Jump to content
Planeta.Ge

თურქეთის თავდაცვის მინისტრი აცხადებს, რომ ე.წ. მარცვლეულის შეთანხმება საომარ მოქმედებებს უნდა გამოეყოს


თურქეთის თავდაცვის მინისტრი ჰულუსი აკარი აცხადებს, რომ ე.წ. მარცვლეულის შეთანხმება საომარ მოქმედებებს უნდა გამოეყოს.

ამის შესახებ ჰულუსი აკარმა უკრაინის ინფრასტრუქტურის მინისტრ ოლექსანდრ კურბაკოვთან სატელეფონო საუბრისას განაცხადა.

როგორც თურქული მედია წერს, მოლაპარაკებების დროს თურქეთის თავდაცვის მინისტრმა ხაზი გაუსვა „მარცვლეულის შეთანხმების“ მნიშვნელობას. აკარის თქმით, ამ შეთანხმების საშუალებით უკრაინიდან 10 მილიონი ტონა სურსათის ექსპორტი მოხერხდა.

თურქი მინისტრის განცხადებით, შავი ზღვის სატრანსპორტო დერეფანი გაცილებით სწრაფი და კომფორტულია, ვიდრე სახმელეთო მარშრუტი და ამიტომ „მარცვლეულის შეთანხმება უნდა გამოეყოს კონფლიქტის პირობებს“.

29 ოქტომბერს რუსეთის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ დროებით აჩერებს „მარცვლეულის შეთანხმებაში“ მონაწილეობას. ამის მიზეზად კრემლმა რუსეთის შავი ზღვის ფლოტის გემებზე თავდასხმა დაასახელა. მიუხედავად ამისა, როგორც ცნობილია, უკრაინულ და თურქულ პორტებს შორის სურსათით დატვირთული გემები კვლავაც გადაადგილდებიან. თურქეთის მთავრობა, უკრაინის ხელისუფლება და გაერო აცხადებენ, რომ შეთანხმების შესრულებას განაგრძობენ.

 

0 Comments


Recommended Comments

There are no comments to display.

×
×
  • შექმენი...