Jump to content
Planeta.Ge

სალომე ზურაბიშვილი - მსურს, ვისაუბრო ქართველ ქალებზე, რომლებიც ცხოვრობენ ოკუპირებულ რეგიონებში, მათი თავდადება მომავალში ამ ტერიტორიების დაბრუნების იმედს გვაძლევს


ქალები დღეს, კონფლიქტების ძალიან რთულ სამყაროში აჩვენებენ, როგორ შეიძლება არსებობა და წინსვლა, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა „პარიზის მშვიდობის ფორუმზე“ განაცხადა. სალომე ზურაბიშვილის გამოსვლის თარგმანს საქართველოს პრეზიდენტის პრესსამსახური ავრცელებს.

საქართველოს პრეზიდენტმა მსოფლიოში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებში ქალთა როლზე საუბრისას სოლიდარობა გამოხატა ირანელი და უკრაინელი ქალების მიმართ.

„არ უნდა წამოვეგოთ პროვოკაციას და პოლარიზაციას, არ უნდა ვუპასუხოთ შეტევებს, რომლებიც ზოგჯერ ეხება ფუნქციასაც და იმასაც, რომ ხარ ქალი – მნიშვნელოვან პოზიციაზე. ფემინიზმი ნიშნავს, რომ გეკავოს თანამდებობა, როგორც ნებისმიერ სხვას, იმ ფაქტის გამოყენების გარეშე, რომ ქალი ხარ.

მიმაჩნია, რომ ქალები დღეს, ამ კონფლიქტების ძალიან რთულ სამყაროში, აჩვენებენ, როგორ შეიძლება არსებობა და წინსვლა.

თქვენ გამოხატეთ პატივისცემა და მეც ვუერთდები ირანელი ქალების მიმართ გამოხატულ პატივისცემას. ჩვენ ვიმყოფებით რეგიონში, სადაც ყველა გარკვეულწილად, ჩვენი მეზობელია. ირანელ ქალებთან ჩვენ გრძელი ისტორია გვაკავშირებს. ჩვენ სიახლოვეს ვგრძნობთ ამ ირანელ ქალებთან და მინდა, მონაწილეობა მივიღო ამ ჟესტში, ამ სოლიდარობის გამოხატვაში.

დღეს არ შეიძლება უკრაინელი ქალების დავიწყება. მათ აჩვენეს, რომ თავიანთი ადგილი აქვთ უკრაინულ წინააღმდეგობაში; ზოგ შემთხვევაში არიან ჯარისკაცები და წარმოადგენენ ფუნდამენტს, რომლის საშუალებითაც უკრაინამ შეძლო ამდენი ხნის განმავლობაში წინააღმდეგობის გაწევა. ქალები, რომლებიც თავდაპირველად წავიდნენ ქვეყნიდან, შემდეგ დაბრუნდნენ მათი მეუღლეების მხარდასაჭერად და ომთან დაკავშირებულ ორგანიზაციულ საკითხებში მონაწილეობის მისაღებად და გამარჯვება, რომელიც იკვეთება, ასევე მათი, და განსაკუთრებით, მათი გამარჯვებაა.

საქართველოსთან ახლომდებარე მოლდოვას ჰყავს ქალი პრეზიდენტი და პრემიერ-მინისტრი, რომლებიც არ იბრძვიან ფრონტზე, მაგრამ იბრძვიან განსაკუთრებით რთულ პირობებში, ენერგეტიკულ ბლოკადაში, რომლებიც მათ რუსეთმა შეუქმნა. ასევე, შიდა დესტაბილიზაციის მცდელობაა ოლიგარქების მხრიდან, რომლებიც რუსეთის კმაყოფაზე არიან, პრეზიდენტი და პრემიერ-მინისტრი იბრძვიან და წინააღმდეგობას უწევენ მათ. სხვა ქალმა, ურსულა ფონ დენ ლაიენმა მხარი დაუჭირა მათ და გამოუცხადა ევროკავშირის მხარდაჭერა და სოლიდარობა, (რასაც მე სრულიად ვემხრობი) – ფინანსური და ენერგეტიკული მხარდაჭერა, იმისათვის, რომ გადაიტანონ ეს ზამთარი. ეს კარგი ამბებია“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

საქართველოს პრეზიდენტმა ასევე ისაუბრა ოკუპირებულ რეგიონში მცხოვრებ ქართველ ქალებზე. ზურაბიშვილის თქმით, მათი თავდადება ოკუპირებული ტერიტორიების დაბრუნების იმედს იძლევა.

მისივე თქმით, დროა, რუსეთმა გაიგოს, რომ სხვისი ტერიტორიები მას არ ეკუთვნის და რუსმა დედებმა შეძლონ თავიანთი შვილების პოვნა.

„მე ასევე, მსურს, ვისაუბრო ქართველი ქალების შესახებ, რომლებიც ცხოვრობენ რუსეთის მიერ 2008 წლიდან ოკუპირებულ რეგიონებში. ისინი იქ ცხოვრობენ და მათი თავდადება გვაძლევს იმედს, რომ მომავალში დავიბრუნებთ ამ ტერიტორიებს.

მე ასევე, მსურს ვისაუბრო რუს ქალებზე, (ეს უფრო იშვიათია), რომლებიც არანაირად არ არიან ასოცირებული პოლიტიკურ გადაწყვეტილებებთან, ნახეთ, ყველა ის რუსული მასალა, რომლებსაც სხვადასხვა გზით ვღებულობთ რუსეთიდან – მხოლოდ მამაკაცებს ვხედავთ მკაცრი სახეებით.

მე ვფიქრობ ქალებზე, იმ ჯარისკაცების დედებზე, რომლებიც დღეს პრაქტიკულად ძალით არიან მობილიზებულნი, მათ არ იციან სად მიდიან და რატომ მიდიან სხვის ტერიტორიაზე საბრძოლველად, ისევე როგორც გუშინ იბრძოდნენ საქართველოს ტერიტორიაზე, რომელიც ასევე არ არის მათი. დროა, რუსეთმა გაიგოს, რომ სხვისი ტერიტორიები მას არ ეკუთვნის და რუსმა დედებმა შეძლონ თავიანთი შვილების პოვნა“, – განაცხადა ზურაბიშვილმა.

საქართველოს პრეზიდენტმა იმედი გამოთქვა, რომ უკრაინის წინააღმდეგ ომის შემდეგ, უკრაინის გამარჯვებები და წინსვლა რუსეთის მმართველობას მოლაპარაკებების მაგიდასთან დაჯდომას და ოკუპირებულ ტერიტორიებზე უარის თქმას აიძულებს. მისივე თქმით, ამ სახის მოლაპარაკებებისთვის აუცილებელია მოლაპარაკებების მაგიდასთან ქალების ყოფნა.

„მე მქონდა შესაძლებლობა, 15 წელზე მეტი ხნის წინ წარმატებული მოლაპარაკებები მეწარმოებინა რუსეთის ამჟამინდელ საგარეო საქმეთა მინისტრთან, საქართველოს ტერიტორიიდან რუსეთის ბაზების გაყვანის საკითხზე. ეს წარმატება ხანგრძლივი არ აღმოჩნდა, რადგან ცოტა ხნის შემდეგ, რუსეთი დაბრუნდა და მოახდინა (საქართველოს) ტერიტორიების ოკუპაცია. მაშინ ამ მოლაპარაკებების წარმატების საწინდარი უდავოდ იყო ის, რომ მე ქალი ვიყავი და მოლაპარაკებებისადმი განსხვავებული მიდგომა მქონდა.

იმედი მაქვს, რომ როდესაც მოლაპარაკებების დრო დადგება, უკრაინის წინააღმდეგ წარმოებული ამ ტრაგიკული ომის შემდეგ, როდესაც უკრაინის გამარჯვებები და წინსვლა აიძულებს რუსეთის მმართველობას მოლაპარაკებების მაგიდასთან დაჯდომას და ოკუპირებულ ტერიტორიებზე უარის თქმას, იმედი მაქვს, რომ ამ დროს დადგება მოლაპარაკებების დრო რუსეთის ირგვლივ ყველა იმ ქვეყნისთვის, რომლებსაც სჭირდებათ, რომ სამუდამოდ დაიხუროს XIX-XX საუკუნეების გვერდი და შევიდეთ XXI საუკუნეში სტაბილურად, სადაც ყველა ერთმანეთს პატივს სცემს: მამაკაცები პატივს სცემენ ქალებს, დიდი ერები პატივს სცემენ პატარა ერებს, სადაც ჩემი საზღვარი შენი საზღვარი უნდა იყოს, და ამ სახის მოლაპარაკებებისთვის აუცილებელია მოლაპარაკებების მაგიდასთან ქალების ყოფნა“, – განაცხადა ზურაბიშვილმა.

 


 

0 Comments


Recommended Comments

There are no comments to display.

×
×
  • შექმენი...