Jump to content
Planeta.Ge

კელი დეგნანი - აშშ ამაყობს შესაძლებლობით, რომ ეხმარება ქართველ მოსამართლეებს, გააუმჯობესონ პროგრამების ეფექტურობა, რათა გადაწყვეტილებები დაფუძნებული იყოს მტკიცებულებებზე


აშშ ამაყობს შესაძლებლობით, რომ ეხმარება ქართველ მოსამართლეებს თავიანთ ძალისხმევაში, გააუმჯობესონ პროგრამების ეფექტურობა და ფუნქციონირება, რათა გადაწყვეტილებების მიღება დაფუძნებული იყოს მტკიცებულებებზე, – ამის შესახებ საქართველოში აშშ-ის ელჩმა კელი დეგნანმა აღნიშნა, რომელსაც ჟურნალისტებმა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრის, ლევან მურუსიძის განცხადების თაობაზე დაუსვეს კითხვა.

კელი დეგნანის თქმით, ბევრ ქართველ მოსამართლესთან ჰქონდა შეხვედრა, რომლებიც ამბობენ, რომ დაინტერესებული არიან აშშ-ში მეტი ვიზიტით, მეტი ტრენინგით, მოსაზრებების მეტად გაცვლით, რადგან ძალიან სასარგებლოა, როდესაც მოსამართლეები ერთმანეთს უზიარებენ საუკეთესო პრაქტიკას.

ელჩის შეფასებით, ტრენინგებმა დიდი წვლილი შეიტანა ქართული მართლმსაჯულების სისტემის მოდერნიზების ძალისხმევაში.

„მქონდა პატივი, შევხვედროდი ბევრ ქართველ მოსამართლეს სასამართლოს ყველა დონეზე ჩემი აქ ყოფნის განმავლობაში. მათ შორის არიან რეგიონის მოსამართლეები. მოვისმინე ყველა მათგანისგან აზრთა ურთიერთგაცვლის შესახებ აშშ-ში ვიზიტის დროს. არის ტრენინგები, ჩვენ ვკრებთ ამერიკელ მოსამართლეებს საუკეთესო პრაქტიკის გაზიარებისთვის. ასევე, მოვისმინე მათგან, რომ დაინტერესებული არიან მეტი ვიზიტით, მეტი ტრენინგით, მოსაზრებების მეტად გაცვლით, რადგან ძალიან სასარგებლოა, როდესაც მოსამართლეები იკრიბებიან და ერთმანეთს უზიარებენ, რა მუშაობს კარგად პროგრამაში, როგორ უმკლავდებიან განსხვავებულ გამოწვევებს. ეს ტრენინგები და ურთიერთგაცვლა ძალიან კარგად მიიღეს და დიდი წვლილი შეიტანა ქართული მართლმსაჯულების სისტემის მოდერნიზების ძალისხმევაში. ეს არის ის, რასაც აშშ წლების განმავლობაში აკეთებს. საქართველომ განიცადა მნიშვნელოვანი პროგრესი სასამართლოს ეფექტურობის და ფუნქციონირების კუთხით. ახლა საჭიროა ამ სამუშაოს გაგრძელება, ევროკავშირის მიერ დასახული 12 პრიორიტეტის შესრულება. ეს არის იგივე საქმე, რაც დიდი ხანია, საქართველოს დღის წესრიგშია. აშშ ძალიან ამაყობს შესაძლებლობით, რომ ეხმარება ქართველ მოსამართლეებს თავიანთ ძალისხმევაში, გააუმჯობესონ პროგრამების ეფექტურობა და ფუნქციონირება, რომ გადაწყვეტილებების მიღება დაფუძნებული იყოს მტკიცებულებებზე“, – აღნიშნა კელი დეგნანმა.

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრმა ლევან მურუსიძემ რამდენიმე დღის წინ, საქართველოს პირველი არხის გადაცემა „დღის თემაში“ განაცხადა: „ხუთი დღით წავლენ მოსამართლეები და დაათვალიერებენ შენობებს, კარგია, რომ დაისვენებენ, ნახავენ, რა დიდებულია აშშ, მაგრამ ხომ შეიძლება, ეს უფრო ეფექტურად გამოვიყენოთ“.

 

0 Comments


Recommended Comments

There are no comments to display.

×
×
  • შექმენი...