Jump to content
Planeta.Ge

თბილისის მერის თქმით, წერეთლის გამზირის რეაბილიტაცია ახალი წლიდან დაიწყება


თბილისის მერი, კახა კალაძე კომპანიებს მოუწოდებს მიიღონ მონაწილეობა უწყების მიერ გამოცხადებულ ბაზრის კვლევის პროცესში, რომელიც წერეთლის გამზირის რეაბილიტაციას ეხება. მერმა თბილისის მთავრობის სხდომაზე თქვა, რომ რეაბილიტაცია მომავალი წლის დასაწყისში დაიწყება.

„ცხადია, ჩვენ არ გვაქვს იმის საშუალება, რომ ასეთი მსხვილი პროექტები ერთდროულად დავიწყოთ. ყველა ასეთი მნიშვნელოვანი ქუჩის თუ გამზირის ერთდროულად ჩაკეტვა გარკვეულ პრობლემებს გამოიწვევს. შესაბამისად, გვიწევს ამ პროექტების ეტაპობრივად განხორციელება, თუმცა, ყველა მეთანხმებით ალბათ იმაში, რომ ამ გამზირების განახლება სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. ასე რომ, ცხადდება ბაზრის კვლევა, ჩატარდება კონკრეტულად ტენდერი, გვეყოლება გამარჯვებული კომპანია და ვფიქრობთ, რომ ახალი წლის მერე, როდესაც დღესასწაული ჩაივლის, სამუშაოების განხორციელება დავიწყოთ“, - განაცხადა კახა კალაძემ.

მისივე თქმით, რეაბილიტაციის პროცესში შეიცვლება ყველა ტიპის მიწისქვეშა და მიწისზედა საკომუნიკაციო ქსელი. გარდა ამისა, ელექტროგადამცემი ხაზები მიწის ქვეშ განთავსდება, დამონტაჟდება ნარჩენების მიწისქვეშა ურნები, ჩატარდება გამწვანების სამუშაოები, დამონტაჟდება განათების ბოძები, მოწესრიგდება ტროტუარები და მოეწყობა საავტობუსო ზოლები.

0 Comments


Recommended Comments

There are no comments to display.

×
×
  • შექმენი...