იუსტიციის საბჭოში კოალიციის მხარდაჭერის მქონე არამოსამართლე წევრობის ხუთი კანდიდატი ცნობილია
კოალიციამ დამოუკიდებელი და გამჭვირვალე მართლმსაჯულებისთვის საქართველოს იუსტიციის უმაღლეს საბჭოში მათი მხარდაჭერის მქონე არამოსამართლე წევრობის ხუთი კანდიდატი დაასახელა.
2022 წლის 30 სექტემბრიდან პარლამენტში გამოცხადდა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 5 არამოსამართლე წევრის შესარჩევი კონკურსი. იურიდიული კომიტეტის მიერ 4 ოქტომბერს ინიციირებული საკანონმდებლო ცვლილებების თანახმად კი – იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრების არჩევისას მათი საჯარო მოსმენის ვალდებულება დადგინდა.
კონკურსში მონაწილეობას იღებს კოალიციის მხარდაჭერის მქონე 5 კანდიდატი, რომლებიც კოალიციაში შემავალმა ცალკეულმა არასამთავრობო ორგანიზაციებმა, ასევე უმაღლესმა საგანმანათლებლო დაწესებულებებმა წარადგინეს:
-
ლიკა საჯაია – ნიუ ვიჟენ უნივერსიტეტის პროფესორი;
-
ანა აბაშიძე – პარტნიორობა ადამიანის უფლებებისათვის ხელმძღვანელი;
-
დიმიტრი ხაჩიძე – ადვოკატი; საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის წევრი;
-
სულხან სალაძე – კარგი მმართველობის და ინფორმაციის თავისუფლების პროგრამის ხელმძღვანელი (ღია სივრცე კავკასია);
-
გიორგი ბურჯანაძე – საქართველოს სახალხო დამცველის უფროსის მოადგილე.
„კოალიცია დიდი ხანია, საუბრობს სასამართლო ხელისუფლების ფუნდამენტური რეფორმისა და ამ რეფორმის სტრატეგიის რადიკალური ცვლილებების საჭიროებაზე. საქართველოს ხელისუფლების მიერ ამ პროცესში გადასადგმელი ნაბიჯები მიმართული უნდა იყოს სასამართლოს სისტემის მართვის კონსენსუსზე ორიენტირებული რეფორმისკენ და მყარ დაბრკოლებებს უნდა უქმნიდეს ძალაუფლების კონცენტრირებას, რომლის მანკიერი პრაქტიკა დღეს სასამართლო სისტემაში არსებობს.
პარლამენტის სესიაზე 5 არამოსამართლე წევრის არჩევა ამ მიზნის მისაღწევად მნიშვნელოვანი წინგადადგმული ნაბიჯი შეიძლება იყოს. აუცილებელია, თანამდებობაზე მოხვდნენ მიუკერძოებელი, კეთილსინდისიერი და კომპეტენტური კანდიდატები – მოქალაქეები, რომელთა მიმართაც იქნება მაღალი საზოგადოებრივი ნდობა და პოლიტიკურ პარტიებს შორისაც ფართო კონსენსუსი იარსებებს. ეს მნიშვნელოვნად შეცვლის ძალთა ბალანსს იუსტიციის უმაღლეს საბჭოში, გააჩენს ახალი მიზიდულობის ცენტრს დამოუკიდებელი 5 წევრის სახით და კლანს მხოლოდ ერთხმიან არამყარ უპირატესობას დაუტოვებს“, – ამბობენ კოალიციაში შემავალი არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები.
პუბლიკა
0 Comments
Recommended Comments
There are no comments to display.