პრეზიდენტი - არ ვიტყოდი, რომ ვართ ნაცრისფერ ზონაში, თუმცა არც უსაფრთხოების ზონაში არ ვართ და ასეთ მომენტში, პოლარიზაცია ერის წინაშე დანაშაული ხდება, რადგან ყველაზე მეტად ასუსტებს ქვეყანას, ყველაზე მეტად გამოყენებადია მტრის მიერ
პოლარიზაცია დემოკრატიის ერთ-ერთი გამოწვევაა და ასუსტებს ქვეყანას, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა სტრასბურგში ,,დემოკრატიის მსოფლიო ფორუმზე“ გამოსვლისას განაცხადა.
საქართველოს პრეზიდენტმა ფორუმზე ისაუბრა დემოკრატიის გამოწვევებზე და განაცხადა, რომ პოლარიზაცია „ყველაზე მეტად გამოყენებადია“ მტრის მიერ.
„ვარდების რევოლუცია ქვეყნის ფარგლებს გარეთ მრავალჯერ გაიმეორეს, თუმცა საქართველოს დემოკრატიზაცია ბევრად ადრე დაიწყო, უფრო ადრეულ საუკუნეებში. უახლესი პერიოდისთვის ეს გასულ საუკუნეში მოხდა, 1918 წელს პირველი დამოუკიდებლობით, რომელიც რუსეთის შემოჭრამ და რუსულმა ოკუპაციამ შეაფერხა, შემდეგ იყო 70 წლიანი საბჭოთა რეჟიმი, რომელმაც მენტალიტეტის ცვლილება, რეპრესიები, იზოლაცია მოიტანა.
დემოკრატიული მიმართულების ხელახლა აღება 1991 წლიდან მოხდა და მაშინაც იყო რუსეთის ახალი იერიში სეპარატისტული ტერიტორიის მეშვეობით. მიუხედავად იმისა, რომ ეს მთელმა მსოფლიომ იცოდა, დასავლეთს მაშინ არ სურდა იმის დანახვა, რომ ეს იყო რუსეთის იერიში თავისი შეიარაღებითა და ჯარით, და შემდეგ კვლავ 2008 წელს... ეროვნული წინააღმდეგობის ეს კურსი, ვიტყოდი, რომ დემოკრატიული სიმტკიცეა, რომელიც ამ დარბაზიდან იწყება, როდესაც საქართველო ევროპის საბჭოს წევრად მიიღეს, პირველი ევროპული ინსტიტუცია, რომელშიც საქართველო გაწევრიანდა და იმ დროს, პრემიერ-მინისტრმა თქვა სიტყვები, რომელსაც დღეს ყველა ქართველი სტუდენტი იმეორებს „მე ვარ ევროპელი და მაშასადამე, მე ვარ ქართველი“ ან ,,მე ვარ ქართველი და მაშასადამე, მე ვარ ევროპელი.“ და ასე ფიქრობს და ეს სურს მოსახლეობის 80%-ს.
რა თქმა უნდა, ჩვენ არ მიგვიღწევია იდეალური დემოკრატიისთვის, თუმცა რომელმა თქვენგანმა მიაღწია დღეს? ჩვენ ვნახეთ პერიოდები, როცა რეფორმები სწრაფად წავიდა და ისეთი პერიოდებიც, როცა ნაკლებად სწრაფად, მაგრამ ჩვენ დღეს ისეთი გამოწვევის წინაშე ვდგავართ, რომელიც დღევანდელ დემოკრატიას ემუქრება. გამოწვევა, რომელსაც შესანიშნავად უწევს წინააღმდეგობას მთლიანად უკრაინელი ერი (და მსურს პატივი მივაგო მთლიანად უკრაინელ ხალხს, არა მხოლოდ მებრძოლებს). რაც კიდევ უფრო გასაოცარი და აღმაფრთოვანებელია, ამ დიდი გამოწვევის წინაშე, ამ ერის სრული ერთობაა. ეს არის ის ძალა, რომელიც ამ ომში წარმატებულია.
არის კიდევ დემოკრატიის სხვა გამოწვევაც - პოლარიზაცია, რომელიც ყველგანაა და ჩვენთან შემოიჭრა. იქნება ეს პოლიტიკურ პარტიებს შორის, მედიაში თუ ეკლესიაში, რომელიც ძალიან დიდი და მნიშვნელოვანი ინსტიტუტია საქართველოში. პოლარიზაცია იმ მნიშვნელობით, რომ აღარ ენდობი სხვას, როცა ფიქრობ, რომ სხვა უკვე მტერია, მაშინ, როცა მტერი საზღვართან გყავს, როცა ხარ რეგიონში, რომლის სტაბილურობაც ჯერ კიდევ ბოლომდე არაა მიღწეული, რადგან არაა არცერთი უსაფრთხოების ინსტიტუტი, ევროპულ და ნატო-ს საზღვარს ჯერ არ შევერთებივართ. ვართ, არ ვიტყოდი ნაცრისფერ ზონაში, თუმცა არც უსაფრთხოების ზონაში არ ვართ, და ასეთ მომენტში, პოლარიზაცია ერის წინაშე დანაშაული ხდება, რადგან ეს ყველაზე მეტად ასუსტებს [ქვეყანას], ყველაზე მეტად გამოყენებადია მტრის მიერ, მაშინ როცა სამხედრო თავდასხმას არ იყენებს. არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ რუსული ბაზა დედაქალაქიდან სულ რაღაც 30 კილომეტრშია და ქვეყნის ტერიტორიის 20% ოკუპირებულია. ეს არაა დამამშვიდებელი სიტუაცია, ეს ის სიტუაციაა, რაშიც ვცხოვრობთ და რომლის მიუხედავადაც, ვავითარებთ ამ დემოკრატიულ გამძლეობას, მიუხედავად იმისა, რომ არაიდეალურია.
მესამე გამოწვევა, ეს ჩვენი ევროპელი პარტნიორების რეაქციის არარსებობაა. საქართველოსთვის ნაცნობია ეს გზა, რომელზეც მიიწევს წინ მეზობლობის პოლიტიკიდან დაწყებული. მე მახსოვს ეს პერიოდი, მაშინ როცა საფრანგეთის ელჩის რანგში, შემდეგ კი, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის რანგში ჩავედი საქართველოში. მაშინ ყველა მეუბნებოდა, რომ მეზობლობის პოლიტიკა საქართველოსთვის არაა, რომ ეს ძალიან შორია და არასდროს მოხდება. შემდეგ ვიხილეთ მეზობლობის პოლიტიკა, ასოცირება, ვიზალიბერალიზაცია, თავისუფალი სავაჭრო სივრცე - ეს ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯებია, თუმცა არ ყოფილა ევროპის მხრიდან რეაქცია. შესაძლოა, ევროპულმა პოლიტიკურმა საზოგადოებამ ნაწილობრივ მოახდინა რეაგირება, თუმცა საქართველომ, უკრაინისა (რაც მოსახლეობისათვის ნათლად გასაგები იყო) და მოლდოვასათვის კანდიდატის სტატუსის მიცემის პროცესში, დიდი იმედგაცრუება განიცადა. მიუხედავად ყველაფრისა, იმედგაცრუება, ანუ პროცესის მიღმა დარჩენა სხვისთვის მესიჯია, რომ შესაძლოა, არსებობდეს მყიფე სიტუაცია, რომლის გამოყენებასაც ერთ დღეს შეძლებს, რითაც სხვა დანაკარგების და დეფექტების კომპენსირებას მოახდენს. ყურადსაღები საკითხია.
ასე რომ, ჩვენ განვიცადეთ ვიტყოდი ეს ეგზისტენციალური იმედგაცრუება. ჩვენ იმდენად ევროპელები ვართ და უკვე იმდენი ხანია, რომ რაღაც მომენტში უნდა შევუერთდეთ ამ ევროპულ ოჯახს. ვფიქრობ, დღეს დასაკარგი დრო აღარ გვაქვს. საქართველოსათვის საჭიროა კანდიდატობა. გზავნილი გაგებულ იქნა - თქვენ არ ხართ სრულყოფილი - და არ ვართ სრულყოფილი, თუმცა დღეს საჭიროა კანდიდატურა და საჭიროა, რომ შემდეგი გზაც იყოს ზედმიწევნითი”,- განაცხადა პრეზიდენტმა.
იპნ
0 Comments
Recommended Comments
There are no comments to display.