სანქტ-პეტერბურგში სამხედრო კომისარიატმა უწყება კრეისერ "მოსკვის" ეკიპაჟის დაღუპულ წევრს გაუგზავნა
სანქტ-პეტერბურგის ფრუნზეს რაიონის სამხედრო კომისარიატმა ჯარში გაწვევის უწყება გაუგზავნა კრეისერ „მოსკვის“ დაღუპულ მეზღვაურს და თან გამოუცხადებლობისთვის სამართლებრივი პასუხისმგებლობის შესახებ გააფრთხილა. საინტერნეტო გამოცემა „ფონტანკის“ ცნობით, ყოფილი წვევამდელი კავშირზე აღარ გასულა ამა წლის აპრილიდან, მას შემდეგ, რაც სარაკეტო კრეისერი სევასტოპოლის უბეში ჩაიძირა.
ფრუნზეს რაიონის სამხედრო კომისარმა, ალექსანდრ ვორონინმა, დაღუპული მეზღვაური წვევამდელთა მობილიზაციასთან დაკავშირებული აღრიცხვისთვის საჭირო დოკუმენტების დასაზუსტებლად გამოიძახა. „მითითებულ ადგილსა და დროზე საპატიო მიზეზის გარეშე გამოუცხადებლობის შემთხვევაში, თქვენ შესაძლოა პასუხისგებაში მიეცეთ“, - ნათქვამი იყო უწყებაში, რომელიც ოჯახმა ახალგაზრდა მამაკაცის დაბადების დღეზე მიიღო.
სამხედრო კომისარიატის მიერ გამოძახებული წვევამდელი კრეისერ „მოსკვაზე“ მეზღვაურ-მზარეულად მსახურობდა. მისმა დედამ „ფონტანკას“ დაუდასტურა უწყების მიღება, რასაც „გაუგებრობა“ უწოდა.
ფრუნზეს რაიონის ადმინისტრაციამ გამოცემას უთხრა, რომ "ნაწილობრივი" მობილიზაციის ფარგლებში, მოკლე დროში დიდი რაოდენობით უწყება უნდა გაეგზავნათ. ადმინისტრაციის პრესმდივანმა მიხეილ კალინინმა აღიარა, რომ ვინაიდან სამხედრო კომისარიატის მონაცემთა ბაზაში ყოველთვის არ აქვთ ხოლმე განახლებული ინფორმაცია, შეიძლებოდა შეცდომა მოსვლოდათ.
13 აპრილს უკრაინის ხელისუფლების წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ ქვეყნის სამხედრო ძალებმა რაკეტა „ნეპტუნით" სერიოზულად დააზიანეს რუსეთის სარაკეტო კრეისერი "მოსკვა". რუსეთის თავდაცვის სამინისტროს თანახმად, კრეისერზე ხანძრის შედეგად მოხდა საბრძოლო მასალების დეტონაცია, გემი სერიოზულად დაზიანდა, ეკიპაჟი კი, სრულად ევაკუირებულია. ხანძრის გამომწვევი მიზეზი მითითებული არ იყო.
14 აპრილს ღამით კი, რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ კრეისერის ჩაძირვა დაადასტურა.
22 აპრილს რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ გამოაქვეყნა ოფიციალური შეტყობინება, რომ "მოსკვაზე" დაიღუპა ეკიპაჟის 1 წევრი და 27 დაკარგულად ითვლება. მას შემდეგ რუსეთს „დაკარგულთა“ ბედის შესახებ აღარაფერი უთქვამს. სხვადასხვა მონაცემით, „მოსკვას“ ეკიპაჟში 400-დან 680-მდე წევრი იყო, ძირითადად, ჯარში ახალგაწვეული მეზღვაურები.
რადიო თავისუფლება
0 Comments
Recommended Comments
There are no comments to display.