ვიდრე ხელისუფლება დუშეთში მთაბარობას ზეიმობს, ხევსურეთის სოფლებიდან შველას იხვეწებიან
ვიდრე დუშეთში ახალმოგონილ მთაბარობას ზეიმობენ და ადგილობრივი ბიუჯეტიდან ათასობით ლარს ხარჯავენ ქეიფისა და დროსტარებისთვის, არხოტის ხეობას, საქართველო-რუსეთის საზღვრისპირა ზოლს, იქ შემორჩენილი თუ ახალდაბრუნებული ადამიანები ტოვებენ. დიდი ხნის განმავლობაში პირველად, წელს ამღა აღარ გათიბულა - სანდუაც მიდის!
„ახიელიდან ომარი და გიორგი ნაროზაულები წავიდნენ. ეს ძალიან მძიმეა არხოტისთვის! სამი ადამიანიღა ვრჩებით - მე ჭიმღას და შიო და გურამი ახიელს! ასიათას ჰექტარ მიწაზე და იცით, ეს სად ხდება? საქართველოს საზღვრის ბოლოს! არხოტის მერე ქათული მიწა აღარ არის! თუ არხოტი დაიცლება - საქართველოს საზღვარი ბარისახოდან დაიწყებს ათვლას! 11 ოჯახს მოუსწრო „ქართულმა ოცნებამ“ და ალბათ, არხოტის მთლიანად დაცლაც მაგათი მიღწევა იქნება. აქ, არხოტში რომ ახალგაზრდა ოჯახი იანვრის თოვლში, როცა გზა არსაით არის, გარისკავს, დარჩება და თოთო ბავშვის საფენებს გაფენს, იმ ოჯახს ხომ უნდა ხელისუფლების ყურადღება? მტერი თუ ნათიბ-ნახნავმა და ბავშვის აკვანმა არ შეაშინა, უთოფო რეინჯერის საარსებო მინიმუმის ხელფასი მიაბრუნებს? თქვენ, ალბათ, გახსოვთ ყველა არხოტიონისა თუ საქართველოს გულშემატკივრის ნაადრევი სიხარული - ამღა უნდა აეშენებინათ, რამდენ ოჯახს დააბრუნებდა ეგ პროექტი? აქ ვინ და როგორ დაბრუნდება თუ სახლ-კარი არ ექნება? თუ პოტენციური მესაზღვრის ხელფასი და სტატუსი არ ექნება? თუ როგორმე სახელმწიფოს დახმარებით ვერ მიიტანს სარჩო-საბადებელს? მაგრამ ტყუილი ისევ!“, - ამბობს გიგლა უჩიაური, მარტოკაცი ჭიმღიდან.
„ქართული ოცნების“ მიერ „საუკუნის პროექტად“ წოდებული არხოტის ახალგაჭრილი სამანქანო გზა, რაზედაც 10 მილიონამდე დაიხარჯა, ოქტომბერში პირველივე თოვლის მოსვლისთანავე იკეტება და ივნის-ივლისამდე აღარ ხსნიან. 8-9 თვის განმავლობაში არხოტის ხეობა ისევ მოწყვეტილია დანარჩენ საქართველოს. ახლაც, რამდენიმე დღის წინ, არხოტის უღელტეხილზე რომ მოთოვა, გზის დაახლოებით 100-150 მეტრიანი მონაკვეთი ნამქერმა ჩაკეტა. ერთ გამართულ ტრაქტორს იხვეწებიან უღელტეხილს იქით დარჩენილები, რომ ზამთრისთვის ფქვილის გადატანა შეძლონ.
„ერთი საათის საქმეა, ბევრის კი არა. მაგრამ, აბა, სამი ადამიანის გულისთვის ვინღა გაგვიწმენდს გზას?! უღელტეხილთან სულ პატარა, 30-40 სანტიმეტრამდე მოსულმა თოვლმა ჩაკეტა - თუ ტრაქტორი არ გაივლის, ციცაბოა ის ადგილი და მანქანა ვერ ეჭიდება. ცოდო ვართ ჯერ რომ გამოგვკეტონ ივლისამდე! ჯერ არ არის თოვლის დრო! თვის ბოლომდე მაინც, ვიდრე სარჩოს მოვიტანთ როგორმე“, - გვწერს გიგლა ოჩიაური.
ფშავ-ხევსურეთში არხოტის ხეობა გამონაკლისი არ არის. მეწყრისგან და ადიდებული ანდაქისწყლისგან რამდენიმე წლის წინ წაღებული ვიწრო, ძნელად გასავლელი სამანქანო გზის გაწმენდას დაჰპირდნენ ანდაქ-არჭილოში შემორჩენილ ხევსურებსაც. თანაც, ადგილობრივებმა სოფლის პროგრამით, ბოლო 3 წლის თანხა არ დახარჯეს, რომ როგორმე გზა აღედგინათ. დუშეთის მერიამ ტრაქტორიც კი არ გამოყო. უგზოობის გამო, არჭილოელმა მარტოკაცმა ამირან ზვიადაურმა, ნასოფლარში ახალაშენებული ხევსურული სახლის გადასახურად, არდოტის ბოლოდან ხის მასალა ცხენებით და ზურგით აზიდა. არდოტიდან არჭილომდე 7 კილომეტრია. არჭილო 10 წლის განმავლობაში ნასოფლარი იყო. ბოლო მუდმივი მცხოვრები, 32 წლის ბადრი ზვიადაური მდინარემ უგზოობის გამო იმსხვერპლა. ბადრის შატილიდან ცხენით პროდუქტი მოჰქონდა. ახლობლებმა მდინარეში გადავარდნილი ახალგაზრდა კაცის პერანგი და თავის ქალის ნაწილიღა იპოვეს.
უგზოობას მხოლოდ უღელტეხილებს იქით არ ჩივიან. ზაფხულიდან გზა არც ლიქოკის ხეობაში აქვთ, პირაქეთა ხევსურეთში. ჭალისოფელში ერთი, ლიქოკელების ბავშვებიანი ოჯახიღა აცოცხლებს მთელ ხეობას. გიგა და გია სკოლის მოსწავლეები არიან. პირაქეთა ხევსურეთში ერთადერთი სკოლა ბარისახოშია. ჭალისოფლიდან სკოლამდე მანძილი 9 კილომეტრია. გაუწმენდავი გზის გამო ბავშვები სკოლაში ფეხით დადიან, 18 კილომეტრს, ნადირით სავსე ტყეში. „ზაფხულში ჩამოსული მეწყერი ისევ ისეა. ცდილობენ ხელით გახსნან, მაგრამ მთელი ზაფხულია გზას თხრიან მამა და ბიჭები“, - გვეუბნება თათია.
რა ეზეიმება ადგილობრივ ხელისუფლებას?
დუშეთის მერმა მაცაცო ნარიმანიძემ და მისმა მოადგილემ ჯონი ბერუაშვილმა „მთის ამბების“ სატელეფონო ზარებსა და შეტყობინებებს არ უპასუხეს. არ გვცალიაო - არ სცალიათ! - ვიდრე ხევსურეთის სტრატეგიული მნიშვნელობის სოფლებში სამანქანო გზის გაწმენდას იხვეწებიან, მერი თავისი მოადგილეებით „მთაბარობის“ ცეცხლოვან შოუს ესწრება და ფოიერვერკით ერთობა.
„მთის ამბები“
0 Comments
Recommended Comments
There are no comments to display.