Jump to content
Planeta.Ge

მიხეილ დაუშვილი - ფასადური, „რეფორმების“ გატარებით, "ქართული ოცნება" საფრთხეს უქმნის ქვეყნის მომავალს, პასუხისმგებლობა კანდიდატის სტატუსის ვერმიღებაზე "ოცნების" კისერზე იქნება


ფასადური, ე.წ. რეფორმების გატარებით, "ქართული ოცნება" საფრთხეს უქმნის ქვეყნის მომავალს, პასუხისმგებლობა კანდიდატის სტატუსის ვერმიღებაზე სრულად "ოცნების" კისერზე იქნება,- ამის შესახებ პარტია „საქართველოსთვის“ წევრმა, დეპუტატმა მიხეილ დაუშვილმა განაცხადა.

დეპუტატი დეოლიგარქიზაციის შესახებ „ქართული ოცნების“ კანონპროექტს გამოეხმაურა, რომელიც დღეს იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა მეორე მოსმენით უნდა განიხილოს და აღნიშნა, რომ ევროკავშირმა არაერთხელ გვითხრა, თუ რას ნიშნავს დეოლიგარქიზაცია, შესაბამისად, "ქართული ოცნება" ვერავის მოატყუებს.

"კანდიდატის სტატუსის მისაღებად ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი პირობა არის დეოლიგარქიზაციის ვალდებულების შესრულება. რას ნიშნავს დეოლიგარქიზაცია ამაზე არაერთხელ გვითხრა ევროკავშირმა, ჯერ რეზოლუციით, შემდეგ ევროკომისიის გადაწყვეტილებით და ახლა იმ ანგარიშით, რომელიც რამდენიმე კვირაში ევროპარლამენტის მიერ განხიხილება. შესაბამისად, თუ "ოცნებას" ვინმეს მოტყუება სურს, ვერავის მოატყუებს, ჩვენი მიზანი უნდა იყოს დეოლიგარქიზაციის ვალდებულების სრულად შესულება. მარტო კანონზე არ არის საუბარი, ცალკე კანონი ამას ვერ უზრუნველყოფს, რეალურად დეოლიგარქიზაცია მიიღწევა მხოლოდ სისტემური რეფორმებით მართლმსაჯულების, საგამოძიებო, საარჩევნო სისტემაში, კორუფიციის წინააღმდეგ ბრძოლაში. ამიტომ უნდა გვესმოდეს რისკი, რასაც ქმნის ფასადური და ზოგიერთ შემთხვევაში, ფასადურიც კი რომ არ არის ისეთი ე.წ. რეფორმების გატარებით, „ქართული ოცნება“ საფრთხეს უქმნის ქვეყნის მომავალს, პასუხისმგებლობა კანდიდატის სტატუსის ვერმიღებაზე სრულად "ოცნების" კისერზე იქნება", - განაცხადა დაუშვილმა.

ამასთან, ის ნიკა გვარამიას გათავისუფლების თაობაზე "ალდეს" განცხადებასაც გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ ამ შემთხვევაში შესაძლოა, გამოსავალი იყოს მისი შეწყალება. თუმცა, გვარამიას საქმესაც რეალურად მართლმსაჯულებაში არსებულ პრობლემების გადაწყვეტის აუცილებლობამდე მივყავართ.

"მედიაგარემოს რაც შეეხება, თავისუფალი მედიაგარემო არის ერთ- ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი პირობა, რომ კანდიდატის სტატუსი მივიღოთ და როცა ვსაუბრობთ მედიის თავისუფლებაზე კიდევ ერთხელ მივდივართ მართლმსაჯულების სისტემის დამოუკიდებლობასა და მიუკერძოებლობასთან, რადგან უნდა გქვონდეს დამოუკიდებელი მართლმსაჯულება. რაც შეეხება უშუალოდ ამ საქმის გადაწყვეტას, იმის გათვალისწინებით, რომ ამ შემთხვევაში არ გვაქვს სავარაუდოდ, არც სისტემური და არც ძალადობრივი დანაშაული, შესაძლოა ერთ -ერთი ყველაზე სწორი გზა იყოს შეწყალება პრეზიდენტის მიერ, თუმცა, ეს არის მისი ექსკლუზიური უფლებამოსილება და მისი გადასაწყვეტია, გამოყენებს თუ არა მას,"- განაცხადა დაუშვილმა.

0 Comments


Recommended Comments

There are no comments to display.

×
×
  • შექმენი...