ხერსონის საოლქო საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე იური სობოლევსკი - მზად ვართ აღვადგინოთ რუსი ოკუპანტების მიერ გაძარცული და დანგრეული დეოკუპირებული ხერსონის ოლქი
თუ რა ვითარებაა დღეისათვის ქალაქ ხერსონსა და ხერსონის ოლქის დეოკუპირებულ დასახლებულ პუნქტებში, „ინტერპრესნიუსი“ ხერსონის საოლქო საბჭოს თავმჯდომარის მოადგილეს, იური სობოლევსკის ესაუბრა.
- ბატონო იური, გილოცავთ ქალაქ ხერსონისა და ხერსონის ოლქის დეოკუპაციას. მიუხედავად იმისა, რომ თქვენთან საუბარს არ ვაპირებთ ხერსონის ოლქში სამხედრო მდგომარეობაზე და სამხედრო თვალსაზრისით სამხედრო გეგმებზე, თქვენთან დაკავშირება მაინც გადავწყვიტეთ.
კი ვნახეთ როგორ ზეიმობთ ხერსონისა და ხერსონის ოლქის გათავისუფლებას, მაგრამ მაინც გვინდა გკითხოთ, რა ხდება ახლა ქალაქ ხერსონსა და ხერსონის ოლქის დეოკუპირებულ დასახლებულ პუნქტებში?
- ქალაქ ხერსონისა და ხერსონის ოლქის დეოკუპაცია უკრაინის შეიარაღებული ძალების გეგმით განხორციელდა. ვინარჩუნებთ საინფორმაციო სიჩუმეს ისეთ თემებზე, რომელიც ეხება ხერსონის ოლქში უკრაინის შეიარაღებული ჯარების გადაადგილებას, ასევე რუსული არმიის მოქმედებებს.
მაგრამ, შემიძლია გითხრათ, რომ რუსულმა ოკუპაციამ ქალაქ ხერსონსა და ოლქის დასახლებულ პუნქტებში უმწვავესი ჰუმანიტარული პრობლემები შექმნა. შეიძლება ითქვას, რომ რუსული ოკუპაციის გამო ხერსონის ოლქში ჰუმანიტარული კატასტროფაა.
გათავისუფლებულ ხერსონში და დასახლებულ პუნქტებში ყველა ძალიან ელოდება დახმარებას. ვიცით რომ დიდი პრობლემებია მედიკამენტების არქონის გამო და იმის გამო, რომ ჭირს ხალხს გაეწიოს სამედიცინო დახმარება. ასეთი ვითარებაა იმის გამო, რუსულმა საოკუპაციო რეჟიმმა სამედიცინო დაწესებულებების ნაწილი დახურა, ნაწილი პირწმინდად გაძარცვა. მათ გაძარცვეს მუზეუმები და საწარმოები, რომლებიც ომამდე წარმატებით მუშაობდნენ.
რუსულმა ოკუპაციამ ქალაქ ხერსონსა და ოლქის დასახლებულ პუნქტებში უმწვავესი ჰუმანიტარული პრობლემები შექმნა. შეიძლება ითქვას, რომ რუსული ოკუპაციის გამო ხერსონის ოლქში ჰუმანიტარული კატასტროფის ვითარებაა
რუსმა ოკუპანტებმა პრაქტიკულად გაანადგურეს ოლქის მთელი კრიტიკული ინფრასტრუქტურა. ეს კი იმას ნიშნავს, რომ გათავისუფლებულ დასახლებულ პუნქტებსა და რაიონულ ცენტრებში უკრაინის ხელისუფლება ძალიან ბევრი სამუშაო აქვს.
ახლა მთავარი ისაა, რომ უკრაინის ხერსონის ოლქის მთავარი ქალაქი და ოლქის დასახლებული პუნქტები ოკუპანტებისგან გათავისუფლებულია და ჩვენ გვექნება ამ ტერიტორიებზე ყველაფრის აღდგენის საშუალება.
- ვიცით, რომ საომარი მოქმედებების გამო, ხერსონის ოლქის ტერიტორია ბევრმა დატოვა, ბევრი დარჩა ოკუპირებულ ტერიტორიებზე. ვრცელდება ინფორმაცია, რომ ბოლო დღეებში ვინც დატოვა თქვენი ოლქის ტერიტორია, მათი უმრავლესობა რუსულ ოკუპაციის წინააღმდეგი სულაც არ იყო...
- რაც შეეხება იმას, თუ ვინ დატოვა უკრაინის ტერიტორია. იმას, რასაც რუსები ხერსონის ოლქიდან ევაკუაციას ეძახიან, პრაქტიკულად უკრაინის მოქალაქეების დეპორტაციაა. უკრაინის მოქალაქეების რუსეთში დეპორტაცია უმძიმესი ფსიქოლოგიური ზეწოლის ქვეშ ხორციელდებოდა. რუსული პროპაგანდა ავრცელებდა ინფორმაციას, რომ უკრაინის შეიარაღებული ძალები დახოცავდნენ ყველას, ვინც ომის შემდეგ არ დატოვა ოკუპირებული დასახლებული პუნქტები და ქალაქები.
იმას, რასაც რუსები ხერსონის ოლქიდან ევაკუაციას ეძახიან, პრაქტიკულად უკრაინის მოქალაქეების დეპორტაციაა. ჩვენი მოქალაქეების დეპორტაცია უმძიმესი ფსიქოლოგიური ზეწოლის ქვეშ ხორციელდებოდა
ასევე ავრცელებდნენ ინფორმაციას რომ უკრაინული შეიარაღებული ძალები გეგმავდნენ ხერსონის დაბომბვას, კახოვკის კაშხლის აფეთქებას. მაქსიმალურად ცდილობდნენ მოსახლეობაში პანიკის ატმოსფეროს შექმნას. ვინც ეს პროპაგანდა დაიჯერა ჩათვალა, რომ მათი ფიზიკურად გადარჩენის ერთადერთი საშუალება იყო დაეტოვებინათ ქალაქი ხერსონი და ხერსონის ოლქის დასახლებული პუნქტები, რადგან კახოვკის კახშლის აფეთქების შემთხვევაში დასახლებული სოფლები დაიტბორებოდა და მათი გადარჩენის შანსი მინიმალური იქნებოდა.
ამის გამო ბევრმა დატოვა თავისი საცხოვრებელი, მაგრამ ჩვენი ინფორმაციით, იმათაც კი, ვინც ეს გააკეთა ხეროსნის ოლქი არ დაუტოვებია. დნეპრის მარჯვენა სანაპიროს ახლოს მდებარე დასახლებული პუნქტებიდან გადავიდნენ სკატოვსკისა და ბენიჩესკის რაიონებში, რომლებიც მდინარე დნეპრიდან მოშორებით მდებარეობენ.
- შეგიძლიათ დააზუსტოთ, ძალადობრივად ხერსონის ოლქიდან რუსეთში უკრაინის რამდენი მოქალაქე, მათ შორის ბავშვი იქნა დეპორტირებული?
- ახლა ამაზე საუბარი ძალიან ძნელია. გვაქვს მონაცემები, მაგრამ ეს მონაცემები ახლა ზუსტდება. ახლა შემიძლია გითხრათ, რომ ჩვენი სიები სრული ნამდვილად არაა. განსაცდელში მოხვედრილი ადამიანების ნაწილთან დაკავშირება იმის გამო ვერ ხერხდება, რომ მათ კავშირის საშუალებები არ აქვთ.
ბევრს ეშინია იმის აღიარება, რომ მათი ნათესავები ძალით იყვნენ დეპორტირებული. ეშინიათ, რომ იმის გამო, რომ მათი ნათესავები ახლა მტრის ტერიტორიაზე იმყოფებიან. ამიტომ ამ მონაცემების დაზუსტებულ რაოდენობაზე საუბარი ჯერ ადრეა.
- ინტერნეტსივრცეში ვრცელდება რგოლები თუ როგორ შეხვდა მოსახლეობა ქალაქ ხერსონში და სხვა დასახლებულ პუნქტებში უკრაინულ ჯარს განთავისუფლებულ დასახლებულ პუნქტებში. ემოციის გარეშე მათი ყურება შეუძლებელია...
- დიახ, ხერსონის ოლქის დეოკუპაციის გამო ხალხში ფანტასტიკური განწყობაა. იმ ხალხზეა საუბარი, ვინც ომის დაწყების შემდეგ უმძიმესი ცხოვრება ჰქონდათ. მათ ხომ რუსული ოკუპაციისა და მუდმივი ფილტრაციის პირობებში მოუწიათ თვეების განმავლობაში ცხოვრება.
უამრავი შემთხვევა იყო, როცა უბრალო ადამიანები ქუჩიდან მიჰყავდათ და აწამებდნენ. იმას, რასაც ოკუპირებულ ტერიტორიებზე რუსული საოკუპაციო არმია, ეფ-ეს-ბე და „როსგვარდია“ აკეთებდნენ სხვა არაფერია თუ არა დანაშაულის მასობრივად და ჯგუფურად ჩადენა. მალე მსოფლიო გაიგებს უკრაინის ოკუპირებულ ხერსონის ოლქში მათი უდანაშაულობების შესახებ.
ხერსონის ოლქის დეოკუპაციის გამო ხალხში ფანტასტიკური განწყობაა. იმ ხალხზეა საუბარი, ვინც ომის დაწყების შემდეგ უმძიმესი ცხოვრება ჰქონდათ. მათ ხომ რუსული ოკუპაციისა და მუდმივი ფილტრაციის პირობებში მოუწიათ თვეების განმავლობაში ცხოვრება
გასაკვირი სულაც არაა ის, რომ გათავისუფლებულ დასახლებულ პუნქტებში დარჩენილი ადამიანები სიხარულითა და თვალებზე ცრემლებით ხვდებიან უკრაინელ ჯარისკაცებს. ასეთი ვითარებაა ყველა დეოკუპირებულ დასახლებულ პუნქტებში.
- სწორად გავიგე, რუსების მიერ აქამდე ოკუპირებულ ტერიტორიებზე არ გამორიცხავთ უკრაინის მოქალაქეების წამებისა და მასობრივად დამარხული ადამიანების საფლავების ნახვას?
- სამწუხაროდ, სწორად გაიგეთ. ასეა, რადგან ასეთი ინფორმაციები ოკუპირებული ტერიტორიებიდან მოგვდიოდა. პროკურატურის წარმომადგენლებს მოუწევთ ამ მიმართულებით სერიოზული საგამოძიებო სამუშაოების ჩატარება.
ასეა, რადგან ვიცით, რომ ქალაქ ხერსონში საკმაოდ ბევრ ადგილებში მიმდინარეობდა მოქალაქეების წამება, რუსულ კამერებში ბევრია ნამყოფი.
- საკუთრივ ქალაქ ხერსონზე მინდა გკითხოთ. ომის პირველ დღეებში, როცა რუსებმა ხერსონი აიღეს, ვრცელდებოდა კადრები, რომელშიც ქალაქის მოსახლეობა აქტიურად გამოდიოდა ქუჩაში ოკუპაციის გასაპროტესტებლად.
გასაგებია, რომ ბევრ მათგანს მოუწევია ქალაქიდან გამოსვლა. თქვენი ინფორმაციით, ახლა ქალაქ ხერსონში, სავარაუდოდ ,უკრაინის რამდენი მოქალაქე იმყოფება?
- ჩემი ინფორმაციით, ხერსონში ჩვენი ძალების მიერ დეოკუპაციამდე დაახლოებით 60 ათასამდე ადამიანი იყო დარჩენილი. ხერსონის დეოკუპაციის შემდეგ ქალაქში საზეიმოდ გამოსული ხალხის რაოდენობით თუ ვიმსჯელებთ, მათი რაოდენობა დაახლოებით იმდენია, როგორც ვვარაუდობდით.
ომის დაწყებამდე ხერსონში 300 ათასზე მეტი ადამიანი ცხოვრობდა. ომის დაწყების შემდეგ, მას შემდეგ, რაც რუსებმა შეძლეს ქალაქის ოკუპაცია ხერსონიდან ადამიანები გამოდიოდნენ და ყველა მიმართულებით მიდიოდნენ. მათ შორის ყირიმშიც კი გადადიოდნენ და შემდეგ მიდიოდნენ ევროპაში. ვიცი, რომ ბევრი ხერსონელი ახლა საქართველოშია.
- უკრაინის თავდაცვის უწყების წარმომადგენელმა რამდენიმე დღის წინ განაცხადა, რომ მათი ინფორმაციით ხერსონში რუსი სპეცრაზმელები სამოქალაქო ტანსაცმელს იცვამენ და ქალაქში ბრძოლებისთვის ემზადებიან.
პრეზიდენტმა ზელენსკიმ ამ კატეგორიის ადამიანებს ნებაყოფლობით ჩაბარებისკენ მოუწოდა. რამდენად დიდია იმის ალბათობა, რომ ეს ინფორმაცია დადასტურდება?
- ამ თემაზე ვერანაირ კომენტარს ვერ გავაკეთებ, რადგან ეს სამოქალაქო ხელისუფლების კომპეტენცია არ გახლავთ.
მხოლოდ ის შემიძლია გითხრათ, რომ ამ საკითხებზე უკრაინის სხვადასხვა კომპეტენტურ ორგანოებს დაწყებული აქვთ მუშაობა და იმედია, მათ შედეგებიც მალე ექნებათ.
- ვრცელდება ინფორმაცია, რომ უკანდახევის რეჟიმში მყოფი რუსული ჯარი, ქალაქის ძარცვისა და კომუნიკაციების დაზიანებით იყო დაკავებული...
- დიახ, დღეისათვის ქალაქ ხერსონის უდიდესი ნაწილი დარჩენილია ელექტროენერგიისა და სასმელი წყლის გარეშე. კომუნიკაციებზე აღდგენითი სამუშაოების დაწყებაზე საუბარი ჯერ ნაადრევია, რადგან ამ სამუშაოების ჩამტარებლების უმრავლესობა გასულია ქალაქიდან. მაგრამ, ცხადია, რომ ეს სამუშაოები სასწრაფოდაა დასაწყები.
გარდა ამისა, ქალაქში ომამდე არსებული პრაქტიკულად ყველა საწარმო გაძარცულია. გატანილია ყველანაირი ტექნიკა, ახალი თანამედროვე სხვადასხვა საწარმოო ხაზები. ასეთივე მდგომარეობაა მთელ ოლქში. შეიძლება ითქვას, რომ რუსმა ოკუპანტებმა პრაქტიკულად მთელი ოლქი გაძარცვეს, თუ რამ ღირებული და ფასეული იყო გაიტანეს.
ქალაქ ხერსონის უდიდესი ნაწილი დარჩენილია ელექტროენერგიისა და სასმელი წყლის გარეშე... ქალაქში არსებულ პრაქტიკულად ყველა საწარმო გაძარცულია... შეიძლება ითქვას, რომ რუსმა ოკუპანტებმა პრაქტიკულად მთელი ოლქი გაძარცვეს, თუ რამ ღირებული და ფასეული იყო გაიტანეს
საინტერესო ისაა, რომ ოკუპანტებს ხერსონისა და მთელი ოლქის ძარცვა მას შემდეგ კი არ დაუწყიათ, რაც გამოცხადდა რომ ისინი დნეპრის მარჯვენა ნაპირს დატოვებდნენ. ისინი ძარცვით იყვნენ დაკავებული ოლქის ოკუპაციის პირველივე დღეებიდან.
- როგორც ვხდები, მას შემდეგ, რაც რუსმა ოკუპანტებმა ხერსონის ოლქი დატოვეს ქალაქ ხერსონის ოლქის ხელისუფლებას ბევრი საქმე აქვს ...
- დიახ, მაგრამ ახლა რაც ცხადად ჩანს, უპირველესი ამოცანაა ადამიანების უსაფრთხოების უზრუნველყოფაზე, სიცოცხლის უფლებასა და მათ ჯანმრთელობაზე ზრუნვა. უკვე გვაქვს ვითარების სტაბილიზაციის გეგმები, ვიცით რა უნდა ვაკეთოთ და სად რაა გასაკეთებელი.
ვინც დაბრუნდება, მათ დასჭირდება დახმარება. ვინც ქალაქ ხერსონსა და ოლქის დასახლებულ პუნქტებშია დარჩენილი, მათ დასჭირდება დროულად ჰუმანიტარული და სამედიცინო დახმარების აღმოჩენა. ხელისუფლება მზადაა მათ მიაწოდოს სამედიცინო მედიკამენტები, პროდუქტები და პირველადი აუცილებლობის საშუალებები.
ოპერატიულად გვექნება აღსადგენი კრიტიკული ინფრასტრუქტურა. მაქსიმალურად შევეცდებით ზამთარში ყველაფრის აღდგენას. თუ ყველაფრის აღდგენა ვერ შევძელით ყველაფერი გაკეთდება იმისთვის, რომ ქალაქ ხერსონსა და დასახლებულ პუნქტებში დაბრუნებულმა ხალხმა შეძლოს ზამთრის ღირსეულად გატარება.
მერე გაზაფხულიდან დავიწყებთ დანგრეულის აღდგენას. თუმცა, დანგრეულის აღდგენაზე ზრუნვას მაშინვე დავიწყებთ, როგორც კი ამის საშუალება მოგვეცემა.
- ბატონო იური, ვიცი რომ სულ ახლახან დეოკუპირებულ ხერსონის ოლქის სამოქალაქო ხელისუფლებას საქმე ბევრი გაქვთ და აღარ მოგაცდენთ.
მაგრამ, იმედს დავიტოვებ, რომ კავშირზე ვიქნებით და არ გაგიკვირდებათ თუ დროდადრო თბილისიდან ზარით შეგეხმიანებით...
- დიახ, საქმე მართლაც ბევრი გვაქვს, მაგრამ ახლა როცა ხერსონის ოლქი დეოკუპირებულია, მზად ვართ აღვადგინოთ რუსი ოკუპანტების მიერ გაძარცული და დანგრეული დეოკუპირებული ხერსონის ოლქი
მადლობა თქვენ დაკავშირებისთვის და საქართველოს იმისთვის, რომ ახლა როცა უკრაინა რუსულ აგრესიას ებრძვის, უკრაინის და ხერსონის ოლქის მოქალაქეებს, ქალებსა და ბავშვებსა აქვთ საშუალება საქართველოში იყვნენ.
„ინტერპრესნიუსი“
კობა ბენდელიანი
0 Comments
Recommended Comments
There are no comments to display.