Jump to content
Planeta.Ge

IAEA ამოწმებს უკრაინის ორ ობიექტს, სადაც რუსეთის მტკიცებით, "ბინძურ ბომბებს" ამზადებენ


ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს(IAEA) ინსპექტორებმა უკრაინაში დაიწყეს ორი ობიექტის შემოწმება. სააგენტოს ექსპერტები კიევმა მიიწვია მას შემდეგ, რაც რუსეთმა უკრაინა დაადანაშაულა ე.წ. ბინძური ბომბების დამზადებასა და მათი გამოყენებით პროვოკაციის მზადებაში.

ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს გენერალური დირექტორის, რაფაელ მარიანო გროსის ინფორმაციით, ინსპექტორები ორი ობიექტის შემოწმებას მალე დაასრულებენ. გროსი შედეგების საფუძველზე მომზადებულ წინასწარ დასკვნას ამ კვირაში გამოაქვეყნებს.

საერთაშორისო სააგენტო არ აკონკრეტებს, რომელ ობიექტებზე მუშაობენ ინსპექტორები, თუმცა ხაზს უსვამს, რომ ორივე მის კონტროლქვეშაა და რეგულარულად მოწმდება. ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს ინფორმაციით, ერთ-ერთ ობიექტზე ინსპექტირება ჩატარდა ერთი თვის წინაც და არანაირი არადეკლარირებული საქმიანობა ან ბირთვული მასალები არ აღმოუჩენიათ.

 

23 ოქტომბერს, როცა რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ უკრაინა შესაძლოა, პროვოკაციას ამზადებდეს ე.წ. ბინძური ბომბის გამოყენებით, კრემლის მიერ კონტროლირებული მედიასაშუალებები ჩერნობილის დახურულ ატომურ ელექტროსადგურს და კიევსა და ხარკოვში მდებარე სამეცნიერო ცენტრებს ასახელებდნენ სავარაუდო ადგილებად, სადაც „ბინძურ ბომბებს“ ამზადებენ.

24 ოქტომბერს, რუსეთის შეიარაღებული ძალების რადიაციული, ქიმიური და ბიოლოგიური დაცვის ჯარების მეთაურმა, გენერალმა იგორ კირილოვმა განაცხადა, რომ "ბინძური ბომბის" შექმნა დავალებული აქვს ორ ორგანიზაციას და მუშაობა ბოლო სტადიაზეა. კონკრეტულად რომელ ორგანიზაციებს, რუს გენერალს არ უთქვამს, თუმცა, დაამატა, რომ უკრაინაში არსებობს ბირთვული მრეწველობის ობიექტები, რომლებსაც აქვთ რადიოაქტიური მასალები და ეს ობიექტებია სამხრეთ უკრაინის, ხმელნიცკის და როვნოს ატომური ელექტროსადგურები და ჩერნობილის დახურული სადგური, რომლის საცავებში ინახება რადიოაქტიური ნარჩენები.

 

მას შემდეგ, რაც 23 ოქტომბერს, რუსეთის თავდაცვის მინისტრმა თურქეთის, საფრანგეთის, დიდი ბრიტანეთის და აშშ-ის თავდაცვის მინისტრებს დაურეკა და უკრაინის მიერ "ბინძური ბომბის" შესაძლო გამოყენებაზე ელაპარაკა, აშშ-მა, დიდმა ბრიტანეთმა და საფრანგეთმა განაცხადეს, რომ უარყოფენ რუსეთის აშკარად ცრუ მტკიცებას, თითქოს, უკრაინა თავის ტერიტორიაზე აპირებს „ბინძური ბომბის“ გამოყენებას.

"ბინძურ ბომბს" უწოდებენ ასაფეთქებელ მოწყობილობას, რომელიც რადიოაქტიურ ნივთიერებებსაც შეიცავს. უკრაინა არ გამორიცხავს, რომ რუსეთი თავად აპირებს ამ ტიპის შეიარაღების გამოყენებას, რასაც შემდეგ კიევს დააბრალებს.

რადიო თავისუფლება 

0 Comments


Recommended Comments

There are no comments to display.

×
×
  • შექმენი...