სასამართლომ ჯარიმით გაათავისუფლა რუსეთის მოქალაქე, რომელიც ქართველებს აგინებდა
თბილისის საქალაქო სასამართლომ ჯარიმის სანაცვლოდ გაათავისუფლა რუსეთის მოქალაქე, პაველ კოპილკოვი, რომელიც თბილისის ცენტრში საქართველოსა და ქართველებს აგინებდა. ამ ეტაპზე რადიო თავისუფლებამ მხოლოდ ამ დეტალის გარკვევა შეძლო - უცნობია, კონკრეტულად რა თანხის გადახდა დაეკისრა მას.
სასამართლო სხდომა თბილისის საქალაქო სასამართლოში გუშინ, 7 ნოემბერს გაიმართა - საჯარო ინტერესის მიუხედავად, ჟურნალისტებმა ამ პროცესზე დასწრება ვერ შეძლეს.
პაველ კოპილკოვი პოლიცია მოქალაქის მიმართვის საფუძველზე "ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის" ორი, 166-ე (წვრილმანი ხულიგნობა) და 173-ე (პოლიციელის მიმართ დაუმორჩილებლობა) მუხლებით დააკავა. ორივე მუხლი ითვალისწინებდა ადმინისტრაციულ პატიმრობას 15 დღემდე ვადით, თუმცა მოსამართლეს ეს ნორმა არ გამოუყენებია.
პარტია "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ლიდერი ნიკა მელია ირწმუნება, რომ რუსეთის მოქალაქე პაველ კოპილკოვი, რომელმაც საქართველოს მოქალაქეებს საჯაროდ აგინა, რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმირ პუტინის ახლო გარემოცვის წევრის ოლიგარქ ალექსანდ კოპილკოვის შვილია.
მელიას თქმით, ალექსანდ კოპილკოვი პირდაპირ კავშირშია რუსულ სამხედრო ინდუსტრიასთან, რუსულ სამხედრო დაფინანსებასთან - სირიაში, ყირიმსა და ახლა უკრაინაში. „მის ოჯახს მოხვეჭილი აქვს უზარმაზარი ქონება რუსეთის არმიასთან გაფორმებული კონტრაქტებით და დღეს ეს ოჯახი ცხოვრობს თბილისში“ .
მელიამ საქართველოს შს მინისტრისგან ვახტან გომელაურისგან მოითხოვა განმარტება, როგორ შემოვდა საქართველოში რუსი ოლიგარქის ოჯახი.
ნიკა მელიას თქმით, პოლიციის მიერ წვრილმან ხულოგნობაზე დაკავებულმა პაველ კოპილკოვმა წინასწარი დაკავების იზოლატორი რამდენიმე საათში დატოვა.
მელია აცხადებს, რომ კოპილკოვის ოჯახს რუსეთის არმიასთან გაფორმებული კონტრაქტების წყალობით უზარმაზარი ქონება აქვს და დღეს ისინი თბილისში ცხოვრობენ.
„რუსი ოლიგარქი ალექსანდრ კოპილკოვი არის გასამხედროებული ორგანიზაციის „Boyevoe Bratstvo”-ს სპონსორი, ორგანიზაციის რომელიც პირდაპირ იყო ჩართული ყირიმის ოკუპაციასა და მარიუპოლის ალყის ორგანიზებაში. ის არის უშუალო პარტნიორი პუტინის უახლოესი გარემოცვის ყველაზე გავლენიანი ოლიგარქების: ალიშერ უსმანოვის და იგორ სეჩინის, რომლებზეც უკრაინაში ომის პირობებში, ერთ-ერთ პირველებზე გავრცელდა საერთაშორისო სანქციები. კოპილკოვი, ვისი ოჯახიც თბილისში ცხოვრობს რამზად კადიროვთან დაახლოვებული პირია და აქვს პირდაპირი საქმიანი კავშირები ათეულობით სანქცირებულ პირთან" - განაცხადა ნიკა მელიამ პარტიის ოფისში 8 ნოემბერს გამართულ პრესკონფერენციაზე.
კოპილკოვთან დაკავშირებით 8 ნოემბერს პრესკონფერენცია გამართა პარტია "ევროპული საქართველოს" ლიდერმა გიგა ბოკერიამაც და მან საქართველოს ხელისუფლებიგან მოითხოვა პასუხი კითხვაზე, რატომ არ არის პაველ კოპილკოვი საქართველოდან გაძევებული.
"რატომ არ არის გაძევებული საქართველოდან?! ის არ არის საქართველოს მოქალაქე, აქ საუბარი არ არის დასჯაზე ან ციხეში რამდენი ხანი იჯდება ამაზე, რატომ უნდა იყოს საქართველოში ასეთი მოქალაქე. ასეთი უფლება არცერთი სხვა ქვეყნის, მითუმეტეს მტრული ქვეყნის მოქალაქეს არ აქვს. როცა ადამიანი ასე იქცევა, გარდა იმისა, რომ შეურაცხყოფას აყენებს ჩვენს ქვეყანასა და საზოგადოებას, არის საფრთხე საზოგადოებრივი წესრიგისა, იმიტომ რომ ნებისმიერ მომენტში შეიძლება მოხდეს ინციდენტი, რასაც მერე ეს რეჟიმი და პუტინის რეჟიმი პროპაგანდისთვის გამოიყენებს, რასაც უკვე ვხედავთ ივანიშვილის რეჟიმის მხრიდან",- განაცხადა გიგა ბოკერიამ.
მანამდე პაველ კოპილკოვის ვინაობის შესახებ ინფორმაცია მოხალისეთა საერთაშორისო საზოგადოების InformNapalm-ის თანადამფუძნებელმა, OSINT-ის ექსპერტმა ირაკლი კომახიძემ გაავრცელა.
მისი თქმით, ქართველმა და უკრაინელმა მოხალისეებმა შეისწვალეს ვიდეო, რომლის საფუძველზეც მოხერხდა კოპილკოვის შესახებ საკმაოდ ბევრი ცნობის შეგროვება. მისი სიტყვებით, პაველ კოპილკოვი რუსეთში გამოცხდაებულ მობილიაციას გაურბის, ის მოსკოვში 1993 წელსა დაბადებული.
კომახიძის თანახმად, კოპილკოვი თბილისში პირველად არ იმყოფება.
„ჩვენი წყარო აღნიშნავს, რომ დაახლობით ზაფხულის ბოლოდან პაველ კოპილკოვი საქართველოში იმყოფება გაუსვლელად. მეტიც, არსებობს ინფორმაცია, რომ ის მამამისის ალექსანდრ კოპილკოვის ბიზნესინტერესებს წარმოადგენს, რომელიც ნიადაგს უსინჯავს და მიზნად ისახავს თავისი აქტივების ნაწილის რუსეთის ფარგლებს გარეთ გატანას“, - წერს კომახიძე.
რუსეთის მედიის ინფორმაციით, ალექსანდრ კოპილკოვი დეველოპერული ჯგუფის «МИЦ“-ის თანამფლობელია, მის ძმა მაკსიმ კოპილკოვი კი ამავე ორგანიზაციის დირექტორთა საბჭოს წევრია.
ვიდეოში, რომელიც 5 ნოემბერს სოციალურ მედიაში გავრცელდა, ჩანდა ახალგაზრდა კაცი - პაველ კოპილკოვი თბილისში, მარჯანიშვილის მოედანზე, რომელიც იმეორებდა ერთსა და იმავე შეურაცხმყოფელ სიტყვებს საქართველოსა და ქართველების მისამართით.
რადიო თავისუფლება
0 Comments
Recommended Comments
There are no comments to display.