სალომე ზურაბიშვილი ისლანდიის პრემიერ-მინისტრს შეხვდა
საფრანგეთში საქართველოს პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის სამუშაო ვიზიტი გრძელდება.
სალომე ზურაბიშვილმა „დემოკრატიის მსოფლიო ფორუმის“ ფარგლებში, შეხვედრა გამართა ისლანდიის პრემიერ-მინისტრ კატრინ იაკობსდოტირთან. პრეზიდენტის ადმინისტრაციის ცნობით, შეხვედრაზე ორმხრივი ურთიერთობების გაღრმავების საკითხები განიხილეს.
მათივე ცნობით, შეხვედრისას ისლანდიის პრემიერმა ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის თავმჯდომარეობის ფარგლებში, ისლანდიის საქმიანობის პრიორიტეტები დაასახელა: გენდერული თანასწორობა, ბავშვთა უფლებები, კლიმატის ცვლილების საკითხი.
როგორც სალომე ზურაბიშვილმა აღნიშნა, გენდერული საკითხები საქართველოსთვისაც მნიშვნელოვანია და ის ევროკავშირის 12 რეკომენდაციაშიცაა მოცემული.
შეხვედრაზე ასევე საუბარი შეეხო საქართველოსთვის ევროპული პერსპექტივის მინიჭების საკითხს. სალომე ზურაბიშვილმა აღნიშნა, რომ საქართველოს მოსახლეობის 80 პროცენტი მხარს უჭერს ქვეყნის ევროინტეგრაციას და ეს საქართველოს კონსტიტუციაშიცაა გაწერილი.
„საუბარი შეეხო რეგიონში შექმნილ მდგომარეობასა და უკრაინაში მიმდინარე ომს. როგორც პრეზიდენტმა აღნიშნა, პატარა სახელმწიფოებმა ერთიანი ძალისხმევით უნდა დავიცვათ საკუთარი ინტერესები, რათა მათი ხმა იყოს გაგონილი და გათვალისწინებული. პრეზიდენტი ასევე შეეხო ბიომრავალფეროვნების დაცვის მნიშვნელობას – რამდენად მნიშვნელოვანია, რომ სწორედ ამ კუთხით ითანამშრომლონ პატარა სახელმწიფოებმა. პრეზიდენტმა და პრემიერმა ხაზი გაუსვეს ტურიზმის სფეროს განვითარების მნიშვნელობას ორივე ქვეყნისთვის და ამ სფეროში თანამშრომლობის გაღრმავების საკითხს“, – აცხადებენ პრეზიდენტის ადმინისტრაციაში.
პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, სალომე ზურაბიშვილმა ისლანდიის პრემიერი თბილისის ქალთა საერთაშორისო კონფერენციაზე მოიწვია, რომელიც მისი ინიციატივით დაფუძნდა და თბილისში მომავალ წელს მეორედ ჩატარდება.
0 Comments
Recommended Comments
There are no comments to display.