10 წლის შემდეგ ქანდაკება "შენ ხარ ვენახი" თავიდან გაიხსნა - თელავის მერიას მონტაჟი 35 000 ლარი დაუჯდა
თელავის ერთ-ერთ სიმბოლოდ მიჩნეული ქანდაკება "შენ ხარ ვენახი" 10 წლიანი პაუზის შემდეგ ერეკლე მეორის სასახლის მიმდებარე ტერიტორიაზე, სკვერში განთავსდა. ძეგლის რესტავრაციისა და მონტაჟისთვის ადგილობრივი ბიუჯეტიდან 35 000 ლარი დაიხარჯა.
ვაზს შემოხვეული ქალის მონუმენტი, რომელსაც ხელში ყურძნის მტევნები უკავია 2012 წელს, თელავის რეაბილიტაციის დროს აიღეს, თუმცა სამუშაოების დასრულების შემდეგ უკან აღარ დააბრუნეს. მონუმენტი დაშლილ მდგომარეობაში საწყობში ინახებოდა. ამას ადგილობრივების ერთი ნაწილის უკმაყოფილება მოჰყვა. ისინი ძეგლის დაბრუნებას ითხოვდნენ და ხელმოწერებიც შეაგროვეს.
ქანდაკება, რომელიც ავტორი მოქანდაკე ჯემალ თუშურაშვილია, 5 ნოემბერს საზეიმოდ გახსნეს. თელავის მერია ძეგლის დაბრუნების გადაწყვეტილებას მოსახლეობის მოთხოვნას უკავშირებს.
"აღნიშნული ძეგლის რეაბილიტაციის გადაწყვეტილება ერთხმად არ მიგვიღია. პროცესს წინ უძღოდა მოქალაქეთა გამოკითხვა, საბოლოოდ კი გადაწყვეტილება დარგის სპეციალისტებთან და სამოქალაქო საზოგადოების დიდ ნაწილთან დიალოგის შემდეგ მივიღეთ. როდესაც ძეგლის ხელახალ განთავსებასა და რეაბილიტაციაზე ვფიქრობდით, აზრთა სხვადა სხვაობა გამოიწვია ძეგლის განთავსების ადგილმა, თუმცა გადამწყვეტი აღმოჩნდა ავტორის პოზიცია და ბატონი ჯემალის გადაწყვეტილებით ,,შენ ხარ ვენახი" პირვანდელ ადგილს დაუბრუნდა. ძეგლი თამამად შეიძლება ითქვას, თელავის ერთ-ერთი სავიზიტო ბარათი იყო ყოველთვის" - განაცხადა თელავის მერმა ლევან ანდრიაშვილმა.
ქანდაკება თელავში XX საუკუნის 80-იან წლებში დაამონტაჟეს და ის, ქალაქის ცენტრში თითქმის 30 წლის განმავლობაში იდგა.
რადიო თავისუფლება
0 Comments
Recommended Comments
There are no comments to display.