Jump to content
Planeta.Ge

ჯანეზაშვილი ამბობს, რომ ომბუდსმენობის კანდიდატურას არ ხსნის, მაგრამ გასაუბრებაზე არ მივა


ნაზი ჯანეზაშვილი აცხადებს, რომ სახალხო დამცველის კანდიდატურის შესარჩევ გასაუბრებაში მონაწილეობას არ მიიღებს, თუმცა ამასთან, კანდიდატურას არ ხსნის. ამის შესახებ მან დღეს, 4 ნოემბერს, პარლამენტში მის მოსმენამდე რამდენიმე საათით ადრე, ბრიფინგზე განაცხადა.

"არ ვაპირებ, რომ მოვხსნა კანდიდატურა, თუმცა არ ვაპირებ, რომ მონაწილეობა მივიღო გასაუბრებაში. ჩემი ინტერესი იმისა, რომ მიმეღო ამ პროცესში მონაწილეობა, განაპირობა იმან, რომ საქართველოსთვის მნიშვნელოვანი ეტაპია 12 პუნქტის შესრულების თვალსაზრისით...

სამწუხაროდ, გასაუბრების პროცესმა მე არ დამიტოვა შთაეჭდილება, რომ ისინი რეალურად ისახავენ მიზნად შეარჩიონ კანდიდატი, რომელიც იქნება საზოგადოებისთვის მისაღები, დამოუკიდებელი, პრინციპული, კვალიფიციური და დააკმაყოფილებს ყველა იმ მოთხოვნას, რაც ჩვენი ქვეყნის წინაშეა...

ეს პროცესი მე მიტოვებს შთაბეჭდილებას, რომ არ ემსახურება, რეალურად, გასაუბრების საფუძველზე შეარჩიონ კანდიდატი. მგონია, რომ ეს არის ერთგვარი შოუ.

კანონით, რეგლამენტით, არ არის სავალდებულო გასაუბრებაზე გასვლა. ამიტომ, მე ვიყენებ ამ შესაძლებლობას", - თქვა ჯანეზაშვილმა.

პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტს მისთვის დღეს უნდა მოესმინა. იგი სამოქალაქო სექტორმა წარადგინა კიდევ ორ კანდიდატთან, გიორგი ბურჯანაძესთან და ანა აბაშიძესთან ერთად.

ნაზი ჯანეზაშვილი ორგანიზაცია „საქართველოს სასამართლოს გუშაგის” დამფუძნებელია; 2017-2021 წლებში პარლამენტის მიერ არჩეული იყო საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრად.

სახალხო დამცველების კანდიდატების მოსმენა პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტში 25 ოქტომბერს დაიწყო და დღეს დასრულდება. კენჭისყრა გაიმართება მას შემდეგ, რაც დეპუტატები ყველა კანდიდატს მოუსმენენ.

სახალხო დამცველს, ნინო ლომჯარიას, უფლებამოსილების ვადა ეწურება 2022 წლის 8 დეკემბერს. სახალხო დამცველის 6 წლის ვადით ასარჩევად 90 ხმაა საჭირო.

რადიო თავისუფლება

0 Comments


Recommended Comments

There are no comments to display.

×
×
  • შექმენი...