ჩრდილოეთ კორეა: სარაკეტო იერიშები აშშ-სამხრეთ კორეაზე თავდასხმაში ვარჯიში იყო
ჩრდილოეთ კორეის შეიარაღებული ძალების განცხადებით, ბოლოდროინდელი სატესტო სარაკეტო გაშვების სერია სამხრეთ კორეულ და ამერიკულ სამიზნეებზე "დაუნდობელი" იერიშისთვის ვარჯიში იყო. მათი მტკიცებით, სამიზნე ობიექტებს შორისაა საჰაერო ბაზები, მართვის პუნქტები და სხვა.
ფხენიანი აცხადებს, რომ ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ უნი არ აპირებს უკან დაიხიოს "მისი მეტოქეების მხრიდან სამხედრო წვრთნების გაფართოებაზე" პასუხად. მაგრამ, ზოგიერთი ექსპერტის აზრით, კიმმა ეს წვრთნები საკუთარი ბალისტიკური არსენალის გათანამედროვებისა და დახვეწისთვის გამოიყენა. ასევე - იმისთვის, რომ მოგვიანებით, ვაშინგტონსა და სეულთან მოლაპარაკებებისას, მეტი ბერკეტი ჰქონდეს.
ჩრდილოეთ კორეამ გასულ კვირას ზღვის მიმართულებით ათობით რაკეტა გაისროლა და საბრძოლო თვითმფრინავი გაუშვა. შედეგად, სამხრეთ კორეისა და იაპონიის ზოგიერთ ტერიტორიაზე საგანგაშო სიგნალები ამოქმედდა. ფხენიანი ამერიკისა და სამხრეთ კორეის საჰაერო შეიარაღებული ძალების მიერ ჩატარებულ წვრთნებს, ჩრდილოეთ კორეაში შეჭრის რეპეტიციად მიიჩნევს.
შეერთებული შტატების და სამხრეთ კორეის ოფიციალურმა პირებმა ჩრდილოეთის ქმედებებს განცხადებით უპასუხეს. მასში ნათქვამია, რომ ვაშინგტონი და სეული ერთობლივ საწვრთნელ აქტივობებს განაგრძობენ და გააძლიერებენ. ისინი ჩრდილოეთ კორეას აფრთხილებენ, რომ ფხენიანის მხრიდან ბირთვული იარაღის გამოყენება კიმ ჩენ უნის რეჟიმის დასასრული იქნება.
ამერიკის ხმა
0 Comments
Recommended Comments
There are no comments to display.