ვოლოდიმირ ზელენსკი - შესაძლოა, პუტინი ასაკის გამო ცხოვრებით დაიღალა, თუმცა ომით ნამდვილად არა დაღლილა
შესაძლოა, პუტინი ასაკის გამო ცხოვრებით დაიღალა, თუმცა ომით ნამდვილად არა დაღლილა, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა „სიენენთან“ ინტერვიუს დროს განაცხადა. ზელენსკის თქმით, უკრაინას მოლაპარაკებების კარები არასდროს დაუხურავს, თუმცა პუტინს ომის დასრულება არ სურს.
„რუსებს არ სურთ ომის დასრულება. ასე რომ, ვიდრე ვინმე იგრძნობს ომით გადაღლილობას, ყველა უნდა აცნობიერებდეს, რომ მხოლოდ კრემლი და მხოლოდ ერთი ადამიანი, რუსეთის ფედერაციის მეთაური არ დაღლილა ომით. ის შესაძლოა გადაიღალა ცხოვრებით მისი ასაკის გამო, მაგრამ ის ნამდვილად არ დაღლილა ომით. ახლა ამ ადამიანს და რუსეთის სამხედრო-პოლიტიკურ ხელმძღვანელობას პაუზა სჭირდება“, – განაცხადა ზელენსკიმ.
მისივე თქმით, რუსეთი ახლა დასავლეთის სანქციების გავლენასა და რუსეთის საზოგადოებაში უკმაყოფილებას გრძნობს, თუმცა ის აგრძელებს საერთაშორისო პრინციპების, ტერიტორიული მთლიანობის, უფლებებისა და თავისუფლების უგულებელყოფას.
„რუსეთს თუ ნამდვილად მოუნდება მშვიდობა, ჩვენ ამას დავინახავთ. არ შეიძლება მშვიდობა მხოლოდ სიტყვებით გინდოდეს. სიტყვები საკმარისი არ არის. ომის შესაჩერებლად გაიყვანეთ ჯარი, შეწყვიტეთ ადამიანების მკვლელობა. მათ მიყენებული ზიანი უნდა აანაზღაურონ და დამნაშავეები ციხეში უნდა ჩასხდნენ. მხოლოდ სიტყვები ძალიან ცოტაა“, – განაცხადა ზელენსკიმ.
უკრაინის პრეზიდენტის თქმით, მათ არ დაუხურავთ მოლაპარაკების კარი, თუმცა რუსეთისგან, ამ დრომდე მხოლოდ ულტიმატუმები ისმის.
„ჩვენ მზად ვიქნებით რუსეთთან მოლაპარაკებისთვის, თუმცა განსხვავებულ რუსეთთან, როდესაც ის მართლაც იქნება მზად მოლაპარაკებისთვის და აღიარებისთვის, რომ რუსეთი ოკუპანტია. მათ უნდა დაგვიბრუნონ ყველაფერი – მიწა, უფლებები, თავისუფლება, ფული და რაც ყველაზე მთავარია, სამართალი, ის უნდა დაუბრუნდეს მშობლებს, რომლებმაც დაკარგეს შვილები. ამ დრომდე, ჯერ მსგავსი განცხადებები რუსეთიდან არ გამიგია. არც პუტინისგან და არც სხვებისგან“ – განაცხადა ზელენსკიმ.
0 Comments
Recommended Comments
There are no comments to display.