5 ივლისის ძალადობის საქმეზე 16 ჟურნალისტი სტრასბურგის სასამართლოს საჩივრით მიმართავს
2021 წლის 5 ივლისს სიძულვილის ჯგუფების მიერ თავდასხმების დროს დაზარალებული ჟურნალისტები, ოპერატორები და ფოტოგრაფები ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს საჩივრით მიმართავენ. 16 ადამიანი მიიჩნევს, რომ მათ მიმართ დაირღვა ევროპული კონვენციის მე-3 (წამების აკრძალვა), მე-10 (გამოხატვის თავისუფლება), მე-13 (სამართლებრივი დაცვის ქმედითი საშუალების უფლება) და მე-14 (დისკრიმინაციის აკრძალვა) მუხლები. მათი სახელით სარჩელი "საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ" მოამზადა.
"დღევანდელი მოცემულობით, ნათელი ხდება, რომ, მიუხედავად კონკრეტული მოძალადე პირების დასჯისა, სისხლის სამართლის საქმის საპროცესო ხელმძღვანელ უწყებებს არ აქვთ ნებელობა, დასაჯონ ძალადობის ორგანიზატორი პირები, ხოლო საერთოდ რეაგირების გარეშეა დატოვებული სახელმწიფოს პასუხისმგებლობის საკითხი, რომელსაც ევალებოდა 2021 წლის 5 ივლისს, მათ შორის, ჯეროვნად დაეცვა ჟურნალისტები, რათა მათ ხელშეშლის გარეშე განეხორციელებინათ თავიანთი პროფესიული საქმიანობა", - აცხადებენ საიაში.
ორგანიზაციაში აღნიშნავენ, რომ მართალია, გამოძიება მიმდინარეობს ძალადობის ორგანიზატორთა მიმართ, თუმცა არ არის ეფექტიანი:
"აღსანიშნავია, რომ 5-6 ივლისის მოვლენების ეფექტიანი გამოძიებისკენ სახელმწიფო უწყებებს მოუწოდა როგორც ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტმა, ისე ევროპარლამენტმაც. მათ შორის, 2022 წლის 09 ივნისის რეზოლუციაში აღნიშნულია, რომ ამგვარი ქმედებების ჩამდენთა დაუსჯელობა არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება იყოს შეწყნარებული, რადგან ეს არღვევს, როგორც საქართველოს ეროვნულ კანონმდებლობას, ისე სახელმწიფოს საერთაშორისო ვალდებულებებს".
2021 წლის 5 ივლისს, მაშინ, როცა თბილისში "ღირსების მარში" უნდა გამართულიყო, ცენტრალური ქუჩები, საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის სასულიერო პირებისა და "ალტ-ინფოს" მოწოდებით, სიძულვილის ჯგუფებმა დაიკავეს. იმ დღეს დაშავდა 30-ზე მეტი ჟურნალისტი, მათ შორის ზოგს რამდენიმეთვიანი რეაბილიტაცია დასჭირდა. ამ დრომდე არავინაა დაკავებული და პასუხისგებაში მიცემული ძალადობის ორგანიზების ბრალდებით.
რადიო თავისუფლება
0 Comments
Recommended Comments
There are no comments to display.