Jump to content
Planeta.Ge

მიხეილ დაუშვილი - ცალკე აღებული კანონი ვერ უზრუნველყოფს დეოლიგარქიზაციას, მთავარ ცვლილებებს ვხედავთ სტრუქტურულ და ინსტიტუციურ რეფორმებში


ცალკე აღებული კანონის მიღება ვერ უზრუნველყოფს დეოლიგარქიზაციას, – ამის შესახებ პარტია „საქართველოსთვის“ წევრმა, მიხეილ დაუშვილმა საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „აქტუალური შაბათი – მაკა ცინცაძესთან ერთად“ განაცხადა.

„დეოლიგარქიზაცია რომ მოხდეს, ამისთვის საჭიროა, სახელმწიფო ინსტიტუტები, პირველ რიგში, მართლმსაჯულების სისტემა, სასამართლო, პროკურატურა, საგამოძიებო ორგანოები მოქმედებდნენ არა პარტიული ინტერესიდან, არამედ კონსტიტუციიდან და კანონის უზენაესობიდან გამომდინარე. ამიტომ, ჩვენ დეოლიგარქიზაციისთვის მთავარ ცვლილებებს ვხედავთ სტრუქტურულ და ინსტიტუციურ რეფორმებში“, – განაცხადა დაუშვილმა.

მისი თქმით, დეოლიგარქიზაციის შესახებ უკრაინული კანონი ევროკომისიის მიერ მოწონებული არ არის.

გადაცემის წამყვანის შეკითხვაზე, ექნება თუ არა მათი პარტიის მხარდაჭერა დეოლიგარქიზაციის შესახებ კანონს სხვა რეკომენდაციების შესრულების პარალელურად, რადგან რეკომენდაციების დანარჩენი პუნქტები სწორედ ინსტიტუციების გამართულად მუშაობას გულისხმობს, მიხეილ დაუშვილმა განაცხადა, რომ პარტიამ „საქართველოსთვის“ სადაც მცირე რესურსი დაინახა, რომ კანდიდატის სტატუსის მისაღებად მათი კომპრომისი იყო საჭირო, ეს კომპრომისი უკვე ყველგან გააკეთა.

„რამდენიმე პუნქტთან დაკავშირებით „ქართულმა ოცნებამ“ რაც შემოგვთავაზა, მაგალითად, ომბუდსმენთან დაკავშირებით რეგლამენტის ცვლილება, სტრასბურგის გადაწყვეტილებების აღსრულების მექანიზმების კანონმდებლობაში გაწერა და კიდევ რამდენიმე საკითხი, სადაც თუნდაც მცირე რესურსი დავინახეთ, რომ კანდიდატის სტატუსის მისაღებად ჩვენი კომპრომისი იყო საჭირო, ეს კომპრომისი უკვე ყველგან გავაკეთეთ და ყველგან მხარი დავუჭირეთ გადაწყვეტილებებსა და ინიციატივებს, რომელიც „ოცნების“ მხრიდან იყო შემოთავაზებული, მიუხედავად იმისა, რომ „ოცნებამ“ ჩვენი არც ერთი რეკომენდაცია არ გაითვალისწინა. მეტიც, არ გაითვალისწინა ჩვენი მთავარი სტრატეგიული მოკავშირის, აშშ-ის საელჩოს არც ერთი არსებითი რეკომენდაცია, მაგალითად, მართლმსაჯულების სისტემასთან დაკავშირებით“, – განაცხადა დაუშვილმა.

 

გადაცემის წამყვანმა დაუშვილს ასევე კითხვა დაუსვა, რომ როდესაც არაფორმალურ მმართველობაზე და ოლიგარქიის პრობლემაზეა საუბარი, როდიდან ხედავს პარტია „საქართველოსთვის“ ამ პრობლემას, იმის გათვალისწინებით, რომ როგორც გიორგი გახარიამ თანამდებობის დატოვების შემდეგ ერთ-ერთ ინტერვიუში აღნიშნა, ბიძინა ივანიშვილი მის საქმიანობაში არასდროს ერეოდა და კომუნიკაცია მათ შორის, ვერც მაშინ დაამყარა, როცა ამის მცდელობა გახარიას თავად ჰქონდა. აღნიშნულის პასუხად მიხეილ დაუშვილმა განაცხადა, რომ გახარია და პარტია „საქართველოსთვის“ პრობლემას ვერ ხედავს იმ პერიოდზე, როდესაც ბიძინა ივანიშვილი მმართველი პარტიის თავმჯდომარე იყო და ის იყო ფორმალურად პასუხისმგებელი პირი მოქალაქეების წინაშე.

„იმ პერიოდზე ვინმეს უთქვამს რამე? იმ პერიოდზე ბატონმა გახარიამ, ან ჩვენ როდესმე რამე ვთქვით? აქ მთავარი საკითხი დგება მაშინ, როდესაც პირადი ინტერესები და სახელისუფლებო პარტიული ინტერესები უფრო მაღლა დადგა, ვიდრე ქვეყნის სახელმწიფო ინტერესები. ამის შემდგომ შემოდის სწორედ ეს რისკები; როდესაც ქვეყნის საგარეო კურსი დადგა კითხვის ნიშნის ქვეშ, ამის შემდგომ შემოდის ეს კითხვები და ბრალდებები; როდესაც ევროკავშირმა პირდაპირ გვითხრა, ოლიგარქი გყავთ და დეოლიგარქიზაცია მოახდინეთო, ამის შემდგომ შემოდის ეს კითხვები და ბრალდებები; როდესაც ქვეყანაში კორუფციული რისკები და კორუფცია მნიშვნელოვნად გაიზარდა, ამის შემდგომ შემოდის ეს კითხვები, რადგან სწორედ კორუფციაა ის, რითაც ძალაუფლების შენარჩუნება ფინანსდება“, – განაცხადა მიხეილ დაუშვილმა.

 

0 Comments


Recommended Comments

There are no comments to display.

×
×
  • შექმენი...