Jump to content
Planeta.Ge

რუსეთი ყაზახურ ქვანახშირს გზას უკეტავს - ამოქმედდება თუ არა აქტაუ-აზერბაიჯანი-საქართველოს ალტერნატიული მარშრუტი


რუსეთის ენერგეტიკის სამინისტრო ყაზახეთიდან რუსეთის გავლით ქვანახშირის ტრანსპორტირებას აკრძალავს. ინფორმაციას „ვედომოსტი“ ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, ინიციატივა ოქტომბრის შუა რიცხვებისთვის მომზადდა, როცა რუსული ქვანახშირის ექსპორტის განვითარებისთვის ფედერაციის ვიცე-პრემიერ ალექსანდრ ნოვაკთან შეხვედრა გაიმართა.

პროექტის თანახმად, ენერგეტიკის სამინისტრომ რუსეთის რკინიგზის აღმოსავლეთ პოლიგონზე, ანუ ბაიკალ-ამურისა და „ტრანსსიმბირის“ რკინიგზასთან ქვანახშირის მწარმოებელი რეგიონების თანაბარი წვდომა უნდა უზრუნველყოს, ამიტომ ქვანახშირის ტრანზიტი მესამე ქვეყნებიდან, მათ შორის ყაზახეთიდან, უნდა აიკრძალოს.

 

ასევე, რუსი ექსპორტიორების მხარდასაჭერად სამინისტრო გამოდის წინადადებით, „სარკინიგზო ინფრასტრუქტურის სატრანსპორტო სიმძლავრის განაწილების დროს რეგიონების პრიორიტეტიზაცია“ გამოირიცხოს და მესამე ქვეყნებიდან ქვანახშირის ტრანზიტი დროებით აიკრძალოს.

„ამით უზრუნველყოფილი იქნება რუსული პროდუქციის ტრანსპორტირებისა და პორტებში გადაზიდვის უპირატესობა,“ - ნათქვამია სამინისტროს განცხადებაში.

როგორც ცნობილია, 1-ლი აგვისტოდან ძალაში შევიდა ევროკავშირში ქვანახშირისა და სხვა სახის მყარი წიაღისეული საწვავის იმპორტის აკრძალვა, რომელიც მოპოვებული ან ექსპორტირებულია რუსეთიდან. ეს აკრძალვა ევროკავშირმა აპრილში, რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მეხუთე პაკეტის ფარგლებში მიიღო. გაერთიანება ალტერნატიულ მიმწოდებლებს ეძებს, რომელთა შორის იმ პერიოდში „კომერსანტი“ ერთ-ერთ ექსპორტიორ ქვეყნად, ტანზანიისა და ნიგერიასთან ერთად, ყაზახეთს ასახელებდა. ამასთან, ყაზახეთიდან ევროკავშირში ქვანახშირის ექპორტის ზრდას იმიტომაც მოელიან, რომ ეს ქვანახშირი ევროპული ელექტროსადგურებისთვის შესაფერისია, საექსპორტო მარშრუტად კი აქტაუს პორტიდან აზერბაიჯანისა და საქართველოს ტეროიტორია სახელდება.

დაანონსებულ სატრანიტო აკრძალვამდე რუსეთის რკინიგზის შესაძლებლობებს გარკვეული ტექნიკური და სამართლებრივი შეზღუდვები ევროკავშირის მიერ დაწესებული სანქციების გამოც ჰქონდა, ამიტომ ყაზახური მხარე კასპიის ზღვაზე აქტაუს პორტის განავითარებასა და აზერბაიჯანი-საქართველოს გავლით ალტერნატიულ ექსპორტზე მანამდეც ფიქრობდა.

„ჩვენ ყველაზე მეტად ზღვაზე გასასვლელი გვჭირდება. ზოგადად, რუსეთთან და ბელარუსთან ერთიანი ეკონომიკური სივრცე ზუსტად იმიტომ შევქმენით, რომ ამ ქვეყნების სატრანზიტო ტერიტორიების გამოყენებით ზღვაზე გასვლა შეგვძლებოდა,“ - აცხადებდა ჯერ კიდევ აგვისტოში ყაზახეთის სამთომომპოვებელ და სამთომეტალურგიულ საწარმოთა ასოციაციის ხელმძღვანელი, ნიკოლაი რადოსტოვეცი.

Eurostat-ის მონაცემებით, იანვრიდან მაისამდე პერიოდში ყაზახეთმა ევროკავშირის ქვეყნებს 1,5 მილიონი ტონა ქვანახშირი მიაწოდა, რაც, 2021 წლის მთლიან მოცულობაზე, თითქმის, ორჯერ მეტია. თუ იანვარსა და თებერვალში მიწოდების მოცულობა, დაახლოებით, 140-200 ათასი ტონა იყო, უკრაინაში საომარი მოქმედებების დაწყების შემდეგ ყაზახეთი ევროკავშირში ყოველთვიურად 300-400 ათას ტონა ქვანახშირს აგზავნის, მაშინ, როცა ერთი წლის წინ, აპრილსა და მაისში ყაზახური ქვანახშირის ექსპორტი ევროპაში მხოლოდ 60-70 ათას ტონას შეადგენდა.

მოამზადა ლადო სულაბერიძემ

0 Comments


Recommended Comments

There are no comments to display.

×
×
  • შექმენი...