Jump to content
Planeta.Ge

რუსეთი და აშშ ბირთვული ხელშეკრულების ფარგლებში პირველ მოლაპარაკებას გამართავენ მოსკოვის უკრაინაში შეჭრის შემდეგ


სახელმწიფო დეპარტამენტის პრესმდივანმა, ნედ პრაისმა 8 ნოემბერს განაცხადა, რომ აშშ და რუსეთი ახლო მომავალში შეხვედრას გამართავენ და განიხილავენ შემოწმებების აღდგენის პერსპექტივას ახალი START-ის ხელშეკრულების ფარგლებში, რომელიც ბირთვული იარაღის შემცირებას ითვალისწინებს. შემოწმებები შეჩერდა მას მერე, რაც რუსეთი უკრაინაში შეიჭრა.

ყოველდღიურ ბრიფინგზე გამოსვლისას, პრაისმა თქვა, რომ ორმხრივი საკონსულტაციო კომისია - ანუ მექანიზმი, რომელმაც უნდა უზრუნველყოს ბირთვული იარაღის კონტროლის ბოლო არსებული ხელშეკრულების განხორციელება მსოფლიოს ორ უდიდეს ბირთვულ სახელმწიფოს შორის - "ახლო მომავალში შეიკრიბება".

რუსეთმა აგვისტოში შეწყვიტა თანამშრომლობა კომისიასთან, და ამის მიზეზად ასახელებდა შეზღუდვებს მოგზაურობაზე, რომლებიც ვაშინგტონმა და მისმა მოკავშირეებმა დააწესეს მოსკოვის მხრიდან თებერვალში უკრაინაში შეჭრის შემდეგ. თუმცა, მოსკოვი ამავე დროს აცხადებდა, რომ კვლავ სურდა ხელშეკრულების პირობების დაცვა.

"რუსეთს მკაფიოდ ვუთხარით, რომ ზომები, რომლებიც დაწესდა უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის არაპროვოცირებული ომის გამო, არ ზღუდავს რუს სპეციალისტებს ახალი START-ის ხელშეკრულების ფარგლებში შემოწმებები ჩაატარონ შეერთებულ შტატებში. იმედი გვაქვს, კომისიის შეხვედრა საშუალებას მოგვცემს გავაგრძელოთ ეს შემოწმებები" - თქვა პრაისმა.

ახალი START-ი, რომელიც 2011 წელს ამოქმედდა, მიზნად ისახავს ზედა ზღვრის დაწესებას სტრატეგიულ ბირთვულ ქობინებზე, რომელთა ქონაც აშშ-სა და რუსეთს შეუძლიათ, და სახმელეთო და წყალქვეშა რაკეტების განთავსებაზე, რომლებსაც ბირთვული იარაღის მოქმედებაში მოყვანა შეუძლია.

სააგენტო როიტერსი ანონიმურ წყაროზე დაყრდნობით წერს, რომ კომისიის შეხვედრა კაიროში გაიმართება.

რადიო თავისუფლება

0 Comments


Recommended Comments

There are no comments to display.

×
×
  • შექმენი...