2023 წელს სახელმწიფო მედიკამენტების მაქსიმალურ ფასს განსაზღვრავს
2023 წლის იანვრიდან ჯანდაცვის სამინისტრო დაიწყებს მედიკამენტებზე მაქსიმალური ფასის დადგენას და წლის ბოლომდე განსაზღვრავს ყველა წამლის ფასის ზედა ზღვარს. ინფორმაცია ამ გადაწყვეტილების შესახებ დღეს, 9 ნოემბერს, მედიას ჯანდაცვის მინისტრმა მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ მიაწოდა. ზურაბ აზარაშვილის თქმით, რეფერენტული ფასის დაწესება დაახლოებით 40%-ით გააიაფებს მედიკამენტებს და მნიშვნელოვანი შეღავათი იქნება მოსახლეობისთვის. მინისტრის თქმითვე, ჯერ არ არის განსაზღვრული, რომელ ქვეყნებს აიღებს საქართველო ფასის შესადარებლად. მთავრობამ 9 ნოემბერს წამლის რეფერენტული ფასის განსაზღვრისთვის მხოლოდ საკანონმდებლო ცვლილებების პარლამენტში გაგზავნის გადაწყვეტილება მიიღო.
საკანონმდებლო ცვლილებების მიზანი იქნება, ჯანდაცვის სამინისტროს მიენიჭოს უფლება, დააწესოს მედიკამენტის ღირებულების ის მაქსიმალური ზღვარი, რომლის ზემოთაც წამლების რეალიზაცია აიკრძალება. დაწესდება ასევე ჯარიმები კანონის დამრღვევთათვის. ჯარიმის ოდენობა, მინისტრის თქმით, 5 ათასიდან 50 000 ლარამდეა გათვალისწინებული.
„1 100 დასახელების მედიკამენტებს შეეხება იანვრიდან. მეორე კვარტლიდან ვფიქრობთ, სარეცეპტო მედიკამენტებს შეეხება, წლის ბოლომდე კი ყველა პრეპარატზე. ზედა ზღვარი გვექნება დაწესებული რეფერენტული ქვეყნების მიხედვით“, – აცხადებს ზურაბ აზარაშვილი. მისი თქმით, პირველ ეტაპზე ქრონიკული და ონკოლოგიური დაავადებების სამკურნალო მედიკამენტებზე შემუშავდება რეფერენტული ფასი, შემდეგ, წლის ბოლომდე კი - ეტაპობრივად სხვა წამლებზეც. მინისტრმა განმარტა რეფერენტული ქვეყნების შერჩევის მეთოდოლოგიაც და თქვა, რომ ამ პროცესში ჩართული არიან საერთაშორისო ორგანიზაციების კონსულტანტებიც.
„ჩვენ გვყავს როგორც ადგილობრივი, ასევე უცხოელი კონსულტანტები ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის დახმარებით, რომლებმაც სხვადასხვა დროს სხვადასხვა ქვეყნებში რეფერენტული ღირებულებები დანერგეს. ვფიქრობ, უფრო აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნები იქნება. ნებისმიერ მოლეკულაზე, რაც ჩვენთან იყიდება, იმ ბაზრებზე მოვიძიებთ, რა ბრენდული დასახელებით იყიდება, საშუალოს გამოვიყვანთ და ამის მიხედვით განისაზღვრება ღირებულების მაქსიმალური ჭერი“, – თქვა ზურაბ აზარაშვილმა.
მედიკამენტებზე რეფენტული ფასის განსაზღვრა ნაწილია სახელმწიფოს მიერ წამლის ფასის რეგულირების პროცესისა. ჯანდაცვის მინისტრის თქმით, იმის გამო, რომ სახელმწიფომ მოსახლეობას თურქეთიდან შემოტანილი იაფი მედიკამენტების შეძენის შესაძლებლობა მისცა, უკვე დაიზოგა დაახლოებით 100 მილიონი ლარი.
წამლის ფასის განსაზღვრის აუცილებლობაზე მსჯელობა ახალი არ არის - 2010 წელს "ქართულ დასს" ჰქონდა მომზადებული შესაბამისი საკანონმდებლო ინიციატივა.
რადიო თავისუფლება
Edited by tvati
0 Comments
Recommended Comments
There are no comments to display.