ტვინის იმპლანტის ჩადგმის შემდეგ, პარალიზებულმა, მეტყველების უნარწართმეულმა კაცმა 1500 სიტყვის დაწერა შეძლო — #1tvმეცნიერება
პარალიზებულმა კაცმა, რომელსაც არც ლაპარაკი შეეძლო და არც ტექსტის აკრეფა, ნეიროპროთეზული მოწყობილობის საშუალებით ათასზე მეტი სიტყვის დაწერა შეძლო; მოწყობილობა მისი თავის ტვინის ტალღებს სრულ წინადადებებად თარგმნის.
კვლევის ავტორის, სან-ფრანცისკოს კალიფორნიის უნივერსიტეტის მეცნიერის, სინ მეცგერის განცხადებით, „ყველაფერი შესაძლებელია“ — ამ კაცის ერთ-ერთი საყვარელი ფრაზაა, რომელსაც ხშირად წერს.
შარშან ამავე უნივერსიტეტის მკვლევრებმა აჩვენეს, რომ ტვინის იმპლანტს, სახელად ტვინი-კომპიუტერის ინტერფეისი, 50 ძლიერ გავრცელებული სიტყვის თარგმნა შეეძლო, როდესაც მამაკაცი მათ სრულად წარმოთქმას ცდილობდა.
ჟურნალ Nature Communications-ში გამოქვეყნებულ კვლევაში მეცნიერები აღწერენ, როგორ შეძლეს მისი გაშიფვრა ფონეტიკური ანბანის 26 ასოს მიბაძვით.
„მაგალითად, თუ „კატის“ (cat) წარმოთქმას ცდილობდა, უნდა ეთქვა charlie-alpha-tango“, — ამბობს მეცგერი.
ამის შემდეგ, მართლწერის ინტერფეისი ენის მოდელირებისთვის გამოიყენეს, რათა მონაცემები რეალურ დროში დაემუშავებინათ და გაერკვიათ შესაძლო სიტყვები ან შეცდომები.
მკვლევრებმა 1150-ზე მეტი სიტყვის გაშიფვრა შეძლეს, რაც მათი განცხადებით, ბუნებრივი ინგლისური წინადადების შემცველობის 85 პროცენტზე მეტია.
მათი სიმულირებით, ეს ლექსიკონი შეიძლება განივრცოს 9000-ზე მეტ სიტყვამდე, „რაც არსებითად სიტყვების ის რაოდენობაა, რასა ხალხის უმეტესობა ერთი წლის მანძილზე იყენებს“, — ამბობს მეცგერი.
მოწყობილობამ წუთში დაახლოებით 29 ასო გაშიფრა, ცდომილების 6-პროცენტიანი მაჩვენებლით. ეს უნდა ყოფილიყო წუთში დაახლოებით შვიდი სიტყვა.
პაციენტ მამაკაცს BRAVO1-ს უწოდებენ, რადგან ის პირველი მონაწილეა ცდისა, სახელად Brain-Computer Interface Restoration of Arm and Voice.
ახლა ის 30-იანი წლების მიწურულ ასაკშია. 20 წლისას, ინსულტის შედეგად დიზართრია განუვითარდა — გონივრულად ლაპარაკის უუნარობა, მაგრამ მისი კოგნიტური ფუნქცია ხელუხლებელი დარჩა.
კომუნიკაციისთვის იყენებს ბეისბოლის კეპზე დამაგრებულ პოინტერს (საჩვენებელი), რითაც ეკრანზე ასოებს კრეფს.
2019 წელს, მკვლევრებმა მას ქირურგიული ჩარევით თავის ტვინის ზედაპირზე, ლაპარაკზე პასუხისმგებელ ქერქზე გადაუნერგეს მაღალი სიმკვრივის ელექტროდი.
თავის ქალაში ჩადგმული პორტის საშუალებით, მეცნიერები აკვირდებოდნენ იმ დროს წარმოქმნილ ელექტრულ მახასიათებლებს, როდესაც ის სხვადასხვა სიტყვების ან ასოების წარმოთქმას ცდილობდა.
მეცგერის განცხადებით, BRAVO1-ს ნამდვილად მოსწონს ამ მოწყობილობის გამოყენება, რადგან შეუძლია სწრაფად და ადვილად კომუნიკაცია.
კვლევის ერთ-ერთი საუკეთესო ნაწილი იყო, როდესაც BRAVO1-ს უთხრეს, დაწერა ნებისმიერი რამ, რაც სურდა.
BRAVO1-ის მოულოდნელ კომენტარებს შორის იყო თუნდაც ის, რომ არ მოსწონდა ის საკვები, რასაც აჭმევდნენ.
შარშან, სტენფორდის უნივერსიტეტის მიერ შექმნილმა ტვინი-კომპიუტერის ინტერფეისმა წუთში 18 სიტყვა გაშიფრა, როდესაც მონაწილემ წარმოიდგენა ხელით წერა.
თუმცა, მეცგერი ამბობს, რომ საუბარზე დაფუძნებულ მათ მიდგომას „უნიკალური უპირატესობა“ აქვს.
50 ყველაზე გამოყენებადი სიტყვა, რომლებსაც მონაწილე ჩუმად მეტყველებს, შეიძლება გამოყენებულ იქნას მრავალ ურთიერთობაში, იშვიათი სიტყვები კი დაიწეროს, რაც მას ორმხრივ უპირატესობას სთავაზობს.
კვლევა ჯერ კიდევ საჭიროებს სხვა მონაწილეებში დადასტურებას, მაგრამ მაინც წარმოადგენს გარკვეულ გზას, რათა ხელმისაწვდომი გახდეს იმ ათასობით ადამიანისთვის, რომლებიც ყოველწლიურად კარგავენ მეტყველების უნარს ინსულტის, უბედური შემთხვევებისა თუ დაავადებების გამო.
კვლევა ჟურნალ Nature Communications-ში გამოქვეყნდა.
მომზადებულია Agence France-Presse-ის მიხედვით.
0 Comments
Recommended Comments
There are no comments to display.