შსს: ამოვიღეთ 2კგ-ზე მეტი "კოკაინი", ასევე "კეტამინი", "სუბუტექსი", "ჰეროინი"
შინაგან საქმეთა სამინისტროს კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ინფორმაციით, საქართველოში ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებით, ნარკოდანაშაულის ბრალდებით 24 ადამიანი დააკავეს. ჯამში ამოღებულია 2კგ-ზე მეტი "კოკაინი", 490 აბი "სუბუტექსი", ნახევარ კილოგრამზე მეტი ფსიქოტროპული საშუალება "კეტამინი" და სხვა ნარკოტიკული ნივთიერებები, "ჰეროინი" და "ალფა პვპ".
"სამართალდამცველებმა ნარკოტიკების უკანონო გასაღების ბრალდებით დაკავებული პირებისგან, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, რამდენჯერმე განახორციელეს ნარკოტიკების საკონტროლო შესყიდვა და აღნიშნული შესყიდვების ფარული აუდიო-ვიდეო ჩაწერა. პოლიციამ ნივთმტკიცების სახით ამოიღო ნარკორეალიზაციისთვის ბრალდებულების მიერ უკანონოდ გაყიდული ნარკოტიკული საშუალებები. ასევე ამოღებულია ნარკოტიკების უკანონო გასაღების შედეგად მიღებული თანხა", - უთხრა მედიას ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის დირექტორმა თეიმურაზ კუპატაძემ.
თბილისსა და ბათუმში დაკავებულია სამი ადამიანი:
- 1977 წელს დაბადებული უკრაინის რესპუბლიკის მოქალაქე ო.ა. დაკავებულია განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვისათვის;
- 1986 წელს დაბადებული რუსეთის ფედერაციის ორი მოქალაქე - ი.ლ. და ი.პ. - კი სამართალდამცველებმა დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით დააკავეს.
- შსს-ს ინფორმაციით, პოლიციამ დაკავებულების ავტომანქანის და საცხოვრებელი ბინის ჩხრეკისას, ნივთმტკიცებად ამოიღო ნახევარ კილოზე მეტი ნარკოტიკული საშუალება "კოკაინი".
გარდა ამისა:
- თბილისსა და რეგიონებში ნარკოტიკების ინტერნეტით უკანონო გასაღების ბრალდებით ყაზახეთის რესპუბლიკის 3 მოქალაქე დააკავეს. შსს-ს ინფორმაციით, მათი პირადი და საცხოვრებელი ბინების ჩხრეკისას ამოღებულ იქნა 2 კილოგრამამდე ნარკოტიკული საშუალება "კოკაინი" და ნახევარ კილოგრამზე მეტი ფსიქოტროპული საშუალება "კეტამინი".
- ბათუმში დააკავეს პირი, რომლის მანქანაშიც "ბუპრენორფინის" შემცველი 490 აბი "სუბუტექსი" აღმოაჩინეს.
"მთელი ქვეყნის მასშტაბით ჩატარებული ოპერატიული და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, ბრალდებულების მიერ მითითებული ლოკაციებიდან, ასევე დაკავებულების პირადი, ავტომანქანის და საცხოვრებელი სახლების ჩხრეკისას, ნივთმტკიცების სახით ამოღებულ იქნა სარეალიზაციოდ გამზადებული დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკები და ფსიქოტროპული საშუალებები: "ჰეროინი", "კოკაინი", "ალფა პვპ", "კეტამინი" და "სუბუტექსი", - თქვა თეიმურაზ კუპატაძემ.
განსაკუთრებით დიდი და დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების უკანონო შეძენა-შენახვის და გასაღების მომზადების, გასაღების, გასაღების მცდელობის, ასევე ფსიქოტროპული ნივთიერების უკანონო შეძენა-შენახვის საქმეზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე, 19-260-ე, 273-ე, 18-260-ე და 261-ე მუხლებით მიმდინარეობს. დანაშაულები 20 წლამდე ვადით ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
0 Comments
Recommended Comments
There are no comments to display.