ბერლინში ბრიტანეთის საელჩოს მცველმა აღიარა რუსეთის ჯაშუშობა
გასული წლის აგვისტოში რუსეთის სასარგებლოდ ჯაშუშობის ბრალდებით დაკავებულმა ბრიტანელმა დევიდ სმიტმა დანაშაული სრულად აღიარა. ეჭვმიტანილმა ლონდონის სისხლის სამართლის სასამართლოში თქვა, რომ 2020 წლიდან იგი რუს სამხედროებს გადასცემდა საიდუმლო ინფორმაციას ბერლინში ბრიტანეთის საელჩოს მუშაობის შესახებ, სადაც მუშაობდა დაცვის თანამშრომლად.
სმიტმა ასევე გააკეთა ფარული ვიდეოთვალთვალის კამერის ჩანაწერების ასლები, გადაიღო თავი ფარული კამერით, შეაგროვა საიდუმლო დოსიე ბრიტანელი აგენტების პირადი მონაცემებით და სახელმწიფო საიდუმლოებებთან დაკავშირებული სხვა ინფორმაციით.
სასამართლო სხდომა 4 ნოემბერს გაიმართა, მაგრამ როგორც BBC-ი განმარტავს, დღემდე პრესაში დეტალების გამოქვეყნება აკრძალული იყო.
სმიტის „დამკვეთები“ იყვნენ რუსეთის სამხედრო ატაშე გერმანიაში, პოლკოვნიკი ანდრეი სივოვი და მისი მემკვიდრე, გენერალ-მაიორი სერგეი ჩუხუროვი. ჯერჯერობით არ არის ცნობილი, თუ როგორ მოიპოვა მცველმა საიდუმლო ინფორმაციაზე წვდომა და მიიღო თუ არა ამისთვის რუსული მხარისგან ანაზღაურება. თუმცა, მისი ბინის ჩხრეკისას, 800 ევრო ნაღდი ფული იპოვეს, რომლის წარმომავლობაც მან ვერ ახსნა.
გარდა ამისა, სმიტის ბინაში იპოვნეს მრავალი სუვენირი რუსული სიმბოლოებით: რუსეთის დროშები, შავი ზღვის ფლოტის ქუდი, სასაზღვრო ჯარების ქუდი და წიგნები რუსულ ენაზე. Sky News-ის ცნობით, პირად საუბრებში სმიტმა აღიარა, რომ სძულს როგორც დიდი ბრიტანეთი, ასევე გერმანია. მას ლგბტ+ თემის მხარდაჭერის ნიშნად ქუჩებში ცისარტყელას დროშებიც აღიზიანებდა.
დევიდ სმიტმა რვავე ბრალდება აღიარა. სასამართლო სხდომები მომავალი წლის თებერვალში გაგრძელდება.
რადიო თავისუფლება
0 Comments
Recommended Comments
There are no comments to display.