ

0 Comments


Recommended Comments

There are no comments to display.

×
×
  • შექმენი...