სვანეთის უკანასკნელი ბერჩლიანი
ძველ მაჩუბთან, უშბას რომ უყურებს და სულ ცოტა ორას წელს ითვლის, ყოველდღე მიდის. დანგრევის პირას მყოფ სახლს შემოუვლის, აჭედილ კარში შეიჭყიტება, იტირებს და უკან ბრუნდება, ნათესავთან, სადაც დროებით ცხოვრობს. 83 წლისაა. უკანასკნელი ბერჩლიანია. მასთან ერთად გვარიც კვდება.
„მამას გვარის გამგრძელებელი რომ არ ჰყავდა, ქალი ორჯერ მოვუყვანეთ, მაგრამ ბედმა არ არგუნა. მამა კარგი მყავდა, მართლა კარგი, ძალიან მიყვარდა. მიწა ბევრი გვქონდა. ყველას ჩუქნიდა. მე ვეუბნებოდი, ყველას კარგი სახლი აქვს, მამა, მოდი ავაშენოთ მეთქი. გვქონდა ამის საშუალება. ყველას ვეხმარებოდით. ჩაიქნევდა ხოლმე ხელს, მე სიტყვას არ მეტყოდა. ერთ დღეს მითხრა, რას დაიჩემე, ამასაც ცეცხლი წაკიდებიაო. გულდაწყვეტილი იყო, ბიჭი რომ არა ჰყავდა“, - ლოლა ბერჩლიანს ძველი ალბომი სულ თან დააქვს: „განახო მამის სურათი?“, - პატარა ფოტოს იღებს, უღიმის და ტირილს იწყებს:
„მამაჩემი, სამსონ ბექმურზას ძე ბერჩლიანი. იმჟამად ყაბარდოელებთან მისვლა-მოსვლა ჰქონდათ, იქიდან იყო ეს სახელები შემოსული. მამას უფროსი ძმა ყაბარდოელებმა მოკლეს. უშიშარი, ვაჟკაცი ყოფილა. ყაბარდოელები უღელტეხილს აქეთ გადმოდიოდნენ, საქონელი გადმოჰყავდათ, მიწას ეპატრონებოდნენ. ერთ საღამოს, აქედან წასული ექვსი ვაჟკაცი მოუკლავთ მთაში, მამას უფროსი ძმაც. მამაჩემმა შური იძია თავისი ძმის გამო. ყაბარდოელებმა დაგვწყევლეს, ჩვენი ფუძე დაწყევლეს. ყველამ იცის, რომ დაწყევლილები ვართ. კაცის მოკვლის გამო მამა აქ დაიჭირეს, 9 წელი მიუსაჯეს. მერე ამნისტია შეეხო და ამან გადაარჩინა. უფრო წინა თაობა ავადმყოფობით გარდაცვლილა, მუცლის ტიფი ყოფილა გავრცელებული. მამაჩემის ერთი ძმა 6 წლის ყოფილა, წყალში რომ დამხრჩვალა. ასე გავწყდით. დედა ეცერიდან მყავდა - გურჩიანი. ბიძაშვილები, ნათესავი ბევრი მყავს, გვიჩიანები ლატალში, მამიდას მხრიდან არღვლიანები, მაგრამ ჩემი გვარის აღარავინ დარჩა. ძირი და ფესვი აღარავინ მყავს. უკანასკნელი მოჰიკანივით ვარ დარჩენილი. მოვკვდები და კვდება გვარიც. ადრე მამა მიყვებოდა, ოღონდ თვითონაც არ იცოდა ზუსტად, რაჭიდან ვართო ჩამოსული, ბერაძეები იყვნენ ჩვენი მოდგმაო, რაც გადმომცესო მე. მეც ეს მახსოვს, მეტი არაფერი. ჩართოლანებს ვეძმობით.
ესეც ჩემი ახალგაზრდობის სურათია. 6 წელი დანიშნული ვიყავი, არ მივყვებოდი. მერე გამიტაცეს. ქორწინებისას ხელი რომ მოვაწერეთ, მკითხეს, მეუღლის გვარზე არ გადადიხარო. არა, ჩემს გვარს ვერ შევიცვლი მეთქი. იქიდანვე ტვირთად მქონდა, რომ გვარი არ მომკვდარიყო. მაშინ სოსოს, ჩემს ქმარს ჰკითხეს. სოსომ უპასუხა, მე მაგას ვერ დავუშლი, თავის გვარზე იყოსო და გაუხარდათ. გაიხარე, იშვიათად გვესმის ასეთი სიტყვა მამაკაცისაგან, რომ ცოლი საკუთარ გვარზე არ გადაჰყავსო. სამი შვილი მყავს, ორი გოგო და ერთი ბიჭი. ქალები გათხოვილები არიან, ბიჭი დასაოჯახებელია. ჩემს დასაც ერთი ჰყავს მარტო. ჩემი ბიჭი რას იზამს, არ ვიცი, მაგრამ... ჩემი ბიჭი ქალდანია, ბერჩლიანი არაა“.
უკანასკნელი ბერჩლიანი ორსართულიანი მაჩუბის გადარჩენაზე ოცნებობს. წლების წინ, საცხოვრებლად ქვემო ქართლში, თეთრიწყაროს რაიონში გადასულან, მაგრამ გაზაფხულიდან დაზამთრებამდე მაინც ბეჩოშია, თავს ნათესავს აფარებს. ავადმყოფობის გამო ვერაფერს აკეთებს, ყოველდღე მაჩუბთან და ახლომდებარე მშობლების საფლავთან მიდის, იტირებს და უკან ბრუნდება. მაჩუბში, შველას რომ ითხოვს, მეზობლებს პირველ სართულზე ცხენები შეუყრიათ. უთხოვია, ნუ დაანგრევთ, ცოტა ხანს კიდევ გაძლოსო, მაგრამ არ გაუგონეს.
„ეს სახლი რომ გადაარჩინონ, კიდევ გავძლებ ერთი-ორი წელი, ასე მგონია. თუ ამას გავიგებ, რომ აღადგენენ, იცით, რამდენს ნიშნავს ჩემთვის? ეს ენით გამოუთქმელი იქნება შვილო. სახლი თუ იცოცხლებს... ის მაინც თუ იცოცხლებს... მამის პატარა სურათით ქვას დავდებ, ცოტა ხანს კიდევ იცოცხლებს გვარიც.
ამას რომ ვუყურებ, ამ ნანგრევს, აღარ შემიძლია, მეც მანგრევს და მკლავს. მოცეკვავე ვიყავი, ახლა ფეხები აღარ მივარგა, მაგრამ მაინც ვიცეკვებ. რა ვქნა, სიხარული როგორ გამოვხატო შვილო...
დავიჯერო? დავიჯერო? უნდა ვიცოცხლო იმის გულისთვის, რომ ვნახო. თუ მოვესწარი... არა, ეს კი მინდა, მაგრამ ვერავის ვთხოვ. მაპატიეთ შვილო“.
„მთის ამბებმა“ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მიმართა, სადაც დაგვიდასტურეს, რომ სამოქალაქო რეესტრში მხოლოდ ერთი ბერჩლიანია რეგისტრირებული.
ლოლა ბებოს მხარდასაჭერად, ბერჩლიანების ისტორიული მაჩუბის გადარჩენაში რომ დავეხმაროთ, შემოწირულება შეგიძლიათ გააკეთოთ საბანკო გადარიცხვით:
- ანგარიშის ნომერი: GE51LB0115195065049003
- ბანკის კოდი: LBRTGE22
- მიმღები: ააიპ სამოქალაქო აქტივობების ცენტრი
-
დანიშნულება: #უკანასკნელიბერჩლიანისთვის
მთის ამბები
0 Comments
Recommended Comments
There are no comments to display.