ოკუპირებულ ცხინვალში საზოგადობრივი ტრანსპორტის მძღოლები გაიფიცნენ
ავტობუსების მძღოლებმა გაფიცვა გამოაცხადეს და მარშრუტებზე არ გავიდნენ ოკუპირებულ ცხინვალში. ამის მიზეზად მათ დაბალი ხელფასი და ამ ხელფასის დაგვიანება დაასახელეს. საგზაო ტრანსპორტის ადმინისტრაციის დირექტორმა ალბერტ დუდაევმა სააგენტო „რეს"-ისთვის მიცემულ კომენტარში თქვა, რომ მძღოლების ხელფასი მრავალი წლის განმავლობაში არ გაზრდილა. მისი თქმით, საზოგადოებრივი ტრანსპორტის მძღოლების მაქსიმალური ხელფასი 8000 რუბლია (დაახლოებით 350 ლარი).
„მძღოლები საათობრივი ანაზღაურებით თვეში ორ კვირას მუშაობენ. მათი ხელფასი კი 2013 წლიდან არ შეცვლილა. ისინი იღებენ მცირე ხელფასს ყოველგვარი დანამატის გარეშე. მძღოლები, რომლებიც სოფლებში, კვირაში ორ რეისს ასრულებენ იღებენ ხელფასს 4000-5000 რუბლს (200 ლარამდე), ხოლო, მძღოლები, რომლებიც მუდმივად არიან ჩართულნი საქალაქო მარშრუტებში, მათი ხელფასი 7000-8000 რუბლს (დაახლოებით 350 ლარი) შეადგენს ორი კვირის განმავლობაში“, - განმარტა დუდაევმა.
გაფიცულ მძღოლებს დე ფაქტო რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრი კონსტანტინე ჯუსოევი შეხვდა, რომელმაც პირობა დადო, რომ მათი ხელფასების ზრდა მომავალი წლის ბიუჯეტში იქნება გათვალისწინებული. როგორც სააგენტო „რეს"-ს მთავრობის პრესსამსახურში განუცხადეს, ამ საკითხს ცალკე შეხვედრა დაეთმობა.
„პრემიერი შეხვდა მძღოლებს, პირობა დადო, რომ მათ პრობლემებს სპეციალურ შეხვედრაზე განიხილავენ, განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა მძღოლების ხელფასების გაზრდის საკითხს. პრემიერმა ისინი დაარწმუნა, რომ საკითხი დადებითად გადაწყდება“, - აცხადებენ დე ფაქტო მთავრობის პრესსამსახურში.
საგზაო ტრანსპორტის სამმართველოში ამჟამად 40-ზე მეტი მძღოლი მუშაობს.
რადიო თავისუფლება
0 Comments
Recommended Comments
There are no comments to display.