ნინო დოლიძე - მოვუწოდებთ თეა წულუკიანს, შეწყვიტოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოდან თანამშრომლების უკანონოდ გათავისუფლება - თავისუფლდებიან პროფესიონალები, რაც საფრთხეს უქმნის მემკვიდრეობის დაცვას
„სამართლიანი არჩევნების“ აღმასრულებელი დირექტორის, ნინო დოლიძის განცხადებით, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრად თეა წულუკიანის დანიშვნის შემდეგ, სამინისტროს სხვადასხვა სტრუქტურულ ერთეულებში დაწყებული მასშტაბური საკადრო წმენდა გრძელდება და ამ დროისთვის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულ სააგენტოსა და საქართველოს ეროვნული მუზეუმიდან 100-ზე მეტი თანამშრომელი გათავისუფლდა.
მისივე თქმით, 1-ელ ნოემბერს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულ სააგენტოში რეორგანიზაციის მორიგი ტალღა დასრულდა, რის შედეგადაც შრომითი უფლებების უხეში დარღვევის, მტრული სამუშაო გარემოსა და მათი უგულებელყოფის მსხვერპლი 25-მდე პირი გახდა.
დოლიძის განცხადებით, ბოლო ერთი წლის განმავლობაში, კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო რეორგანიზაციას ორჯერ დაექვემდებარა. კერძოდ, თანამშრომლების ნაწილი 2022 წლის დასაწყისში გათავისუფლდა, ხოლო ნაწილმა სამსახური, ოქტომბერში, მეორედ განხორციელებული რეორგანიზაციის შედეგად დაკარგა.
„სამართლიანი არჩევნები“ საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრს, თეა წულუკიანს მოუწოდებს, თანამშრომელთა უკანონოდ გათავისუფლება შეწყვიტოს და სამინისტროს საკადრო პოლიტიკა კანონისა და კარგი საჯარო მმართველობის ფარგლებში მოაქციოს.
„ყველაზე სამწუხარო და შემაშფოთებელი არის ის, რომ სწორედ პროფესიონალები თავისუფლდებიან თავიანთი თანამდებობებიდან და ეს საფრთხეს უქმნის არა მხოლოდ ამ ადამიანების, არამედ მათ შორის, კულტურული მემკვიდრეობების დაცვას, იმიტომ რომ, როდესაც პროფესიონალები თავისუფლდებიან კულტურული მემკვიდრეობა და ზოგადად ეს სფერო ისეთი ადამიანების ხელში რჩება, რომელთაც ამ მიმართულებით ცოდნა არ გააჩნიათ. ეს არის ძალიან დიდი პრობლემა. ჩვენ, რა თქმა უნდა, ყველა იმ ადამიანის უფლებას დავიცავთ, რომლებიც უკანონოდ იქნა გათავისუფლებული და ბოლომდე მივყვებით,“ - განაცხადა ნინო დოლიძემ.
მისივე თქმით, „სამართლიანი არჩევნები” კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს სხვადასხვა უწყებიდან უკანონოდ გათავისუფლებული არაერთ პირის უწევს იურიდიულ დახმარებას. ორგანიზაცია უკანონოდ გათავისუფლებული თანამშრომლების სამართლებრივ მხარდაჭერასა და მათი ინტერესების დაცვას გააგრძელებს, რათა შესაბამისი კომპეტენციისა და გამოცდილების ადამიანებს საშუალება მიეცეთ, საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების, სამუზეუმო ექსპონატებისა და ეროვნული საგანძურის დასაცავად მუშაობა გააგრძელონ.
იპნ
0 Comments
Recommended Comments
There are no comments to display.