Jump to content
Planeta.Ge

სერგეი ლავროვი - ჩვენ აქტიურად დაგეხმარებით "სამხრეთ ოსეთს" ეკონომიკური განვითარების პროგრამის განხორციელებაში - რუსული სამხედრო ბაზები საიმედოდ უზრუნველყოფს რესპუბლიკის უსაფრთხოებას


რუსეთი ოკუპირებულ ე.წ. სამხრეთ ოსეთს სოციალურ-ეკონომიკური განვითარების პროგრამის განხორციელებაში აქტიურად დაეხმარება.

ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა ე.წ. სამხრეთ ოსეთის საგარეო საქმეთა მინისტრთან ახსარ ჯიოევთან შეხვედრაზე განაცხადა.

„მოხარული ვართ, მოგესალმოთ მოსკოვში, როგორც სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრს. ჩვენი პოლიტიკური დიალოგი აგრძელებს ინტენსიურ განვითარებას“, - განაცხადა ლავროვმა დე ფაქტო მინისტრთან შეხვედრის დასაწყისში.

სერგეი ლავროვმა ასევე გაიხსენა, 15 ივნისს ე.წ. პრეზიდენტ ალან გაგლოევთან შეხვედრა და ისაუბრა რუსეთსა და ე.წ. რესპუბლიკას შორის „დამყარებულ კონტაქტებზე“.

„ჩვენ დავამყარეთ რეგულარული კონტაქტები საგარეო საქმეთა სამინისტროების, პრეზიდენტის ადმინისტრაციების, ასევე საპარლამენტო დონეზე და ამჟამად მზადება მიმდინარეობს რესპუბლიკის პარლამენტის თავმჯდომარის ალან ალბოროვის მოსკოვში ვიზიტისთვის, რუსეთის ფედერაციის სახელმწიფო სათათბიროს თავმჯდომარის ვიაჩესლავ ვოლოდინის მოწვევით“, - განაცხადა ლავროვმა.

ამასთან, ლავროვის თქმით, საინვესტიციო პროექტები წარმატებით ხორციელდება.

„ცოტა ხნის წინ მიღებულ იქნა სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის სოციალურ-ეკონომიკური განვითარების პროგრამა. ჩვენ აქტიურად დაგეხმარებით მის განხორციელებაში", - განაცხადა ლავროვმა კოლეგასთან შეხვედრაზე.

გარდა ამისა, სერგეი ლავროვმა ისაუბრა უსაფრთხოების ჭრილშიც, მისი თქმით, რუსეთი აფასებს „საგარეო პოლიტიკის სფეროებში“ მჭიდრო კოორდინაციას.

„ჩვენ ვაფასებთ თქვენს დაბალანსებულ და ობიექტურ პოზიციას იმასთან დაკავშირებით, რაც ხდება სპეციალური სამხედრო ოპერაციის ფარგლებში, ორი რესპუბლიკისა და ორი რეგიონის დამოუკიდებლობის გამოცხადების საკითხში. ჩვენ ვთანამშრომლობთ უსაფრთხოების სფეროში. რუსული სამხედრო ბაზები საიმედოდ უზრუნველყოფს სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის უსაფრთხოებას. რუსეთის უშიშროების ფედერალური სამსახურის სასაზღვრო დეპარტამენტის თანამშრომლები საზღვრებზე მუშაობენ“, - განაცხადა ლავროვმა.

0 Comments


Recommended Comments

There are no comments to display.

×
×
  • შექმენი...