მუშევანში RMG-ისთვის ოქროს მოპოვებაზე ნებართვის მიცემა გააპროტესტეს
ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფელ მუშევანში მოსახლეობის ნაწილმა RMG Gold-ის მიერ ღია კარიერული წესით ოქროს მოპოვებაზე ნებართვის გაცემა გააპროტესტა. სოფლის სარიტუალო დარბაზში სხვადასხვა ასაკის ადგილობრივები შეიკრიბნენ. მათ ხელში ეჭირათ პლაკატები წარწერით: "დაიცავი სოფელი მუშევანი", "დაიცავით კანონი, დაიცავით ხალხი".
აქციის მონაწილეების წუხან, რომ ღია კარიერული წესით ოქროს მოპოვების სამუშაოები, სავარაუდოდ, მნიშვნელოვან ზეგავლენას მოახდენს როგორც მათ სოფელზე, სახლებზე, ასევე ნეგატიურად იმოქმედებს მათ ჯანმრთელობაზე.
"მოსახლეობა კიდევ ერთხელ აპროტესტებს იმ გადაწყვეტილებას, რომელიც მიიღო გარემოს ეროვნულმა სააგენტომ... 4 თვის განმავლობაში, როცა ადვოკატირების პროცესი მიმდინარეობდა, სხვადასხვა მიმართვები იყო გარემოს ეროვნული სააგენტოს, პრეზიდენტის, პარლამენტის მიმართ. არცერთი არაა გათვალისწინებული, ანუ სოფლის ხმა არ ისმის. გადაწყვეტილება მიღებულია სოფლის გარეშე, რაც არღვევს ყველა სტანდარტს", - უთხრა "რადიო მარნეულს" ორგანიზაცია "სალმის" დამფუძნებელმა რადიმ ისმაილმა.
აქციაზე შეკრებილებს სიტყვით მიმართეს "სოციალური სამართლიანობის ცენტრის" წარმომადგენლებმა თათული ჭუბაბრიამ და ქამრან მამადლიმ.
"მე ვიცი, რომ თქვენ ყველაზე მართლები ხართ ამ პროცესში. რამდენიმე წელია, ვაკვირდებით, როგორ დაიგეგმება ქვეყანაში მსგავსი ტიპის განვითარების პროექტები, სადაც მოსახლეობას ჰპირდებიან, რომ იხეირებენ, რეალურად კი იღებენ პროტესტს. როდესაც აშენებდნენ ჰიდროელექტროსადგურებს, ჰესებს, გაჰყავდათ გზები. ჩვენ ვიცით, რომ ასეთივე დიდი პროტესტი შეხვდა ამ პროექტებს სვანეთში, იმერეთში, კახეთში. ყველა ამ შემთხვევაში ვიცოდით, სად ირღვეოდა კანონი და გვესმოდა, რა ეტაპზე იყო მნიშვნელოვანი მოსახლეობის ინფორმირება. მთავარი იყო ის, რომ მოსახლეობას არცერთ ამ პროექტში სწორ ეტაპზე არ დაუსვეს შეკითხვები, უნდათ თუ არა მათ ასეთი ტიპის განვითარება", - თქვა აქციაზე თათული ჭუბაბრიამ.
გარემოს ეროვნულმა სააგენტომ კომპანია RMG Gold-ს პირველ ნოემბერს მისცა ოქროსა და სპილენძის მოპოვების ნებართვა.
"სოციალური სამართლიანობის ცენტრის" განცხადებით, ნებართვა RMG-ზე კანონის დარღვევით გაიცა, რასაც ორგანიზაცია სასამართლოში გაასაჩივრებს. ორგანიზაცია აღნიშნავს, რომ პროცესში სათანადოდ არ მონაწილეობდა ადგილობრივი ეთნიკური უმცირესობა, სააგენტომ კი არ განიხილა და უგულებელყო "სოციალური სამართლიანობის ცენტრისა" და გარემოსდაცვითი ექსპერტის მიერ წარდგენილი შენიშვნები.
"სოფელ მუშევანში უკვე გამოჩნდა სამუშაო ტექნიკა და როგორც გზშ დოკუმენტაციიდან ირკვევა, წიაღისეულის მოპოვება სოფელ მუშევანიდან 808 მეტრში ღია კარიერული წესით მოხდება, რაც მოითხოვს კვირაში 1-2 აფეთქებას, ხოლო მოპოვებული მადნის ტრანსპორტირება დაგეგმილია ყოველდღიურად 24-საათიანი რეჟიმით.
გარდა ამისა, სოფელთან ახლოს იგეგმება მასშტაბური დამხმარე ინფრასტრუქტურის აგება. კერძოდ, დაგეგმილია საწარმოო მოედნის, მომსახურე პერსონალის ოფისის, ტექნიკის ავტოსადგომის, მისასვლელი გზების და სხვა ინფრასტრუქტურის მოწყობა. გარდა ამისა, კარიერის მიმდებარედ განთავსდება 25,7 ჰექტარი ფართობის ფუჭი ქანების სანაყარო, - აცხადებს "სოციალური სამართლიანობის ცენტრი".
მათივე ცნობით, მოცემულ ეტაპზე კომპანიის საქმიანობა გულისხმობს ღია კარიერული წესით ოქროს და სპილენძის მოპოვებას მომდევნო 6 წლის განმავლობაში, თუმცა მას აქვს შესაძლებლობა, მოითხოვოს როგორც ამ ვადის, ისე მოპოვების არეალის გაზრდა.
მოპოვების სამუშაოების შესაძლო დაწყების გასაპროტესტებლად, მუშევანში საპროტესტო აქცია გაიმართა 13 სექტემბერსაც. მაშინ შეკრებაზე გავიდნენ ის ადამიანებიც, რომლებიც "RMG გოლდის" საქმიანობას ემხრობიან.
"სოციალური სამართლიანობის ცენტრის" წარმომადგენლის, ქამრან მამადლის თქმით, ისინი, ვინც "RMG-ის" სამუშაოებს არ აპროტესტებენ, პრობლემებსაც იაზრებენ, თუმცა კომპანია მხარდაჭერის სანაცვლოდ, არაოფიციალურად, ხალხს სოფელში წყლის შეყვანას შეჰპირდა.
ცენტრის ინფორმაციით, სოფელს, სადაც მოსახლეობის 99.9% ეთნიკური აზერბაიჯანელია, დღემდე არ აქვს ისეთი საბაზისო ინფრასტრუქტურა, როგორიცაა სასმელი წყალი, ბუნებრივი აირი, სოფლის შიდა გზები, სარწყავი სისტემა.
სექტემბერში მოსახლეობის პროტესტს კომპანია "RMG" გამოეხმაურა. მისი განმარტებით, სოფლის მცხოვრებთა უმრავლესობა სწორედ კომპანიის სამუშაოებს უჭერს მხარს და ადგილობრივებთან გაფორმებულია სოფლის განვითარების მემორანდუმი:
"კომპანიამ უკვე გადადგა არაერთი ქმედითი ნაბიჯი, კერძოდ, ადგილობრივ მოსახლეობასთან გააფორმა სოფლის განვითარების მემორანდუმი, განახორციელა არაერთი მნიშვნელოვანი პროექტი, რომლის პოზიტიურ შედეგებსაც უკვე გრძნობს მუშევანის მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობა. კერძოდ, მიმდინარეობს სოფლის წყლით მომარაგების სამუშაოები, სხვადასხვა სოციალური და ინფრასტრუქტურული პროექტები".
კომპანიაში აცხადებენ, რომ მუშევანის პროექტი მდებარეობს სოფლიდან მოშორებით და გამორიცხულია სოფელზე რაიმე ფორმის ზემოქმედება ეკოლოგიური თვალსაზრისით: "ეს დასტურდება წინასწარ ჩატარებული კვლევებით და ცნობილია მოსახლეობის უმრავლესობისთვის".
რადიო თავისუფლება
0 Comments
Recommended Comments
There are no comments to display.