იან ლიპავსკი - პუტინის საშინელმა აგრესიამ დაგვანახა, რომ მეტი დახმარება უნდა აღმოვუჩინოთ საქართველოს და იმ ქვეყნებს, რომლებზეც გავლენა მოახდინა ამ აგრესიამ
ჩვენ შეიძლება, ნებისმიერ სცენარს მოველოდოთ რუსეთისგან და ამიტომ მნიშვნელოვანია საქართველოს მხარდაჭერა, რომ ყველა პარტნიორმა ყურადღება გაამახვილოს საქართველოს მედეგობაზე და თავდაცვისუნარიანობის ამაღლებაზე, – ამის შესახებ ჩეხეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, იან ლიპავსკიმ საქართველოში ვიზიტის ფარგლებში, ქართველ კოლეგასთან, ილია დარჩიაშვილთან შეხვედრის შემდეგ გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
ჩეხეთის პირველმა დიპლომატმა ხაზი გაუსვა ორ ქვეყანას შორის არსებულ ურთიერთობებსა და თანამშრომლობას.
„ჩვენ შევთანხმდით, რომ საქართველოსა და ჩეხეთს შორის ურთიერთობები შეიძლება, აღწერილ იქნას როგორც ბრწყინვალე. ჩვენ გვაქვს პასუხი სხვადასხვა საკითხზე და სხვადასხვა ღრმა კონტექსტი მთავრობის სხვადასხვა დონეზე. 2023 წლის 4 იანვარს ჩვენ აღვნიშნავთ დიპლომატიური ურთიერთობების დამყარებას საქართველოსა და ჩეხეთს შორის. ჩვენი დიპლომატიური ურთიერთობები ძალიან ძლიერ კავშირებზე არის დამყარებული, რომელიც მჭიდროდ აახლოებს ჩვენს ქვეყნებს. ახლა დრო არის, შევხედოთ მომავალს არა მხოლოდ ოპტიმიზმით, არამედ ახალი იდეებით, ახალი ძალისხმევით, რომელიც გაამყარებს კავშირებს ორ ქვეყანას შორის“, – განაცხადა იან ლიპავსკიმ.
მისი თქმით, ორ ქვეყანას შორის პოლიტიკური ურთიერთობები გაგრძელდება და გაღრმავდება.
„გვინდა, ასევე გავზარდოთ ეკონომიკური თანამშრომლობა ინვესტიციების მიმართულებით და ამიტომ სიამაყით შემიძლია, ვთქვა, რომ მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადავდგით და საქართველოში ჩეხეთის სავაჭრო უწყება გავხსენით მაისში. ჩეხეთი საქართველოს უწევს ტექნიკურ დახმარებას, აწვდის გამოცდილებას და საუკეთესო პრაქტიკებს სხვადასხვა მიმართულებაში – ენერგეტიკის, ტრანსპორტის, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სფეროში. ჩვენ ასევე შეგვიძლია, დახმარება გავუწიოთ საქართველოს პროგრესისა და მობილიზაციის ძალისხმევის გზაზე. საქართველო ჩვენთვის არის ერთ-ერთი პრიორიტეტული ქვეყანა თანამშრომლობის პროექტებისთვის. ზოგადად, აღმოსავლეთ ევროპასთან ურთიერთობები სერიოზულ ადგილს იკავებს ჩეხეთის პრეზიდენტობის თვალსაზრისით ევროკავშირის საბჭოში“, – აღნიშნა იან ლიპავსკიმ.
მისი თქმით, საჭიროა საქართველოსა და იმ ქვეყნების მეტად მხარდაჭერა, რომლებზეც გავლენა მოახდინა პუტინის აგრესიამ.
„პუტინის საშინელმა აგრესიამ დაგვანახა, რომ ჩვენ უფრო მეტი დახმარება უნდა აღმოვუჩინოთ საქართველოს და ასევე იმ ქვეყნებს, რომლებზეც გავლენა მოახდინა პუტინის აგრესიამ, საქართველოსა და უკრაინას, რომლებიც მიისწრაფიან ევროკავშირში გაწევრიანებისთვის. აღნიშნულის გათვალისწინებით, ჩვენ განვიხილეთ სიტუაცია აფხაზეთში და სამხრეთ ოსეთში – სეპარატისტულ რეგიონებში, რომლებსაც ჩვენ მივიჩნევთ საქართველოს განუყოფელ ნაწილად. მინდა, კიდევ ერთხელ ურყევი მხარდაჭერა გამოვთქვა საქართველოს ტერიტორიული ერთიანობისადმი. ჩვენ შეიძლება, ნებისმიერ სცენარს მოველოდოთ რუსეთისგან და ამიტომ მნიშვნელოვანია საქართველოს მხარდაჭერა, რომ ყველა პარტნიორმა ყურადღება გაამახვილოს საქართველოს მედეგობაზე და თავდაცვისუნარიანობის ამაღლებაზე“, – განაცხადა იან ლიპავსკიმ.
მისივე თქმით, ჩეხეთი მხარს უჭერს საქართველოს ძალისხმევას ევროკავშირისა და ევროატლანტიკური სტრუქტურების მიმართულებით მოძრაობაში.
„საქართველომ უნდა გააგრძელოს საკუთარი ძალისხმევა ეფექტური რეფორმების განხორციელებისთვის და რაც მნიშვნელოვანია, 12-პუნქტიანი მოთხოვნის შესრულების თვალსაზრისით, რომელიც მოცემულია ევროპული საბჭოს მიერ იმისთვის, რომ საქართველომ მიიღოს კანდიდატის სტატუსი. საქართველომ უნდა განახორციელოს ძალისხმევა, რათა შეასუსტოს პოლარიზაცია პოლიტიკურ სპექტრში და მოახდინოს ძალისხმევა, რომ შეიქმნას სოლიდური დემოკრატიული, ძლიერი დემოკრატიული ინსტიტუტები, რაც არის ძირითადი საკითხი, რათა შესრულდეს მიზნები და მიღებულ იქნას ევროკავშირის კანდიდატობის სტატუსი. ხელშესახები შედეგები მიგვიყვანენ პროგრესამდე. მინდა, დავასრულო იმ ნოტაზე, რომ საქართველოსა და ჩეხეთს გააჩნიათ საერთო ღირებულებები და როგორც ევროპის საერთო ხედვა, ჩვენ სურვილი გვაქვს, ვიხილოთ მშვიდობა, სტაბილურობა. ბატონო ილია, კიდევ ერთხელ დიდი მადლობა მასპინძლობისთვის და ველი იმ მომენტს, როდესაც საქართველოს მიენიჭება ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი“, – აღნიშნა იან ლიპავსკიმ.
0 Comments
Recommended Comments
There are no comments to display.