ანა ჯაბაურის განცხადებით, ცოტნე გამსახურდიას ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია, ის სიტყვების დამარცვლით წარმოთქმასაც ცდილობს
საქართველოს პირველი პრეზიდენტის შვილის, ცოტნე გამსახურდიას მეუღლის, ანა ჯაბაურის განცხადებით, გამსახურდიას ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია. აღნიშნულის შესახებ ჯაბაურმა „ინტერპრესნიუსს“ განუცხადა. მისივე განმარტებით, გამსახურდია სიტყვების დამარცვლით წარმოთქმასაც ცდილობს.
„ცოტნეს ჯანმრთელობის მდგომარეობა ჰემოდინამიკური მაჩვენებლებისა და სასიცოცხლო კრიტერიუმების მხრივ სტაბილურია. მაგრამ მოგეხსენებათ, მძიმე ტრავმების შედეგად თავის ტვინის ღრმა დაზიანება აქვს, რის გამოც, შეზღუდული აქვს კოგნიტიური და ფიზიკური შესაძლებლობები. ამ სამწუხარო რეალობის ფონზე, ორი პოზიტიური მომენტი მინდა გაგიზიაროთ: ერთი, ცოტნეს მდგომარეობა არ უარესდება და არც სტაგნაციას განიცდის - ძალიან პატარა, კუს ნაბიჯებით, მაგრამ მაინც მივიწევთ წინ; მეორე -არ ვკარგავთ იმედსა და მოთმინებას და არასოდეს არ ვწყვეტთ ბრძოლას, რაც მიგვაჩნია, რომ საბოლოო გამარჯვების მთავარი საწინდარია. ამ ეტაპზე, მაგალითად, ბგერების წარმოთქმის, სიცილისა და სხვა ემოციების გამოხატვის უნარს დაემატა სიტყვების დამარცვლით წარმოთქმის უნარიც”, - განაცხადა ჯაბაურმა.
მისივე თქმით, კოლხური კოშკის გარშემო შექმნილი ვითარების გამო, ცოტნე გამსახურდია რეაბილიტაციას სახლში ვერ გადის.
„თითქმის, წელიწადნახევარია, რაც ვიმყოფებით წეროვანის მარო მაყაშვილის სახელობის სამხედრო სარეაბილიტაციო ცენტრში. დღესდღეობით, ეს გამოუვალი სიტუაციიდან უფროა გამომდინარე, ვიდრე აუცილებლობისგან. რეაბილიტაცია, რომელიც უტარდება ცოტნეს - ფიზიოთერაპია, ოკუპაციური თერაპია, ლოგოპედის სამკურნალო თერაპია და სხვა შესაძლებელი და უკეთესიცაა ტარდებოდეს სახლის პირობებში. სამწუხაროდ, გერმანიიდან დაბრუნების შემდეგ ვერ ვახერხებთ შინ დაბრუნებას და ჯერჯერობით უცნობია სანამდე მოგვიწევს სამედიცინო დაწესებულებებში ცხოვრება”, - განაცხადა ჯაბაურმა.
შეგახსენებთ, რომ ცოტნე გამსახურდია 2019 წლის 19 დეკემბერს დაჭრეს. მას თავდაპირველად, ხეჩინაშვილის კლინიკაში მკურნალობდნენ, შემდეგ კი, თურქეთის კლინიკაში გადაიყვანეს. გამსახურდიას დაჭრის ფაქტზე რამდენიმე პირი დააკავეს.
იპნ
0 Comments
Recommended Comments
There are no comments to display.