სააპელაციო სასამართლო ნიკა გვარამიას საქმეზე განაჩენს ხვალ გამოაცხადებს
„მთავარი არხის" დამფუძნებლის ნიკა გვარამიას, კახაბერ დამენიასა და ზურაბ იაშვილის ბრალდების სისხლის სამართლის საქმეზე მოსამართლეთა კოლეგია გადაწყვეტილებას ხვალ, 2 ნოემბერს გამოაცხადებს.
როგორც „ინტერპრესნიუსს“ ნიკა გვარამიას ადვოკატმა ბექა ბასილაიამ განუცხადა, განაჩენის გამოცხადება 11:00 საათზეა ჩანიშნული.
შეგახსენებთ, რომ აღნიშნულ საქმეზე მოსამართლეთა კოლეგია სათათბიროდ 24 ოქტომბერს გავიდა.
ცნობისთვის, თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება გასაჩივრებული აქვს როგორც ბრალდების, ასევე დაცვის მხარეს. ადვოკატები გამამართლებელ განაჩენს ითხოვენ, პროკურატურა კი, ყველა ეპიზოდში როგორც ნიკა გვარამიას, ასევე ზურაბ იაშვილის დამნაშავედ ცნობას ითხოვს.
პირველი ინსტანციის სასამართლომ ნიკა გვარამია და კახაბერ დამენია დამნაშავედ ცნო, ზურაბ იაშვილი კი გაამართლა.
ნიკა გვარამია სასამართლომ ნაწილობრივ დამნაშავედ ცნო, მის მიმართ წარდგენილი მუხლების ნაწილი 220-ე მუხლით გადაუკვალიფიცირა და მას სასჯელის სახით 3 წელი და 6 თვე განესაზღვრა. ნიკა გვარამია ცნობილი იქნა, სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ორ ეპიზოდში, რომელიც "პორშესა" და 6 მილიონ 700 000 ლარის გაფლანგვის ეპიზოდს ეხებოდა.
კახა დამენიას, სისხლის სამართლის კოდექსის 182-ე მუხლი, რაც წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, დიდი ოდენობით „რუსთავი 2“-ის კუთვნილი ქონებრივი უფლების გაფლანგვას გულისხმობს, 220-ე მუხლი, რაც სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებას გულისხმობს, გადაკვალიფიცირდა და მას ჯარიმა 50 000 ლარი დაეკისრა.
ზურაბ იაშვილი სისხლის სამართლის კოდექსის 221-ე და 362-ე მუხლებით უდანაშაულოდ იქნა ცნობილი, რაც კომერციულ მოსყიდვასა და ყალბი ოფიციალური დოკუმენტის დამზადებას გულისხმობდა.
გენერალურმა პროკურატურამ 2020 წლის 6 სექტემბერს, „რუსთავი 2“-ის საქმეზე ბრალი ნიკა გვარამიას, ასევე „რუსთავი 2“-ის ყოფილ ფინანსურ დირექტორს კახა დამენიასა და „ინტერ მედია პლიუსის“ დირექტორს ზურაბ იაშვილს წაუყენა. ნიკა გვარამიას ბრალად ედებოდა წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, დიდი ოდენობით „რუსთავი 2“-ის კუთვნილი ქონებრივი უფლების გაფლანგვა, კომერციული მოსყიდვა და ყალბი ოფიციალური დოკუმენტის დამზადება, უკანონო შემოსავლის ლეგალიზაცია. ნიკა გვარამიას ასევე ბრალი ედებოდა სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებაში. გვარამიას აღკვეთის ღონისძიების სახით 40 000-ლარიანი გირაო ჰქონდა შეფარდებული. ამასთან, მას ქვეყნიდან გასვლის უფლება ჰქონდა შეზღუდული.
კახა დამენიას გამოძიება სამაუწყებლო კომპანია „რუსთავი 2“-ის კუთვნილი ქონებრივი უფლების დიდი ოდენობით მართლსაწინააღმდეგო გაფლანგვაში ედებოდა, რაც ჩადენილი იქნა წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით. დამენიას აღკვეთის ღონისძიების სახით 50 000-ლარიანი გირაო ჰქონდა შეფარდებული. მას ასევე, აკრძალული ჰქონდა სახელმწიფო საზღვრის დატოვება საგამოძიებო ორგანოს ინფორმირებისა და თანხმობის გარეშე.
რაც შეეხება ზურაბ იაშვილს, მას ბრალი ედებოდა კომერციულ მოსყიდვასა და ყალბი ოფიციალური დოკუმენტის დამზადებაში. იაშვილს აღკვეთის ღონისძიების სახით 50 000-ლარიანი გირაო ჰქონდა შეფარდებული.
0 Comments
Recommended Comments
There are no comments to display.