სომხეთმა საქართველოდან რუსეთში საბორნე მიმოსვლის შეფერხების მიზეზი დაასახელა
სომხეთის ეკონომიკის მინისტრმა ვაჰან ქერობიანმა საქართველოდან რუსეთის მიმართულებით საბორნე გადასასვლელის ამოქმედების შეფერხების მიზეზები დაასახელა.
მის სიტყვებით, ფოთის პორტის ოპერატორი კომპანია მკაცრად აკვირდება, რუსეთისადმი ევროკავშირისა და აშშ-ის მიერ დაწესებული სანქციების დაცვას. ქერობიანის თქმით, კომპანიისგან ჯერ არ მიუღიათ პასუხი რამდენი ხნის შემდეგ მიიღებენ გადაწყვეტილებას ამა თუ იმ ტვირთის გაშვება-არგაშვების თაობაზე.
„ჩვენ გვინდა, რომ ეს კავშირი იყოს ისეთი სტაბილური და პროგნოზირებადი, რომ სახელმწიფო ბიუჯეტიდან დახარჯულმა თანხებმა ეკონომიკური შედეგი მოგვცეს“, - განაცხადა ქერობიანმა სომხეთის პარლამენტში გამოსვლისას.
მინისტრმა იმედი გამოთქვა, რომ საბორნე გადასასვლელი ზამთრის დადგომამდე ამოქმედდება.
„როგორც გაირკვა, ეს პრობლემა იმაზე რთულია, ვიდრე თავიდან ხელისუფლებას წარმოედგინა. ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ იმისათვის, რომ ეს გაკეთდეს, რადგან ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი რგოლი სომხეთსა და ევრაზიის კონტინენტს შორის“, - აღნიშნა ქერობიანმა.
ფოთის პორტს ნიდერლანდის გადამზიდავი კომპანია APM Terminals Poti მართავს.
მანამდე სომხეთის მხარემ არაერთხელ განაცხადა, რომ, სავარაუდოდ, მალე რუსეთ-საქართველოს შორის შავი ზღვით ტვირთების საბორნე გადაზიდვა დაიწყება, რითი სარგებლობაც სომხეთში ტვირთების გადამზიდავებს შეეძლებათ. საუბარია ფოთის პორტიდან რუსეთის კავკაზის პორტთან დამაკავშირებელ საბორნე გადასასვლელზე.
საბორნე გადასასვლელი ზემო ლარსზე გამავალი გზის ალტერნატივა, ეს ერთადერთი სახმელეთო მარშრუტია, რომელიც სომხეთს რუსეთთან აკავშირებს.
აგვისტოში საქართველოს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტომ, რომელიც საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს დაქვემდებარებაში შემავალი სტრუქტურაა, განცხადება გაავრცელა რომელიც მხოლოდ ის იყო განმარტებული, რომ საქართველოს სატრანზიტო კორიდორის გადატვირთულობის გამო, სომხეთს მალფუჭებადი პროდუქტების გადაზიდვისას შეფერხება ექმნება. ამიტომ „სომხეთის რესპუბლიკის მთავრობამ თხოვნით მიმართა საქართველოს მთავრობას, ლარსის სასაზღვრო-გამშვები პუნქტის ალტერნატივად ასევე განხილული ყოფილიყო საზღვაო ტრანსპორტიც, რომელიც საკვები და მალფუჭებადი, ასევე ესენციური პროდუქტების ნაწილში სომხეთის ტრანზიტულ ტვირთს დაამუშავებს“.
განცხადებაში ასევე ეწერა, რომ ვინაიდან სომხეთს ზღვაზე გასასვლელი არ აქვს, საქართველოს ნავსადგურებით სარგებლობს, რასაც საერთაშორისო კონვენცია ითვალისწინებს.
აგვისტოს ბოლოს ეკონომიკის სამინისტრომ განაცხადა, რომ საქართველომ დაასრულა კონსულტაციები სატრანსპორტო კომპანიებთან რუსეთთან საბორნე გადასასვლელის გახსნასთან დაკავშირებით.
რადიო თავისუფლება
0 Comments
Recommended Comments
There are no comments to display.