Jump to content
Planeta.Ge

სამხატვრო აკადემიის რექტორის არჩევნებში მხოლოდ ერთი კანდიდატი მონაწილეობს


თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის რექტორის არჩევნებში მხოლოდ ერთი კანდიდატი – ყარამან ქუთათელაძე მონაწილეობს. ამის შესახებ ინფორმაცია „პუბლიკას“ აკადემიის პრესსამსახურში დაუდასტურეს.

აკადემიის ვებგვერდზე უკვე გამოქვეყნდა რექტორობის კანდიდატის ყარამან ქუთათელაძის მიერ წარდგენილი სტრატეგიული განვითარების გეგმა.

როგორც ყარამან ქუთათელაძის მიერ წარმოდგენილ დოკუმენტში ვკითხულობთ, თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის, 2023-2027 წლების სტრატეგიული განვითარება მოიაზრებს ორი პარადიგმის, „ტრადიციისა და ინოვაციის კვეთას“.

„სტრატეგიული განვითარების გეგმა, მოიცავს როგორც მიმდინარე საკითხების გააზრებას, ასევე ახალი პროექტების დანერგვას. მიმდინარე საკითხებს შორის იგულისხმება: ხუთივე ფაკულტეტზე არსებული სასწავლო პროგრამების (სამივე საფეხურის) რეაკრედიტაცია და ახალ სასწავლო პროგრამებზე მუშაობა. საერთაშორისო ურთიერთობების განვითარება არსებულ პარტნიორებთან, ორგანიზაციებთან და უნივერსიტეტებთან და ახალი კავშირების დამყარება.

აკადემიის ინტერნაციონალიზაციის ხელის შეწყობა და უცხოენოვანი პროგრამების აკრედიტაცია. პროფესიული პროგრამების შექმნა და დანერგვა სხვადასხვა ფაკულტეტებზე (მაგ. დიზაინის, რესტავრაციის, სახვითი ხელოვნების და ა.შ. მიმართულებით). მატერიალურ-ტექნიკური ბაზის განვითარება, სახელოსნოების, სასწავლო და საგამოფენო სივრცეების მოწყობა. კურსდამთავრებულთა (ალუმნის) ბაზის შექმნა და მათი კარიერის განვითარების ხელშეწყობა.

ბიბლიოთეკის, არქივისა და ახალი ელექტრონული ბაზების შექმნა და აღჭურვა/მოწესრიგება. აკადემიის მუზეუმისა და ფონდების მოწესრიგება და შევსება/განახლება. საგამოფენო სივრცეების მოწყობა თანამედროვე აღჭურვილობით. სტამბის დაარსება და საგამომცემლო საქმიანობის ხელშეწყობა. უცხოენოვანი ლიტერატურის თარგმნა და სასწავლო პროცესისთვის აუცილებელი ლიტერატურის უზრუნველყოფა (რიდერების, სახელმძღვანელოების მომზადება და ა.შ.)“,- ვკითხულობთ დოკუმენტში.

მხატვარ ყარამან ქუთათელაძის ინიციატივით 2000 წლიდან არტ-ვილა „გარიყულა“, წარსულში ბოლგარსკიანთ სასახლე აღდგა.

არტ-ვილა „გარიყულა“ თანამედროვე ხელოვნების პირველი რეგიონული ცენტრია საქართველოში, რომელიც თანამედროვე ხელოვნების შექმნის, წარმოჩენისა და გავრცელების მისიით შეიქმნა. არტ-ვილა „გარიყულა“, მულტიფუნქციურ საგანმანათლებლო ინსტიტუციას წარმოადგენს, რომელიც ამავდროულად მოიცავს არტ-კომუნას, რეზიდენციას და მუზეუმს.

ყარამან ქუთათელაძე ასევე არის „ძმებ ზდანევიჩების სახელობის თანამედროვე ხელოვნების საერთაშორისო ფესტივალ „Fest I Nova“-ის  დამფუძნებელი.  ფესტივალი არტ-ვილა „გარიყულადან“ იღებს სათავეს. „Fest I Nova“ საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს კულტურის ხელშეწყობის პროგრამით განსაზღვრული პრიორიტეტის „სახვითი და თანამედროვე ხელოვნების განვითარების ხელშეწყობა“ ფარგლებში ხორციელდება.

გასულ წელს სამინისტროს მიერ გავრცელებული ინფორმაციით, სამინისტრო ყარამან ქუთათელაძესთან ერთად აქტიურად მუშაობს, რათა მომავალ წელს ფესტივალი უფრო გაფართოვდეს. მინისტრის, თეა წულუკიანის თქმით, სამინისტრო ასევე მუშაობს არტ-ვილა „გარიყულას“ სამართლებრივი სტატუსის განსაზღვრასა და მის განვითარებაზე.

*****

კონკურსი სამხატვრო აკადემიის რექტორის თანამდებობის დასაკავებლად 6 ოქტომბერს გამოცხადდა.

რექტორი აირჩევა 4 წლის ვადით.

რექტორის თანამდებობის დაკავება შეუძლია პირს, რომელსაც უკავია პროფესორის აკადემიური თანამდებობა აკრედიტებულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში და რომლის მიმართულებაც შეესაბამება აკადემიასა და მის ფაკულტეტებზე არსებულ საგანმანათლებლო პროგრამულ მიმართულებებს.

კანდიდატობის მსურველების მიერ განაცხადების წარდგენის ბოლო ვადა 7 ნოემბერი იყო.

აკადემიის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, იმ პრეტენდენტთა სტრატეგიული განვითარების კონცეფცია და სამოქმედო გეგმა, რომლებიც აკმაყოფილებენ კონკურსისთვის დადგენილ მოთხოვნებს, მსჯელობისა და შეფასების მიზნით გამოქვეყნდება თსსა-ს ვებგვერდზე.

რექტორის არჩევისთვის ფარული კენჭისყრა გაიმართება 2022 წლის 18 ნოემბერს.

პუბლიკა

0 Comments


Recommended Comments

There are no comments to display.

×
×
  • შექმენი...