მიხეილ დაუშვილი - არ შეიძლება „ოცნებამ“ პიროვნება გახადოს ბარიერად ევროინტეგრაციის გზაზე, არ აქვს მნიშვნელობა ეს პირი იქნება სააკაშვილი, ივანიშვილი თუ ნებისმიერი სხვა
დეპოლარიზაციაზე, დანარჩენი პუნქტების შესრულებაზე და კანდიდატის სტატუსის მიღება-ვერ მიღებაზე პასუხისმგებლობა "ოცნების" მხარეს არის - არ შეიძლება „ოცნებამ“ პიროვნება გახადოს ბარიერად ევროინტეგრაციის გზაზე, არ აქვს მნიშვნელობა ეს პირი იქნება სააკაშვილი, ივანიშვილი თუ ნებისმიერი სხვა, - ამის შესახებ ჟურნალისტებთან პარტია "საქართველოსთვის" წევრმა მიხეილ დაუშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, ანგარიშით, რომელიც გუშინ ევროპარლამენტის საგარეო კომიტეტმა მიიღო, ევროკავშირმა კიდევ ერთხელ დააფიქსირა თავის პოზიცია, როგორც სისტემურ რეფორმებზე, ასევე სხვადასხვა საკითხზე.
"როცა ევროკავშირმა მოგვთხოვა დეოლიგარქიზაცია, არ შეიძლება ასე გავიგოთ, რომ ამ ნაწილში ამ რეზოლუციამ რაიმე შეცვალა. უნდა გვესმოდეს, რომ რამდენიმე თვის წინ, როცა რეზოლუციაში ბიძინა ივანიშვილი ჩაიწერა, ის რეზოლუცია არ შეცვლილა და არ წაშლილა, დეოლიგარქიზაციის, მართლმსაჯულების სისტემის გაჯანსაღება და რეფორმები რაც ევროკავშირმა მოითხოვა, კვლავ ძალაშია.
მე არამხოლოდ ამ რეზოლუციის შემდეგ, არამედ იქამდეც დარწმუნებული ვიყავი, რომ როგორც დეპოლარიზაციაზე, ასევე დანარჩენი პუნქტების შესრულებაზე და კანდიდატის სტატუსის მიღება-ვერ მიღებაზე ძირითადი პასუხისმგებლობა ცალსახად "ოცნების" მხარეს არის და ამას "ოცნება" ვერავის გადააკისრებს, ეს ეხება რა თქმა უნდა, დეპოლარიზაციასაც. რა უნდა მოხდეს სააკაშვილის მიმართ, ამ ნაწილში ჩვენი პოზიცია უცვლელია, მე ვერ შევალ იმ ნაწილში, თუ სად უნდა მოხდეს მისი მკურნალობა, ამის არც კომპეტენცია მაქვს და არც ინფორმაცია, ამ ნაწილში ყველაზე მნიშვნელოვანია, რომ არ შეიძლება "ოცნებამ" ნებისმიერი პიროვნება გახადოს ბარიერად ევროინტეგრაციის გზაზე, არ აქვს მნიშვნელობა ეს იქნება სააკაშვილი, ივანიშვილი თუ ნებისმიერი სხვა. "ოცნების" პასუხისმგებლობაა, რომ სასჯელი აღასრულოს და კითხვები არ გაჩნდეს მისი ჯანმრთელობის მდგომარეობაზე, ამას როგორ გააკეთებს, ამ ნაწილში მე არ შევდივარ,"- განაცხადა დაუშვილმა.
ცნობისათვის, ევროპარლამენტის საგარეო კომიტეტმა საქართველოს მიერ ევროკავშირის ასოცირების შეთანხმების შესრულებასთან დაკავშირებულ ანგარიშს კომპრომისული შესწორებებით მხარი დაუჭირა.
ევროპარლამენტი საქართველოს ურჩევს ბიძინა ივანიშვილის პირადი ინტერესების გადაჭარბებულ გავლენის პრობლემა მოაგვაროს. დოკუმენტის თანახმად, ევროპარლამენტი კიდევ ერთხელ მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას, გაათავისუფლოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი და მისცეს მას უფლება, გაიაროს სათანადო მკურნალობა საზღვარგარეთ ჰუმანიტარულ ნიადაგზე და გამოიყენოს ეს როგორც პოლიტიკური პოლარიზაციის შემცირების საშუალება. ასევე მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას, შეწყვიტოს პოლიტიკურად მოტივირებული სისხლის სამართლის საქმეები და გადახედოს მიმდინარე სისხლის სამართლის საქმეებს მედიის მუშაკებისა და ხელისუფლების მიმართ კრიტიკული მედია საშუალებების მფლობელების ან ახლო ოჯახის წევრების წინააღმდეგ; დოკუმენტი ამ კუთხით განიხილავს ტელეკომპანია „მთავარის“ დირექტორის ნიკა გვარამიას, ისევე როგორც სხვა მედიასაშუალებების, როგორიცაა „ფორმულას“ და „პირველი TV“-ს დირექტორებისა და დამფუძნებლების შემთხვევას და იმეორებს გვარამიას მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გადახედვის მოწოდებას.
IPN
0 Comments
Recommended Comments
There are no comments to display.