ფოტიგა: საქართველოში პოლიტიკურად მოტივირებული დევნა და მედიის თავისუფლების გაუარესება მიუღებელია
ევროპარლამენტარი ანა ფოტიგა "მთავარი არხის" გენერალური დირექტორის პატიმრობაში დატოვებაზე სასამართლოს განაჩენს ტვიტერზე გამოეხმაურა. იგი აცხადებს, რომ მიუღებელია საქართველოში პოლიტიკურად მოტივირებული დევნა.
"ვუერთდები ნიკა გვარამიას ირგვლივ შექმნილი მდგომარეობის გამო შეშფოთებას. საქართველოში პოლიტიკურად მოტივირებული დევნა და მედიის თავისუფლების შემდგომი გაუარესება მიუღებელია", - დაწერა ევროპარლამენტარმა ტვიტერის გვერდზე.
სააპელაციო სასამართლოს კოლეგიამ დღეს, 2 ნოემბერს გამოაცხადა ნიკა გვარამიას განაჩენი. მათი გადაწყვეტილებით, "მთავარი არხის" გენერალურ დირექტორს სასჯელის ზომად, საბოლოოდ განისაზღვრა 3 წელი და 6 თვე, თუმცა მოსამართლეთა კოლეგიამ მას ბრალი დაუმძიმა.
გვარამიას მიმართ ბრალდების ორივე ეპიზოდში გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში სასჯელის ზომად პატიმრობა განესაზღვრა.
ნიკა გვარამია დამნაშავედ ტელეკომპანია "რუსთავი 2-ის" ხელმძღვანელობის პერიოდში უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებაში ცნეს. ეს გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ მაშინ გამოაცხადა, როცა საქართველოს უკვე ჰქონდა გაკეთებული განაცხადი ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მისაღებად. გვარამიას საქმე მოხვდა ევროპარლამენტის რეზოლუციაშიც, რომელიც 9 ივნისს მიიღეს.
24 ოქტომბერს სააპელაციო სასამართლოში გამართულ ბოლო სხდომაზე, ნიკა გვარამიამ საბოლოო სიტყვით ისარგებლა და გამოთქვა იმედი, რომ ის საპატიმროს დატოვებდა.
რადიო თავისუფლება
0 Comments
Recommended Comments
There are no comments to display.