ბაიდენი არჩევნების შედეგებზე: „გიგანტური წითელი ტალღის" პროგნოზი არ გამართლდა
ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა დემოკრატიისთვის კარგი დღე უწოდა 8 ნოემბერს ჩატარებულ შუალედურ არჩევნებს. მისი დასრულებიდან მეორე დღეს, 9 ნოემბერს, თეთრ სახლში გამართულ პრესკონფერენციაზე ჯო ბაიდენმა განაცხადა, რომ ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში ამერიკული დემოკრატია საფრთხის ქვეშ იყო, თუმცა, ამერიკელმა ხალხმა და არჩევნების შედეგებმა აჩვენეს, რომ დემოკრატია ხელუხლებელია.
რაც შეეხება შედეგებს, ჯო ბაიდენის განცხადებით, მიუხედავად იმისა, რომ პრესის და ექსპერტების პროგნოზი იყო „გიგანტური წითელი ტალღა“, ეს არ მოხდა. აშშ-ის დემოკრატი პრეზიდენტი გულისხმობდა რესპუბლიკელების მიერ კონგრესის ორივე პალატაზე კონტროლის მოპოვების პროგნოზს.
როგორც ჯო ბაიდენმა თქვა, 8 ნოემბრის არჩევნების შედეგად დემოკრატებმა წარმომადგენელთა პალატაში დაკარგეს იმაზე გაცილებით ნაკლები ადგილი, ვიდრე ეს მოხდა ყველა დემოკრატი პრეზიდენტის მმართველობის პერიოდის პირველი შუალედური არჩევნებისას ბოლო 40 წლის განმავლობაში.
აშშ-ის პრეზიდენტის განცხადებით, მზად არის, რესპუბლიკელებთან და დემოკრატებთან ერთად იმუშაოს ქვეყნის მომავლისთვის. ბაიდენმა იმედი გამოთქვა, რომ ორპარტიული ძალისხმევა გაგრძელდება უკრაინაში რუსეთის აგრესიის წინააღმდეგ.
8 ნოემბერს ამერიკელებმა აირჩიეს კონგრესის წარმომადგენელთა პალატის 435-ვე და სენატის 100-დან 35 წევრი. წინასწარი შედეგებით, დემოკრატები წარმომადგენელთა პალატაში უმრავლესობას დაკარგავენ, თუმცა, სავარაუდოდ, შეინარჩუნებენ სენატში.
0 Comments
Recommended Comments
There are no comments to display.