სახელმწიფო სტრუქტურებში სამსახურებრივი გულგრილობის ფაქტები 83.33%-ით გაიზარდა
2022 წლის იანვარ-სექტემბერში სამოხელეო დანაშაული წლიურად 5.47%-ით შემცირდა. ამის შესახებ ოფიციალურ სტატისტიკას შინაგან საქმეთა სამინისტრო აქვეყნებს.
კერძოდ, უწყების ცნობით, მიმდინარე წლის 1-ელ 9 თვეში სამოხელეო დანაშაულის 432 რეგისტრირებული ფაქტი გამოვლინდა, საიდანაც 23.61% ანუ 102 შემთხვევა გაიხსნა. 2021 წლის იანვარ-სექტემბერში კი ამ სახის დანაშაულის 457 ფაქტი აღირიცხა და მათგან 86, ანუ 18.82% გაიხსნა.
ამასთან, შინაგან საქმეთა სამინისტროს მონაცემებით, 2022 წლის იანვარ-სექტემბერში სახელმწიფო სტრუქტურებში გაიზარდა სამსახურებრივი გულგრილობის, სამსახურებრივი სიყალბის, ქრთამის აღებისა და მიცემის ფაქტები, შესაბამისად, 83.33%-ით, 34.29%-ით, 4.35%-თა და 14.29%-ით.
კერძოდ, იანვარ-სექტემბერში სამსახურებრივი გულგრილობის -77, სამსახურებრივი სიყალბის - 47; ქრთამის აღების - 24 და ქრთამის მიცემის - 8 შემთხვევა დაფიქსირდა.
აღსანიშნავია, რომ უწყების ოფიციალური სტატისტიკით, ყველა სხვა ტიპის დანაშაული შემცირებულია.
შს სამინისტროს მონაცემებზე დაყრდნობით, 2022 წლის იანვარ-სექტემბერში სამოხელეო დანაშაულის რეგისტრირებული ფაქტებიდან 64 - სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების და 187 - სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების შემთხვევა დაფიქსირდა. აღნიშნულ დარღვევებზე, სტატისტიკა წლიურად შესაბამისად, 11.11%-თა და 23.05%-ით არის შემცირებული.
0 Comments
Recommended Comments
There are no comments to display.