Jump to content
Planeta.Ge

უკრაინის გენშტაბი: რუსეთის შეტევა მოგერიებულია 14 დასახლებულ პუნქტთან


უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ინფორმაციით, გასულ 24 საათში, თავდაცვის ძალებმა რუსული ჯარების შეტევა მოიგერიეს ლუგანსკის ოლქის 2 და დონეცკის ოლქის 12 დასახლებულ პუნქტთან. გენშტაბის თანახმად, უკრაინის ამ ნაწილში მოწინააღმდეგე შეტევებს განაგრძობს ბახმუტის, ავდეევკის და ნოვოპავლოვკის მიმართულებებით.

უკრაინის არმიის სარდლობის მიერ დღეს დილით გამოქვეყნებული მონაცემებით, ბოლო 24 საათში, რუსეთის საოკუპაციო ძალებმა უკრაინის ტერიტორიაზე, მათ შორის სამოქალაქო ინფრასტრუქტურაზე განახორციელეს 7 სარაკეტო და 32 საავიაციო დარტყმა და 70-ზე მეტი შეტევა ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემების გამოყენებით. საავიაციო და სარაკეტო დარტყმების შედეგად დაზარალდა დონეცკის, ლუგანსკის, ზაპოროჟიეს, ხარკოვის, სუმის, ხერსონის და ნიკოლაევის ოლქების 35-ზე მეტი დასახლებული პუნქტი. გენშტაბის ცნობითვე, ამ და სხვა მიმართულებებით მოწინააღმდეგე ისევ აქტიურად იყენებს ტანკებს და არტილერიასაც.

უკრაინის გენერალური შტაბის განცხადებით, ბელარუსი განაგრძობს უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის სამხედრო აგრესიის მხარდაჭერას და მის უზრუნველყოფას ინფრასტრუქტურით, ტერიტორიით და საჰაერო სივრცით. ბელარუსის ტერიტორიაზე გრძელდება რუსეთ-ბელარუსის ერთობლივი საჯარისო დაჯგუფების შექმნაც.

უკრაინის არმიის სარდლობის ოფიციალური მონაცემებით, გასულ 24 საათში, თავდაცვის ძალების ავიაციამ განახორციელა 18 დარტყმა მოწინააღმდეგის ცოცხალი ძალის, სამხედრო ტექნიკის და საჰაერო თავდაცვის სისტემების თავმოყრის რაიონებზე. გენშტაბის ცნობითვე, უკრაინის ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის ძალებმა ჩამოაგდეს რუსეთის არმიის 9 უპილოტო საფრენი აპარატი, ხოლო სარაკეტო და საარტილერიო ქვედანაყოფებმა გაანადგურეს მოწინააღმდეგის მართვის 1 პუნქტი და ცოცხალი ძალის და სამხედრო ტექნიკის თავმოყრის 4 ადგილი.

რადიო თავისუფლება

0 Comments


Recommended Comments

There are no comments to display.

×
×
  • შექმენი...