Jump to content
Planeta.Ge

სოფო ხორგუანი მთავრობის ადმინისტრაციის უმოქმედობას ასაჩივრებს და საქართველოს პრემიერ-მინისტრს განცხადებით მიმართავს


სოფო ხორგუანი მთავრობის ადმინისტრაციის უმოქმედობას ასაჩივრებს და საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს განცხადებით მიმართავს. planeta.ge განცხადების ტექსტს უცვლელად გთავაზობთ:

 

ბატონო ირაკლი,

 

გაცნობებთ, რომ მიმდინარე წლის ივლისის თვეში, განცხადებით მივმართე საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციას და ვაცნობე, რომ შეზღუდული მქონდა წვდომა საქართველოს მთავრობის ოფიციალურ ფეისბუქ გვერდზე: https://www.facebook.com/GeorgianGovernment. ვინაიდან, ასეთი შეზღუდვისათვის არ არსებობდა არავითარი ლეგიტიმური საფუძველი, მოვითხოვე შეესწავლათ და გაერკვიათ აღნიშნული საკითხი, რათა ხელი არ შემშლოდა ჩემი კონსტიტუციით მონიჭებული უფლებების (აზრის, მისი გამოხატვის, ინფორმაციის, მასობრივი ინფორმაციის საშუალებათა და ინტერნეტის თავისუფლების უფლებები) რეალიზებაში. სამწუხაროდ, ჩემს განცხადებას არანაირი რეაგირება არ მოჰყვა. ოქტომბრის თვეში მხოლოდ ტელეფონის საშუალებით მეცნობა, რომ განცხადება  დაეწერა მთავრობის ადმინისტრაციის სტრატეგიული კომუნიკაციების დეპარტამენტს, რომელთაც განაცხადეს, რომ ისინი არაფერ შუაში არიან ამ საკითხთან დაკავშირებით. მოვითხოვე ეს პასუხი წერილობით გამოეგზავნათ ჩემთვის, რაც ასევე რეაგირების გარეშე დატოვეს. აქედან გამომდინარე, მოგმართავთ თქვენ, როგორც მთავრობის მეთაურს და ადმინისტრაციის ხელმძღვანელს, საჩივრით და კიდევ ერთელ განვმარტავ:

შეზღუდული მაქვს წვდომა საქართველოს მთავრობის ოფიციალურ ფეისბუქ გვერდზე: https://www.facebook.com/GeorgianGovernment. კერძოდ, საერთოდ ვერ ვხედავ გვერდს და შესაბამისად, ვერ ვკითხულობ ვერანაირ ოფიციალურ ინფორმაციას. ასეთი რამ შესაძლებელია მხოლოდ მომხმარებლის დაბლოკვის შემთხვევაში.

 

„საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ კანონის თანახმად, საქართველოს მთავრობა არის აღმასრულებელი ხელისუფლების უმაღლესი ორგანო, რომელიც ახორციელებს ქვეყნის საშინაო და საგარეო პოლიტიკას. მთავრობა აღმასრულებელ ხელისუფლებას ახორციელებს სამინისტროების, მათი მმართველობის სფეროში შემავალი საქვეუწყებო დაწესებულებების, სახელმწიფო მინისტრის აპარატის, მთავრობის უშუალო დაქვემდებარებაში არსებული აღმასრულებელი ხელისუფლების სპეციალური დანიშნულების გასამხედროებული დაწესებულების, აგრეთვე სპეციალური დანიშნულების სხვა სახელმწიფო დაწესებულებების მეშვეობით. მთავრობის საქმიანობის ორგანიზაციული უზრუნველყოფის, ანალიტიკური, ინფორმაციული და სხვა მასალების მომზადების, აგრეთვე მთავრობის გადაწყვეტილებათა შესრულების კონტროლის ხელშეწყობის მიზნით იქმნება მთავრობის ადმინისტრაცია. მთავრობის ადმინისტრაციის ერთ-ერთი სტრუქტურული ერთეულია სტრატეგიული კომუნიკაციების დეპარტამენტი, რომლის ერთ-ერთი ძირითადი ამოცანაა მთავრობის ოფიციალური ვებ-გვერდისა და სოციალური ქსელებისათვის შესაბამისი კონტენტის შექმნა, ადმინისტრირება, ინტერაქციის უზრუნველყოფა, საზოგადოების ინფორმირება საქართველოს მთავრობისა და საქართველოს პრემიერ-მინისტრის საქმიანობის შესახებ. ამდენად, მთავრობის ოფიციალური ფეისბუქ-გვერდის მართვა და ინფორმაციის საჯაროდ გავრცელება მთავრობის ადმინისტრაციის საქმიანობის შემადგენელი ნაწილია. ფეისბუქ გვერდის საშუალებით საზოგადოებისათვის ინფორმაციის მიწოდებით, საზოგადოების წინაშე სახელმწიფო ორგანოთა ანგარიშვალდებულებისა და საქმიანობის გამჭვირვალობის ხელშეწყობა ხორციელდება. საკასაციო სასამართლო განმარტავს: სოციალური ქსელების ოფიციალური გვერდების მართვა წარმოადგენს სახელმწიფო ორგანოების მხრიდან საჯარო, ადმინისტრაციული კანონმდებლობით განსაზღვრულ საქმიანობის განხორციელების ერთ-ერთ შემადგენელ ნაწილს (საქმე Nბს-568(გ-19). სწორედ აღნიშნული გარემოება განაპირობებს იმ ფაქტს, რომ მთავრობის ოფიციალური ფეისბუქ გვერდი ღიაა ყველა მომხმარებლისათვის. ღიაა აგრეთვე ამ გვერდზე განთავსებული ინფორმაციები და მათ ქვეშ არსებული კომენტარების სექცია. შესაბამისად, ნებისმიერ დაინტერესებულ პირს აქვს შესაძლებლობა, საკუთარი ანგარიშის გამოყენებით, დააფიქსიროს მოსაზრება, ჩაერთოს კონკრეტული საკითხის განხილვასა თუ მასთან დაკავშირებულ დებატებში და მოითხოვოს უწყებისგან დამატებითი განმარტებები. სწორედ ეს შესაძლებლობები და თმენის ვალდებულებები განასხვავებს მთავრობის ან ნებისმიერი სხვა სახელმწიფო უწყების ოფიციალური ფეისბუქ-გვერდისა და  კერძო პირის მიერ (პირადი მოხმარების მიზნით) ფეისბუქ-გვერდის გამოყენების ფარგლებს. ადმინისტრაციული ფუნქციის განხორციელების პროცესში  მთავრობის ადმინისტრაცია, ისევე როგორც ნებისმიერი საჯარო დაწესებულება, შებოჭილია კანონის მიერ. სზაკ-ის 5.1 მუხლის თანახმად, ადმინისტრაციულ ორგანოს უფლება არ აქვს კანონმდებლობის მოთხოვნების საწინააღმდეგოდ განახორციელოს რაიმე ქმედება. მოცემულ ნორმაში გაცხადებულია კანონის უზენაესობის პრინციპი. შესაბამისად, ადმინისტრაციულ ორგანოებს ეკრძალებათ კანონისგან გადახვევა. მათ ყოველთვის უნდა იხელმძღვანელონ და გამოიყენონ კანონი და მხოლოდ მის საფუძველზე მიიღონ ნებისმიერი გადაწყვეტილება. კანონის უზენაესობის პრინციპის უგულებელყოფით მიღებული გადაწყვეტილება უკანონოა. ამდენად, სზაკ-ით განმტკიცებული კანონიერების პრინციპი ავალდებულებს თითოეულ საჯარო მოხელეს თითოეული გადაწყვეტილებისა თუ ქმედების განხორციელების პროცესში მოგვევლინოს როგორც კანონიერების გარანტი. სამწუხაროდ, მოცემულ შემთხვევაში, მთავრობის ადმინისტრაცია არათუ იცავს ჩემს კანონიერ უფლებებს, არამედ ქმედებით ორმაგად არღვევს ჩემს კონსტიტუციით გარანტირებულ უფლებებს: ჯერ მოქმედებით: დამბლოკა და ოფიციალური ინფორმაციის მიღებისა და ამ ინფორმაციაზე აზრის გამოხატვის შესაძლებლობა შემიზღუდა  და შემდეგ უმოქმედობით: განცხადებაზე რეაგირება არ მოახდინა.  ამით უგულებელყოფილია სზაკ-ის მე-5 მუხლი, რომლის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანოს ქმედება, რომელიც იწვევს ადამიანის საქართველოს კონსტიტუციით მინიჭებული უფლებების ან თავისუფლებების შეზღუდვას, დაიშვება მხოლოდ საქართველოს კონსტიტუციის მეორე თავის შესაბამისად, კანონით ამ მის საფუძველზე გამოცემული კანონქვემდებარე აქტით მინიჭებული უფლებამოსილების საფუძველზე.

საქართველოს კონსტიტუციის მე-17 მუხლი განამტკიცებს თითოეული ადამიანის უფლებას აზრის, ინფორმაციის, მასობრივი ინფორმაციის საშუალებათა და ინტერნეტის თავისუფლებასთან დაკავშირებით. ინფორმაციის თავისუფლება გამოხატვის თავისუფლებასთან ერთად, ადამიანის ძირითად უფლებებს მიეკუთვნება და ერთმანეთთან მჭიდროდაა დაკავშირებული. აზრის თავისუფლება ინფორმაციის ერთგვარი წყაროა, ხოლო ინფორმაციის თავისუფლება, თავის მხრივ, აზრის ჩამოყალიბების ხელშემწყობი ფაქტორია. თითოეული ადამიანისთვის გარანტირებულია საყოველთაოდ ხელმისაწვდომი წყაროებიდან ინფორმაციის მიღებისა და გავრცელების შესაძლებლობა. ინფორმაციის თავისუფლებით პიროვნება და საზოგადოება ინფორმირებულია სახელმწიფოში მიმდინარე პროცესების შესახებ. საკონსტიტუციო სასამართლომ არაერთხელ გაუსვა ხაზი გამოხატვის თავისუფლების განსაკუთრებულ მნიშვნელობას: „გამოხატვის თავისუფლების უფლება დემოკრატიული საზოგადოების არსებობის, მისი სრულფასოვანი განვითარების ერთ-ერთი აუცილებელი წინაპირობაა. აზრისა და ინფორმაციის შეუფერხებელი გავრცელება უზრუნველყოფს შეხედულებათა მრავალფეროვნებას, ხელს უწყობს საზოგადოებისათვის მნიშვნელოვან საკითხებზე საჯარო და ინფორმირებულ მსჯელობას, შესაძლებელს ხდის საზოგადოებრივ ცხოვრებაში საზოგადოების თითოეული წევრის ჩართულობას“ (საკონსტიტუციო სასამართლოს 2012 წლის 11 აპრილს N1/1/468 გადაწყვეტილება). გამოხატვის თავისუფლება  ქვეყანაში დემოკრატიული ღირებულებების დამკვიდრების სერიოზული ფაქტორია. შესაბამისად, კონსტიტუცია იცავს აზრის გამოხატვისა და გავრცელების პროცესს, მის შინაარსს და ფორმებს. საკონსტიტუციო სასამართლო განმარტავს: საქართველოს კონსტიტუციის მე-17 მუხლი იცავს აზრის, ინფორმაციის თავისუფლად გავრცელების და მიღების უფლებას, რაც მოიცავს სასურველი ფორმით და საშუალებებით ინფორმაციის  მიმოცვლას განსაზღვრულ თუ განუსაზღვრელ პირთა ჯგუფთან (საკონსტიტუციო სასამართლოს 2019 წლის 2 აგვისტოს N1/7/1275 გადაწყვეტილება).

ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა ეროვნული კონვენციის მე-10 მუხლის თანახმად, „ყველას აქვს უფლება გამოხატვის თავისუფლებაზე. ეს უფლება მოიცავს პირის თავისუფლებას, ჰქონდეს შეხედულებები, მიიღოს და გაავრცელოს ინფორმაცია და მოსაზრებები საჯარო ხელისუფლების მიერ ჩარევის გარეშე და საზღვრების მიუხედავად.“

სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებების შესახებ საერთაშორისო პაქტის მე-19 მუხლის თანახმად, „თითოეულ ადამიანს აქვს საკუთარი აზრის შეუფერხებლად გამოხატვის უფლება. თითოეულ ადამიანს აქვს უფლება თავისუფლად გამოთქვას თავისი აზრი. ეს უფლება მოიცავს თავისუფლებას, სახელმწიფო საზღვრების მიუხედავად მოიძიოს, მიიღოს და გაავრცელოს ყოველგვარი ინფორმაცია ზეპირად, წერილობით ან პრესის და გამოხატვის მხატვრული საშუალებებით ან საკუთარი არჩევანით სხვა საშუალებებით.“

დღვანდელ დღეს სწორედ ინტერნეტი და სოციალური ქსელი გახდა ერთ-ერთი უმთავრესი საშუალება ადამიანებისათვის მიიღონ და გაავრცელონ ინფორმაცია, დააფიქსირონ თავიანთი შეხედულება მიმდინარე მოვლენებზე. შესაბამისად,  ინტერნეტის საშუალებით მომხმარებელთა მიერ გამოხატვის უფლებით სარგებლობა ამ უფლების პრაქტიკაში განხორციელების საუკეთესო საშუალებას წარმოადგენს. აქედან გამომდინარე, ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომაც თავის გადაწყვეტილებებში არაერთხელ გაუსვა ხაზი ინტერნეტის მნიშვნელობას გამოხატვის უფლებით სარგებლობის პროცესში და მის განსაკუთრებულ როლს ინფორმაციის გავრცელების ხელშეწყობის მიმართულებით. ამასთან, იგი არ წარმოადგენს აბსოლუტურ უფლებას და მისი შეზღუდვა დასაშვებია კანონიერი საფუძვლის არსებობისას. კერძოდ, გამოხატვის უფლების განხორციელება შეიძლება დაექვემდებაროს ისეთ შეზღუდვებს ან სანქციებს, რომლებიც გათვალისწინებულია კანონით და აუცილებელია დემოკრატიულ საზოგადოებაში ეროვნული უშიშროების, ტერიტორიული მთლიანობის ან საზოგადოებრივი უსაფრთხოების ინტერესებისათვის, უწესრიგობისა თუ დანაშაულის აღსაკვეთად, ჯანმრთელობის ან მორალის დაცვის მიზნით, სხვათა რეპუტაციის ან უფლებების დასაცავად, საიდუმლოდ მიღებული ინფორმაციის გამჟღავნების თავიდან ასაცილებლად ან სასამართლო ხელისუფლების ავტორიტეტისა და მიუკერძოებლობის უზრუნველსაყოფად.  განსხვავებულია ამ უფლების დაცვის სტანდარტი კერძო პირებსა და საჯარო დაწესებულებებთან მიმართებაშიც. როდესაც საუბარია საჯარო დაწესებულების/თანამდებობის პირის მიერ/მიმართ ინფორმაციის გავრცელებაზე, ასეთ ვითარებაში თმენის მომეტებული ვალდებულებაა, რასაც ადგილი არ აქვს კერძო პირის მიერ სხვა კერძო პირის შესახებ განცხადების გავრცელების შემთხვევაში.

1976 წლის დეკემბერში ევროპულმა სასამართლომ  Handyside-ს საქმეში ხაზი გაუსვა გამოხატვის უფლების მნიშვნელობას და განმარტა, რომ იგი გამოიყენება არა მარტო „ინფორმაციისა“ და „მოსაზრებების“ მიმართ, რომლებსაც ბევრი იზიარებს, ან გულგრილად ეკიდება, არამედ იმათ მიმართაც, რომლებიც შეურაცხმყოფელი, თავზარდამცემი ან შემაშფოთებელია სახელმწიფოს ან მოსახლეობის ნაწილისთვის. ამგვარია მოთხოვნები პლურალიზმისა, შემწყნარებლობისა და ფართო თვალთახედვისა, რომელთა გარეშეც შეუძლებელია დემოკრატიული საზოგადოების არსებობა“(იხ. Handyside v. the United Kingdom).

ამდენად, ევროპული კონვენციის მე-10 მუხლი არა მხოლოდ ინფორმაციის გავრცელების უფლების გარანტიაა, არამედ ამავდროულად საზოგადოების უფლებაა- მიიღოს ინფორმაცია (იხ. Observer and Guardian v. the United Kingdom; Guerra and Others v. Italy).

 საზოგადოების მიერ ახალი ამბების ან საზოგადოებრივად საინტერესო საკითხებზე ხელმისაწვდომობის გაუმჯობესებაში მნიშვნელოვან როლს დღეს ინტერნეტი ასრულებს. სწორედ ამიტომ, ევროპულმა სასამართლომ მიიჩნია, რომ როგორც ინტერნეტი, ასევე მისი საშუალებით გავრცელებული ინფორმაციაც დაცულია ევროპული კონვენციის მე-10 მუხლით (გამოხატვის თავისუფლება).  საქმეში Ahmet Yıldırım v. Turkey (https://hudoc.echr.coe.int/eng?i=001-115705) სასამართლომ კონკრეტულ საიტზე წვდომის დაბლოკვის შესახებ იმსჯელა და განმარტა: „მართალია ღონისძიება არ წარმოადგენდა სრულ აკრძალვას, არამედ მეტწილად შეზღუდვას ინტერნეტზე წვდომაზე, რასაც ასევე ქონდა განმცხადებლის ვებ-გვერდზე წვდომის ბლოკირების ეფექტი. მიუხედავად ამისა, ის ფაქტი, რომ შეზღუდვის მოქმედება შემოფარგლული იყო, ეს არ აუფერულებს მის მნიშვნელოვნებას, განსაკუთრებით იმის გათვალისწინებით, რომ ინტერნეტი დღეს არის ძირითადი საშუალება, რომლითაც ადამიანები ახორციელებენ თავიანთ გამოხატვისა და ინფორმაციის თავისუფლებას, უზრუნველყოფს რა ის პოლიტიკურ საკითხებსა და საზოგადო ინტერესებთან დაკავშირებით აქტივობებსა და დისკუსიებში მონაწილეობისთვის აუცილებელ საშუალებებს.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ცხადია, მთავრობის ოფიციალურ გვერდზე https://www.facebook.com/GeorgianGovernment ჩემი წვდომის შეზღუდვით (დაბლოკვით) დაირღვა კონსტიტუციით მონიჭებული ჩემი უფლებები. შეზღუდვას არ გააჩნია არავითარი სამართლებრივი საფუძველი. შესაბამისად, ძირითადი უფლებებით დაცულ სფეროში გაუმართლებელი ჩარევით, მთავრობის ადმინისტრაციამ ჩემს მიმართ დაარღვია კანონიერების პრინციპი. მან უგულებელყო კონსტიტუცია, ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი, ადამიანის ძირითადი უფლებები და თავისი ვალდებულებები მმართველობითი საქმიანობის პროცესში. აქედან გამომდინარე, ვითხოვ, დაევალოს მთავრობის ადმინისტრაციას (სტრატეგიული კომუნიკაციების დეპარტამენტს) მოხსნას ჩემი შეზღუდვა (ბლოკი) მთავრობის ოფიციალური ვებ-გვერდიდან, რათა კვლავ შევძლო ინფორმაციის მიღება და მქონდეს ამ ინფორმაციაზე საკუთარი პოზიციის დაფიქსირების შესაძლებლობა.

Edited by tvati

0 Comments


Recommended Comments

There are no comments to display.

×
×
  • შექმენი...