Jump to content
Planeta.Ge

ზელენსკის აშშ-ის პრემია "თავისუფლების მედალი" მიენიჭა, მან ამერიკელებს ერთიანობისკენ მოუწოდა


უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ მიიღო პრემია „თავისუფლების მედალი“, რომელსაც ყოველწლიურად გასცემს ამერიკული არაკომერციული ორგანიზაცია „ეროვნული საკონსტიტუციო ცენტრი“. ამასთან დაკავშირებით ზელენსკიმ ვიდეომიმართვაში ერთობისკენ მოუწოდა ამერიკელებს. ცერემონია ფილადელფიაში გაიმართა წუხელ, როცა უკრაინაში უკვე სამშაბათი დილა იყო.

„მოგიწოდებთ, შეინარჩუნოთ, როგორც ახლა, ურყევი ერთობა იმ დღემდე, როცა ყველანი გავიგებთ მნიშვნელოვან სიტყვებს, რომლებზეც ვოცნებობდით. სანამ გავიგებთ, რომ მშვიდობა ბოლოს და ბოლოს აღდგა. დემოკრატიები არ უნდა ჩერდებოდნენ გამარჯვებისკენ მიმავალ გზაზე“, - თქვა ზელენსკიმ.

მიმართვა გაისმა აშშ-ის შუალედური არჩევნების წინ, რომელზეც, როგორც პროგნოზები მეტყველებს, რესპუბლიკელებმა შეიძლება უმრავლესობა მოიპოვონ კონგრესის ორივე პალატაში. კიევი და პრეზიდენტ ჯო ბაიდენის ადმინისტრაცია აცხადებენ, რომ აშშ-ში უკრაინას ორივე პარტია უჭერს მხარს.

მაგრამ რესპუბლიკური პარტიის შიგნით არსებობს გავლენიანი იზოლაციონისტური ფრთა ექსპრეზიდენტ დონალდ ტრამპის მეთაურობით, რომელიც გამოდის უკრაინის დახმარების წინააღმდეგ იმ მასშტაბით, რომელიც ახლა შეინიშნება. საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვა მოწმობს, რომ რესპუბლიკელთა უმრავლესობის აზრით, უკრაინისთვის ამერიკის დახმარება გადაჭარბებულად დიდია.

ვოლოდიმირ ზელენსკიმ თქვა, რომ ფულად პრემიას, რომელიც ახლავს თან „თავისუფლების მედალს“, გადასცემს ვეტერანთა რეაბილიტაციის ცენტრს ბოროდიანკაში.

რადიო თავისუფლება

0 Comments


Recommended Comments

There are no comments to display.

×
×
  • შექმენი...